14:17:31     05-01-2013
ირმა ინაშვილი ივანიშვილის კარის ინტრიგებზე ალაპარაკდა

მედია-კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი ღია წერილს ავრცელებს,
ციხის სკანდალის სულისჩამდგმელს პრეტენზია აქვს, რომ მისი ღვაწლი ‘’ქართული
ოცნებისგან’’ სათანადოდ არ დაფასდა. ჟურნალისტმა იცის, რომ ბიძინა ივანიშვილზე
საყვედურის თქმა სარგებელს ვერ მოუტანს, ამიტომ გადაუწყვიტავს ყველაფერი ექსპერტ
გია ხუხაშვილს დააბრალოს.
"ამ წერილის დაწერა სამთვიანმა, უსაფუძვლო თავდასხმებმა მაიძულა, რადგან დამღალა უსამართლო ცილისწამების მოგერიებამ. 2012 წლის სექტემბერში, ანუ ქართველ ხალხსა და სააკაშვილის რეჟიმს შორის გადამწყვეტი ბრძოლის დროს, მე და ჩემმა თანამებრძოლებმა - გიორგი ფოფხაძემ, ლადო ბედუკაძემ,
ბორის ფარულავამ,
დავით აკობიამ, მერაბ ბლადაძემ, გიორგი ლომიამ და, საერთოდ, "ობიექტივმა," გავასაჯაროეთ ე.წ. ციხის კადრები, ფარდა ავხადეთ უდიდეს დანაშაულს და დარწმუნებული ვიყავით, რომ ქვეყნისთვის მხოლოდ სიკეთე გავაკეთეთ. ამით ჩვენი წვლილი შევიტანეთ ქართველი ხალხის ბრძოლაში დამნაშავე რეჟიმის წინააღმდეგ. რეჟიმი დამარცხდა. ცხადია, ძველი ხელისუფლება ჩვენ მადლობას არ გვეტყოდა. არც ახალი ხელისუფლებისგან მოგვითხოვია ჩინ-მედლები, თანამდებობები ან პრივილეგირებული მდგომარეობა. თუმცა, თუნდაც ერთი კეთილი სიტყვის მოსმენა ნამდვილად გაგვახარებდა. იმას ხომ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ კეთილი სიტყვის ნაცვლად, სამთვიანი, "შავი ფიარის" საბურველში გაგვხვევდნენ’’ - წერს ინაშვილი.
ასევე იმედგაცრუებული ჟურნალისტი იტყობინება, რომ მისი თანამებრძოლის (ამჟამად ციხეში მყოფი ბორის ფარულავას) "კარტის გათამაშებას" ცდილობენ. თუმცა ვინ ახორციელებს ამ ქმედებას ინაშვილი არ აკონკრეტებს.
‘’თითქოსდა ფარულავაზე გული შესტკივათ და მის გასათავისუფლებლად იბრძვიან. ფარულავას მშობლებს ესაუბრებიან, რომ ციხიდან მათი შვილის გამოშვება უნდათ და ამ დროს, გულწრფელ და ინტრიგებში გაურკვეველ ადამიანებს ( ფარულავას მშობლებს) ჩვენს წინააღმდეგ განაწყობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ბორის ფარულავასთან ციხეშიც შედიან და რაღაცას ჰპირდებიან. სინამდვილეში კი, ჩვენ გვიპირისპირებენ. მოკლედ, სურთ, რომ უკვე ფარულავას (ჩვენს საწინააღმდეგოდ რაიმე ათქმევინონ) და კვლავ გაუგებარ სიბინძურეში დაგვადანაშაულონ. ხმამაღლა მინდა განვაცხადო და ამას პირველად ვამბობ: ბორის ფარულავას ბედით რეალურად, ჩვენს გარდა, არავინ დაინტერესებულა. ჩვენ ფარულავას თემაზე ვესაუბრეთ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, შსს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და საჯაროდაც არაერთ ბრიფინგზე