პროკურატურა დასაჭერ ჩინოვნიკთა ახალ სიას აანონსებს პროკურატურა დასაჭერ ჩინოვნიკთა ახალ სიას აანონსებს />


  19:27:22     26-12-2012

პროკურატურა დასაჭერ ჩინოვნიკთა ახალ სიას აანონსებს

a22703.jpg

პროკურატურა ყოფილი სახელმწიფო მოხელეების დაკავებების ახალ სერიას აანონსებს და 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრება.

აღნიშნულ საქმეს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა და საქმეში მონაწილე პირებიც დაასახელა.

„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო სახსრების ხარჯვის კანონიერების შემოწმებისას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტი გამოავლინა. სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში მხილებულნი არიან  მაღალი თანამდებობის პირები“ - აცხადებენ პროკურატურაში. 

საქმე ეხება 8 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს 11 ქალაქში გამართულ ყრილობებს. პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდში ხალხის ჩასაყვანად, პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა, შესაბამისი ხელშეკრულებებით, დაიქირავა ე.წ „ყვითელი მიკრო ავტობუსები“-ს კომპანიები, რომლებსაც პარტიის ანგარიშიდან გადაერიცხათ მხოლოდ მძღოლების შრომის საფასური 39 900  ლარი. რადგან მიკრო ავტობუსებისთვის საჭირო იყო დიდი რაოდენობის საწვავი, შემუშავდა პარტიული ღონისძიების "შავი არხით" დაფინანსების თვალთმაქცური სქემა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაება.

დანაშაულთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ბიუჯეტიდან მიზნობრივად შესყიდული საწვავიდან, მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის - ნიკოლოზ ძიმცეიშვილის და კონსტიტუციური უსაფრხოების დეპარტამენტის უფროსის ლევან ქარდავას ორგანიზებით,  54 000 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონები გადაეცა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელ ალექსანდრე ქობალიას.

ქობალიამ კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განკუთვნილი  დანაშაულებრივად მოპოვებული საწვავის ტალონები - გადაუნაწილა 393 მიკრო ავტობუსის მძღოლს.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ფაქტობრივი ხარჯების შენიღბვისა და ხელოვნურად შემცირების მიზნით, გააყალბა ანგარიშგების დოკუმენტები და მიუთითა, თითქოსდა, აქციაში მხოლოდ 93 მიკროავტობუსი მონაწილეობდა.

ასევე, 23 სექტემბერს, ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციის ორგანიზებისთვის საჭირო სატრანსპორტო ხარჯები – 120 000 ლარი ფარულად, საფინანსო დეკლარაციაში ყოველგვარი ასახვის გარეშე, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძემ გადაიხადა, რაც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, წარმოადგენს პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხაქდებაში.

აღნიშნულ ბრალდებას პასუხობს მიხეილ მაჭავარიანი. „ჩვენ გავაკეთეთ ერთიანი ხელშეკრულება, რომელშიც შედიოდა მანქანაც, საწვავიც და მძღოლიც, როდესაც დებ ხელშეკრულებას პირობითად, ნებისმიერ სუბიექტს, მომსახურებისას იქ ყველაფერი იანგარიშება. როცა თქვენ ქირაობთ ტაქსს და იხდით ტაქსის ფულს თქვენ ამ ფულით ხომ ყველაფერს იხდით? რა მნიშვნელობა აქვს ამას? ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით მივიღეთ მომსახურება“ - განაცხადა მაჭავარიანმა. თუმცა, პროკურატურა, რომელიც საახალწლოდ დაკავებებით ირთობს თავს, როგორც ჩანს ისე შევიდა აზარტში, რომ მოთმინება არ ყოფნის საქმეზე ჯერ მტკიცებულებები მოიპოვოს და შემდეგ გაახმაუროს. 

პროკურატურას დაანონსებული აქვს ასევე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საქმეც. კბილაშვილი ჯერ კიდევ გუშინ ილესავდა კბილებს ტელეეთერში და აცხადებდა, რომ პროკურატურას დღეს უკვე მზად ექნებოდა ბრალდება, რომელიც ადეიშვილს უნდა წაუყენონ.

0

ავტორი: