17:08:35     03-01-2013
ვისი რეკომენდაციით ტოვებენ ციხეს ქურდები
![a22808.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a22808.jpg)
შეიწყალა თუ არა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორი ე.წ. კანონიერი ქურდი და ვისი რეკომენდაციით მოხდა მათი ციხიდან გამოშვება? ეს თემა აქტუალობას მას შემდეგ არ კარგავს, რაც წლის ბოლოს, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბოლო ამნისტიის დროს შავი სამყაროს წარმომადგენლები შეიწყალა, თუმცა მათი გვარები არ დაასახელა.
‘’პრესა.ჯი’’ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეს დაუკავშირდა.
ელენე თევდორაძე: ‘’ვიცი რომ სასჯელაღსრულებას ჰქონდა მომზადებული პატიმრების სია, რომლებიც არიან მძიმედ დაავადებულები, მათ უდო არ ეხებოდათ. გამომდინარე აქედან, სუბარმა გადაუგზავნა პრეზიდენტს ეს 84 კაციანი სია. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ სიაში იყვნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებიც... იყვნენ მკვლელები. რადგან თვითონ მინისტრმა მიმართა პრეზიდენტს მათი შეწყალების რეკომენდაციით, მან თვითონ მოაწერა ხელი შეწყალებას.
- თქვენთვის ცნობილია ამ კანონიერი ქურდების ვინაობა?
- არა, არაფერი ვიცი, მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს სია ძალიან მძიმე იყო, რომელიც ჩვენ კომისიაზე რა თქმა უნდა, ვერ გავიდოდა. ჩვენ ასეთ ადამიანებს რეკომენდაციას ვერ მივცემდით.’’
‘’პრესა.ჯი’’ სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა კითხვით: ვისი რეკომენდაციით მოხდა პატიმრების შეწყალება, და იყო თუ არა ამ 84 კაციან სიაში 2 კანონიერი ქურდი. როგორც სამინისტროში განგვიმარტეს, მინისტრს კანონიერი ქურდების შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს.
„არც ერთი პატიმრისთვის, რომელიც სასჯელს იხდიდა სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით, სამინისტროს რეკომენდაცია არ გაუწევია“,- განაცხადა უწყების პრესსამსახურმა რეზი ხოფერიამ. ხოფერია თავდაპირველად დაგვპირდა, რომ შეწყალებულ პატიმართა სიას გადმოგვცემდა, თუმცა მოგვიანებით განგვიცხადეს, რომ შეწყალებული პატიმრების ვინაობის გამჟღვანების უფლება არ აქვთ.
მათივე ინფორმაციით, ორი პირი, რომელებიც სასჯელს იხდიდნენ სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით (ქურდული სამყაროს წევრობა), პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გასული წლის 28 დეკემბერს გათავისუფლდნენ. სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ მომზადებულ რეკომენდაციას კი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო პატიმართა სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ, პრეზიდენტმა ხელი 2012 წლის 7 დეკემბერს მოაწერა.
მთავრობის შეცვლის შემდეგ უკვე მეორედ გაისმის ბრალდება პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალებასთან დაკავშირებით. გასულ წელს შს სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა სადაც ნათქვამი იყო, რომ სამართალდამცავებმა მკვლელობის მცდელობისთვის 62 წლის თენგიზ გ. დააკავეს, რომელიც პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა. მან 1981 წელს დაბადებულ თამაზ კახიძეს თბილისში, თამარ მეფის ქუჩაზე, ცივი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.
შსს–ს ცნობით, ბრალდებული ე.წ. ქურდული ტრადიციების მიმდევარია და წარსულში მრავალჯერაა ნასამართლევი. 2007 წლიდან კი 11–წლიან სასჯელს იხდიდა ყაჩაღობისთვის. ღარიბაშვილის უწყებას მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა, მანანა მანჯგალაძის განცხადებით აღნიშნული პირი პრეზიდენტმა სოზარ სუბარის რეკომენდაციით შეიწყალა.
0