10:37:34     08-01-2013
Today’s Zaman: საქართველო ვალშია სააკაშვილთან

საქართველო ვალშია სააკაშვილთან თავისი ევრო-ატლანტიკური ვექტორის გამო. მიუხედავად პრემიერ-მინისტრის მცდელობისა, სააკაშვილის მომხრე ჩინოვნიკების წმენდა მოაწყოს და ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს, სააკაშვილი განაგრძობს პოზიტიური პრო-დასავლური მესიჯების გაგზავნას - წერს გამოცემა Today’s Zaman სტატიაში სათაურით 'იცვლება თუ არა პოლიტიკის ღერძი საქართველოსა და სომხეთში'.
გაზეთი აღნიშნავს, რომ 'სააკაშვილმა, რომელმაც დემოკრატიული არჩევნების შემდეგ გადასცა ძალაუფლება ახალ მთავრობას, ქვეყნის ვესტერნიზაციისთვის ბევრი რეფორმა გაატარა, მაგრამ ამ რეფორმატორმა ლიდერმა მოსახლეობის უკმაყოფილება დაიმსახურა, რადგან ცხოვრების დონე ხელშესახებად არ გაუმჯობესებულა. ქვეყნის ახალმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი იმით მოიპოვა, რომ არჩევნებში მეზობლებთან გაწონასწორებული ურთიერთობისა და ხალხის კეთილდღეობის პირობა დადო. მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე მოვიდა, ივანიშვილი მისდევს ძველი მთავრობის წევრების, სააკაშვილთან დაახლოებული ათობით პოლიტიკოსისა და ჩინოვნიკის დაპატიმრების პოლიტიკას, ხოლო საზოგადოება სახელმწიფო აპარატის შემომტკიცების მისეულ ამ მცდელობას მიესალმება. მიუხედავად იმისა, რომ დასავლელმა ხელისუფლებებმა დაგმეს ასეთი ქმედება, როგორც არადემოკრატიული, ისინიც დიდად არ იმაღლებენ ხმას. უფრო მეტიც, ივანიშვილი მალევე შეუდგა საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ნორმალიზაციას და, როგორც ჩანს საშუალოვადიან პერსპექტივაში ის ამ მიზანს მიაღწევს' - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
სტატიაში საქართველოს ახალი მთავრობის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ პოზიციაზეც არის ყურადღება გამახვილებული და აღნიშნულია, რომ სოჭის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობის ინიციატივა, ინიციატივა ქვეყნისა, რომელმაც აღიარა ჩერქეზების გენოციდი, ასევე აფხაზეთის რკინიგზისადმი მისი დამოკიდებულება, მხოლოდ სომხეთს ახარებს, მაგრამ აშფოთებს რეგიონის სხვა ქვეყნებს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და აფხაზეთს, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ საქართველოს განზრახული აქვს რუსეთთან ახლო ურთიერთობის დამყარება რეგიონის სხვა ქვეყნებისა და ადმინისტრაციების განაწყენების ხარჯზე.
სტატიის ავტორი შენიშნავს, რომ 'საქართველო ვალშია სააკაშვილთან თავისი ევრო-ატლანტიკური ვექტორის გამო. მიუხედავად პრემიერ-მინისტრის მცდელობისა, სააკაშვილის მომხრე ჩინოვნიკების წმენდა მოაწყოს და ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს, სააკაშვილი განაგრძობს პოზიტიური პრო-დასავლური მესიჯების გაგზავნას. ამ კონტექსტში საპრეზიდენტო არჩევნები ამ ქვეყნისთვის ვიტალური მნიშვნელობისაა და კავკასიის რეგიონზე მთლიანად დიდ გავლენას იქონიებს. მოვლენათა ასეთმა განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ბიძგები, რომლებიც საინტერესო იქნაბა თურქეთისთვის და შეიძლება გააჩინოს ბზარები გეოპოლიტიკურ ბალანსში' - ნათქვამია სტატიაში.
0