15:10:02     08-01-2013
რა ხდება "აღსარებების" ბნელითმოცულ ოთახში?

"ობიექტივის" წინააღმდეგ მიმართული "შავი კამპანიის" უკან სწორედ გია (ნოდარ) ხუხაშვილი იდგა და დგას! გია( ნოდარ) ხუხაშვილი, რომელმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენს წინააღმდეგ არა ერთ საგაზეთო სტატიასა თუ ტელესიუჟეტს გაუწია ორგანიზება. ამის გამო, მე საქართველოს მთავარ პროკურატურასაც კი მივმართე, რომ გამოიძიოს "ობიექტივის" წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის საქმე და გამოავლინოს მისი რეალური ორგანიზატორები’’- ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ გაკეთდა. მიმართვის ავტორი ციხის სკანდალური კადრების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი იყო, რომელიც პრემიერ ივანიშვილთან ჩიოდა, რომ ხუხაშვილი მას და მის მედიაორგანიზაციას ებრძვის.
წერილში ჟურნალისტი სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს და მთავარ პროკურატურას მიმართავდა გამოძიათ ‘’ეს ისტორია’’ და გაერკვიათ ჰქონდა თუ არა მას ხუხაშვილისგან დაცვის გარანტია.
ირმა ინაშვილი: უპასუხოდ რჩება კითხვა, - თუ რატომ იბარებს ბიზნესმენებს საკუთარი ორგანიზაციის ოფისში და ბოლოს და ბოლოს, რა ხდება "აღსარებების" იმ ბნელითმოცულ ოთახში, რომელზეც ხუხაშვილი უკვე ღიად საუბრობს. მოტივი, ხომ, მარტივია?! ახლა გახმაურებულ თემას საჯაროობის ელფერი უნდა შეჰმატოს, თითქოს "აღსარებების" ოთახში უკანონო არაფერი ხდება. ჟურნალისტური წრეები კი, ფლობენ ინფორმაციას, რომ ამ ოთახებში არც თუ სასიამოვნო პროცესებს აქვს ადგილი...’’
მიმართვაში ინაშვილი იმაზეც საუბრობა, თუ როგორ ხლართავს ინტრიგებს ხუხაშვილი შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, კახი კალაძისა და სხვა მინისტრების წინააღმდეგ.
‘’პრესა.ჯი’’ ინაშვილის განცხადებების გადამოწმებას ბრალდების ადრესატ გია ხუხაშვილთან შეეცადა.
გია ხუხაშვილი: ‘’მასალის დაბეჭვდის შემდეგ მქონდა ირმასთან შეხვედრა. ეს იყო უბრალო გაუგებრობა. ის შეცდომაში შეიყვანეს იმ ადამიანებმა, როიმლებიც მებრძვიან. ვისაუბრეთ მის კითხვებზე და დღეს ვაცხადებ, რომ ეს ინცინდენტი ამოწურულია.
- ბატონო გია, ინაშვილის წერილი მძიმე ბრალდებებით იყო სავსე, ის თქვენ ინტრიგების ხლართვაში, მინისტრების წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარში გადანაშაულებდათ. მეტიც, ინაშვილი პროკურატურასაც კი მიმართავდა, თქვენგან დაეცვათ...
- სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ სხვა ადამიანები. სინამდვილეში მე არანაირი კავშირი არ მაქვს ამ ყველაფერთან, რაზეც ირმა წერდა და რაშიც ის დაარწმუნეს.
მე არც კი ვიცოდი, რომ ირმას თავს რაღაცა ხდებოდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ გავერკვიე სიტუაციაში. თქვენ შეგიძლიათ ქალბატონ ირმასაც დაუკავშირდეთ, ისიც იგივეს გეტყვით.
- ინაშვილი ერთადერთი არ არის ვინც თქვენ ინტრიგებში დაგდოთ ბრალი. იგივეს აცხადებენ დემურ გიორხელიძე და კახა ბექაურიც...
- ჩემ მიმართ სისტემური შეტევა იგრძნობა. საქართველოში ხომ იცი როგორც ხდება? თუ ერთი სკანდალის აგორება შეძლეს, მერე რაღაც ლეგენდა იქმნება, რომლის ჭეშმარიტების ზოგიერთს სჯერა ზოგს კი არა. მე მზად ვარ ნებისმიერ ჟურნალისტს, რომლებიც ჩემი პერსონით არიან დაინტერესებულნი საჯაროდ, კამერების წინ ვუპასუხო. რაც შეეხება ჩემი რუხი კარდინალობის თემას, მე არ ვარ კულისური მოთამაშე. ვარ საკმაოდ საჯარო ადამიანი, ჩემი საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალეა. თუ ვინმეს კითხვები აქვს მოვიდეს და მკითხოს. ‘’
მოკლედ ‘’შერიგება’’ შედგა, შესაბამისად, მით უფრო აქტუალური გახდა ინაშვილის მიერ დასმული კითხვა: ‘’რა ხდება "აღსარებების" იმ ბნელითმოცულ ოთახში, რომელზეც ხუხაშვილი უკვე ღიად საუბრობს.’’
0