განგვინცხადებია, რომ ბრალდების მხარემ უნდა გაითვალისწინოს ბორის ფარულავას წვლილი დამნაშავე რეჟიმის მხილებაში და უნდა მოიძებნოს პატიმრობიდან მისი გათავისუფლების გზები. ეს მცდელობა დღესაც არ შეგვიწყვეტია და იმედი მაქვს, რომ შედეგსაც მივაღწევთ. ორშაბათიდან ბორის ფარულავას საქმესთან დაკავშირებით, "ობიექტივი" ფართო საინფორმაციო კამპანიას დაიწყებს, რაშიც ჩვენი კოლეგებისა და საზოგადოების მხარდაჭერი იმედი გვაქვს. საინტერესო სხვა რამაა: ვინ დგას ამ ბინძური, "შავი ფიარის" უკან, ვინ გვებრძვის ჩვენ? და რა მიზანი აქვს მას? ის, რომ მედიის ერთი ნაწილის უკან კვლავ ძველი ხელისუფლება დგას და ის ჩვენ გვლანძღავს, არ გვიკვირს. ბუნებრივია, სააკაშვილის რეჟიმი შურისძიებას ცდილობს, მაგრამ მედიის მეორე ნაწილის უკან ვინ დგას? გულწრფელად გეტყვით, ძალზედ ვფრთხილობდი და ინფორმაციას მუდმივად (არა ერთ წყაროზე) ვამოწმებდი, ვიდრე გია ხუხაშვილს დავასახელებდი, მაგრამ დღეს ღიად ვამბობ: "ობიექტივის" წინააღმდეგ მიმართული "შავი კამპანიის" უკან სწორედ გია (ნოდარ) ხუხაშვილი იდგა და დგას! გია( ნოდარ) ხუხაშვილი, რომელმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენს წინააღმდეგ არა ერთ საგაზეთო სტატიასა თუ ტელესიუჟეტს გაუწია ორგანიზება. ამის გამო, მე საქართველოს მთავარ პროკურატურასაც კი მივმართე, რომ გამოიძიოს "ობიექტივის" წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის საქმე და გამოავლინოს მისი რეალური ორგანიზატორები’’- წერს ინაშვილი და საკუთარი კოლეგებისკენ, გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარ რედაქტორ გიორგი თევდორაშვილისა და ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელ მამუკა ღლონტისკენ იშვერს თითს.
ინაშვილი აღშფოთებულია, რომ "მაესტრომ" 2012 წლის 31 დეკემბერს, ციხის კადრებზე მომზადებულ სიუჟეტში ისე ისაუბრა, რომ თითქოს ინაშვილს და "ობიექტივს" ამ საქმესთან საერთოდ არ ჰქონიათ შეხება.
ირმა ინაშვილი: ‘’ციხეში მყოფი ფარულავა კადრების გადაღებისთვის დააჯილდოვეს და იმაშიც კი ვერ, თუ არ გაერკვნენ, რომ ფარულავას კადრები არ გადაუღია. ფარულავას ჩვენ ფარული კამერა გადავეცით, მან აპარატურა ციხეში შეიტანა და აკობიას გადასცა. ამ კადრების ავტორი სწორედ დავით (დათა) აკობიაა. ფარულავა ჯილდოს უდავოდ იმსახურებს, მაგრამ მასთან ერთად აკობიაც უნდა დაეჯილდოებინათ, ბედუკაძეც, ლომიაც და, მე თუ მკითხავთ, საერთოდ, "ობიექტივიც". თუმცა, ჩვენ არავითარ ჯილდოს არ ვითხოვთ. მე მხოლოდ სამართლიანობაზე ვლაპარაკობ... და რა მოხდა? ჟურნალისტებმა არა მარტო დაამახინჯეს ფაქტი ( კადრები გადაიღო აკობიამ და არა ფარულავამ), არამედ წაგვშალეს, გადაგვფარეს, გაგვაქრეს, როგორც ამ ისტორიის მონაწილეები.’’
