11:22:13     03-01-2013
სისხლისღვრა მარნეულში - ცოლ-ქმარი მოკლეს, მათი შვილი დაჭრეს
![a22797.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a22797.jpg)
მარნეულში მცხოვრები ცოლ-ქმარი რამიზ და ჯავახიზ დოვრუშოვები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მათი ვაჟი - ვალი დოვრუშოვი საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რამიზ დოვრუშოვის ოჯახს მათივე მეზობელი დაესხა თავს. ოჯახის უფროსს გულმკერდის არეში ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი. ჯავახიზ დოვრუშოვას კი სამი ტყვია - თავის არეში. რაც შეეხება ვალი დოვრუშოვს, ინცინდენტის დროს ის საქონლის სადგომში იმყოფებოდა, სადაც ბოროტმოქმედმა ხელყუმბარა შეაგდო, ის ნამსხვრევებისგან გულმკერდის არეში დაიჭრა. მის სიცოცხლეს ამ ეტაპისთვის საფრთხე არ ემუქრება.
გარდაცვლილის მეზობლებისთვის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა ისინი მედიასთან მის ვინაობას არ ასახელებენ, ასევე უცნობის მკვლელობის მოტივიც.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპისთვის პოლიციას კომენტარი არ გაუკეთებია.
ალგეთი არ ყოფილა ერთადერთი სოფელი სადაც მსგავსი სისასტიკის კრიმინალური ფაქტი მოხდა. რამდენიმე დღის წინ, გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. შეირაღებული პირები მამედოვების ოჯახს დაესხნენ თავს. ყაჩაღებს სახე ნიღბებით ჰქონდათ დაფარული.
თავდასხმის დროს სახლში ოჯახის უფროსი, მეუღლე და 12 წლის ვაჟი იმყოფებოდა. ოჯახიდან წაღებულია 16 ათასი ლარი და ოქროს სამკაულები. ოჯახის უფროსი აცხადებს, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამედოვები თანხას სახლში ინახავდნენ.
თავდამსხმელებმა ოჯახის წევრებს აუკრეს ხელ-ფეხი და პირი და უთოთი აწამეს, 12 წლის ბავშვს კი, ფეხზე ცერა თითი მოაჭრეს. როდესაც თავდამსხმელებმა მათი სახლი დატოვეს, ბავშვმა შეძლო სახლის კართან მისვლა და მეზობლებს დაუძახა.
ბავშვის ყვირილის ხმა გაიგეს მეზობლებმა. მათი განცხადებით, ცოტაც რომ დაეგვიანათ ოჯახის დიასახლისი გაიგუდებოდა, რადგან მას ‘’სკოჩით’’ აკრული ჰქონდა მთელი სახე.
შსს-მ ჯანდარაში, მამედოვების ოჯახზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის ხუთივე მონაწილე მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
თბილისი გასულ თვეში 58 წლის პროფესორის მკვლელობამაც შეძრა. 23 წლის იური ფ.-მ სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ექიმი, ავთანდილ საყვარელიძე ურთიერშელაპარაკების შემდეგ ბალიშით გაგუდა და ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო.
ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გვარწმუნებს, რომ კრიმინალური გარემო შემსუბუქდა.
ირაკლი ღარიბაშვილი იმაზეც იღებს პასუხისმგებლობას, რომ ამნისტირებული მკვლელებისა და პედოფილებისგან დაგვიცავს. მისი თქმით, შსს სრული დატვირთვით მუშაობს და ყველა დანაშაული აღკვეთილი იქნება.
0