14:36:47     04-01-2013
მაია ფანჯიკიძემ 15 ელჩი გამოიწვია

საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით 15 ელჩი თანამდებობას ტოვებს. მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით 10 კაციანი სია უშიშროების საბჭოს უკვე გადაეგზავნა, 4 მათგანს როტაცია შეეხო, ხოლო აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
მინისტრი ირწმუნება, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ უდევს და აცხადებს, რომ გამოწვეულ ელჩებს მუშაობის პერიოდი ეწურებოდათ.
მაია ფანჯიკიძე: საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველ რიგში ის ელჩები გამოიწვია, რომლებსაც როტაცია ეხებოდათ. ეს არის პოლიტიკისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ამბავი. როტაცია უნდა ხორციელდებოდეს, ეს არის დიპლომატიური კორპუსის ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი პირობა. გამოწვეული ელჩები სურვილის შემთხვევაში გააგრძელებენ სამინისტროში მუშაობას.
მართალია ფანჯიკიძე ლამის ხატზე იფიცებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ცვლილებას და მათ დაკვეთას არ უკავშირდება, თუმცა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებიდან ჩანს, ხელისუფლების სურვილია ელჩებს პირადად აკონტროლებდეს.
"საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს მთავრობის ხელში. სააკაშვილი ცოცხალი თავით არ აპირებდა ელჩების გამოცვლას და ამიტომ გასაგებია, რომ იდგმება ნაბიჯები, რათა ზოგიერთი ქართველი დიპლომატი გამოიცვალოს. ელჩი საქართველოს მთავრობას უნდა დაემორჩილოს და ვინც ამას არ აკეთებს, ის უნდა გამოიწვიონ. ვინც ამაში პოლიტიკურ დევნას დაინახავს, დაინახოს", - განაცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე. მისივე განცხადებით, ზოგიერთი ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი საქართველოს ინტერესების ნაცვლად "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურება.
"თემურ იაკობაშვილი არ მუშაობდა საქართველოს სასარგებლოდ. ის მუშაობდა "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ. შეიძლება მას ადრე ეგონა, რომ ეს ერთი და იგივე იყო, მაგრამ ახლა ხომ არ არის ერთი და იგივე? არაფრით არ შეიძლება, ელჩი იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. იგივე ქალბატონი სამადაშვილი – მან ისიც კი არ იკადრა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში პირველი ვიზიტის დროს აეროპორტში დახვედროდა", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილის განცხადებას ეწინააღმდეგება ევროპარლამენტის საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოგზავნილი წერილი, რომელსაც პარლამენტში შემავალი ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი აწერს ხელს.
ევროპელი კანონმდებლები სალომე სამადაშვილის ბრიუსელში საქმიანობას აფასებენ წერილში ნათქვამია, რომ სამადაშვილი თავის საქმიანობას მაღალ დონეზე ასრულებდა და არც ერთი პარტიის პოლიტიკურ ინტერესს არ ემსახურებოდა.
არსებული ინფორმაციით, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან ერთად საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, ასევე ეუთოში შეიცვალა.
გამოწვეულნი არიან საქართველოს წარმომადგენლები დიდ ბრიტანეთსა და უნგრეთის დიპლომატიური სტრუქტურებიდან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სალომე სამადაშვილის ადგილს თამარ ბერუჩაშვილი დაიკავებს, იტალიაში ელჩი დიპლომატი კახა სიხარულიძე იქნება, საფრანგეთში - ექსპერტი არჩევნების საკითხებში ეკა სირაძე, ჩეხეთში - პარლამენტარი ზაზა გოგსაძე, ეუთოში - კოტე ზალდასტანიშვილი.
მართალია ელჩების ნაწილს რომელთაც პოსტის დატოვება უწევთ, ვადა წელს ეწურება, თუმცა ისინი დროზე ადრე დატოვებენ თანამდებობებს, ნაწილს კი ვადა კიდევ რამდენიმე წელი ჰქონდა.
0