ინაშვილი აქვე დასძენს, რომ მედიასაშუალებები ამ ყველაფერს იმისთვის აკეთებენ, რომ გია ხუხაშვილი ასიამოვნონ.
ინაშვილი სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს და მთავარ პროკურატურას მიმართავს გამოძიონ ‘’ეს ისტორია’’ და გაარკვიონ აქვს თუ არა მას ხუხაშვილისგან დაცვის გარანტია.
და ბოლოს, ინაშვილი ღია წერილის მთავარ ადრესატს მიმართავს და ხუხაშვილის ‘’შავ-ბნელ საქმიანობაზე უყვება’’.
ირმა ინაშვილი: ‘’და ბოლოს, მივმართავ პირადად პრემიერ- მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ჩვენ ნდობა და მხარდაჭერა გამოვუცხადეთ: ბატონო ბიძინა, გია ხუხაშვილი არც ქვეყნის მეთაურად და არც არაფორმალურ ლიდერად არ აგვირჩევია და ვერ გაგვიგია, რატომ წყვეტს ჩვენს ქვეყანაში ეს ერთი კაცი ამდენი ადამიანის ბედს? რატომ აძლევს საკუთარ თავს უფლებას, ინტრიგები ხლართოს კახი კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის, თედო ჯაფარიძის, ზაზა გოგსაძის, გიორგი უძილაურის, დემურ გიორხელიძის, დავით მირცხულავას და მრავალი სხვა სახელმწიფო მოხელის, პოლიტიკოსის, ჟურნალისტის, თუ ექსპერტის წინააღმდეგ? ასევე, გაუგებარია, რა ბერკეტებით აკონტროლებს მედიის ნაწილს, რატომ ფლობს ამ ბერკეტებს? უპასუხოდ რჩება კითხვა,- თუ რატომ იბარებს ბიზნესმენებს საკუთარი ორგანიზაციის ოფისში და ბოლოს და ბოლოს, რა ხდება "აღსარებების" იმ ბნელითმოცულ ოთახში, რომელზეც ხუხაშვილი უკვე ღიად საუბრობს. მოტივი, ხომ, მარტივია?! . ახლა გახმაურებულ თემას საჯაროობის ელფერი უნდა შეჰმატოს, თითქოს "აღსარებების" ოთახში უკანონო არაფერი ხდება. ჟურნალისტური წრეები კი, ფლობენ ინფორმაციას, რომ ამ ოთახებში არც თუ სასიამოვნო პროცესებს აქვს ადგილი. გულწრფელად მაინტერესებს, თქვენს სახელს ამოფარებული გია ხუხაშვილი, როგორ ბედავს ამდენს? და იმაზეც დაგისვამდით შეკითხვას,- იცით, თუ არა, რომ ამ კაცმა მთელი ქვეყანა შეაწუხა? სიამოვნებით შეგხვდებოდით და ჩავწერდი თქვენთან ინტერვიუს, რადგან ვიცი, რომ არასდროს გაურბიხართ ყველაზე მწვავე თემებზეც კი, საჯაროდ და ღიად საუბარს, ამიტომაც თქვენთან ჩაწერილმა ჩემმა ინტერვიუმ (2012 წლის აგვისტო), მაყურებლის რაოდენობის თვალსაზრისით, ყველა რეკორდი მოხსნა... მაგრამ, ცხადია, თუ ხუხაშვილი "დამბლოკავს" ( როგორც სჩვევია), ეს ინტერვიუც არ შედგება. და ბოლოს, ჩვენ 9 წელიწადი ვებრძოდით სააკაშვილის, რამიშვილის, უგულავას, ადეიშვილისა, თუ მერაბიშვილისბოროტ ქმედებებს და სამწუხაროა, რომ მხოლოდ ჩვენ კი არა, მთელ საზოგადოებას, იგივე ტიპის ბრძოლა დღეს უკვე გია ხუხაშვილის და, საერთოდ, გია ხუხაშვილობის, როგორც მანკიერი მოვლენის წინააღმდეგ გვიწევს’’...
0