12:02:39     08-01-2013
ამნისტიას შესაძლოა პრემიერის კარიერა შეეწიროს

ჩეხეთში გამოცხადებულმა საახალწლო ამნისტიამ პროტესტის სერიოზული ტალღა წარმოშვა, რადგან სულ რაღაც ერთი კვირის თავზე საზოგადოებამ კრიმინალთა მოძალება იგრძნო.
ამნისტია პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა გამოაცხადა, თუმცა უკვე აშკარაა, რომ ბევრი გათავისუფლებული პატიმარი ძალიან მალე ისევ შეაღებს ციხის კარს. მაგალითად, ორმა ახალგაზრდამ, რომლებიც წვრილმანი ქურდობისათვის იხდიდნენ სასჯელს, გათავისუფლებიდან სულ რაღაც 8 საათში ავტომანქანის გატაცება სცადა. ამის გამო ციხის სიახლოვეს მდებარე დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ჩეხეთის საზოგადოებასთან ერთად ამნისტიის მასშტაბებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ კლაუსის მიერ გამოცხადებული ამნისტია 1990-იან წლებში დააბრუნებს ქვეყანას, რადგან დაბრუნდებიან ის კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც თავის დროზე სერიოზულ დანაშაულებს სჩადიოდნენ.
ამნისტიას პრეზიდენტთან ერთად ხელი პრემიერ-მინისტრმა პიოტრ ნეჩასმაც მოაწერა. ამის გამო სოციალ-დემოკრატები აპირებენ კენჭისყრა ჩაატარონ და პრემიერის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადონ, რადგან მათი თქმით, ნეჩასმა უსიტყვოდ და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოაწერა ხელი პრეზიდენტის ინიციატივას.
საზოგადოებრივი პროტესტი კი ამნისტიის გამო მართლაც მასშტაბურია. მაგალითად, სკოლებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში პრეზიდენტ კლაუსის ფოტოები დემონსტრაციულად ჩამოხსნეს, რადგან თვლიან, რომ კლაუსი აღარაა ღირსი ერქვას წესიერი ადამიანების პრეზიდენტი. ამ აქციით ადამიანებმა სცადეს ეჩვენებინათ კლაუსისთვის, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით პირველ პირს კატეგორიულად არ ეთანხმებიან. მითუმეტეს, რომ კლაუსის პორტრეტის დაკიდებას არცერთ დაწესებულებაში არავინ არავის ავალდებულებდა და ამას კონკრეტული სამსახურების თანამშრომლები თავად – ნებაყოფლობით წყვეტდნენ, თანაც, ამით ტრადიციას სცემდნენ პატივს.
ამნისტია პრეზიდენტმა კლაუსმა ჩეხეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების 20 წლისთავთან დაკავშირებით გამოაცხადა.
0