17:58:29     26-12-2012
გურამ ოდიშარიამ ქართული კულტურის პოპულარიზაცია ხათუნა ხუნდაძეს ჩააბარა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია თავის ყოფილ მოადგილეს ხათუნა ხუნდაძეს, რომელმაც საზოგადოების ყურადღება სოციალურ ქსელში გამოთქმული უცენზურო პოსტებით მიიპყრო, ვერ თმობს.
როგორც „პრესა.ჯი“-სთვის გახდა ცნობილი, უცხოეთიდან მოწვეული ხუნდაძე სამი დღის წინ სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დააბრუნეს.
კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მინისტრის ყოფილი მოადგილე საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
ოდიშარია ამტკიცებს, რომ ქართული კულტურის პოპულარიზაცია სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს, თუმცა რომელ კულტურასა და რის პოპულარიზაციაზე უნდა იმუშაოს საქართველოს საჯარო უწყებაში ყველაზე თუ არა ერთ-ერთმა ყველაზე უკულტუროდ შერაცხულმა ჩინოვნიკმა ძნელი წარმოსადგენია.
ხათუნა ხუნდაძის არსებობა ქართულმა საზოგადოებამ კულტურის მინისტრის მოადგილედ (12 ნოემბერს) დანიშვნის შემდეგ შეიტყო და აღმოაჩინა, რომ მისი ფეისბუქი შეურაცხმყოფელი და უცენზურო გამონათქვამებით იყო გადაჭრელებული.
მინისტრის ყოფილი მოადგილე უცენზუროდ ლანძღავდა შსს-ს ყოფილ მინისტრ ბაჩანა ახალაიას, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას’’.
„ამის იმედი უნდა გვქონდეს ხალხს? მიშა შე ყ..ო (არ მომიტევოთ ეს სიტყვა, მთელი შეგნებით ვწერ)... შე სატანის მიერ ჩასახულო და ზომბის მიერ გაჩენილო... მეზიზღები... ახალაია, შენი და შენი დედის შესატყვისი სიტყვები კი ქართულ ენაში არ არსებობს... თუ გინდა დამიჭირეთ, პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის, მეზიზღებით თქვე აყროლებულო ნაცებო“,- წერდა ხუნდაძე საკუთარ გვერდზე.
საზოგადოების მიერ ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვის შემდეგ ხუნდაძემ განაცხადა რომ ფეისბუქში გამოქვეყნებული განცხადებები მას არ ეკუთვნის, რომ პროფილი გაუტეხეს, თუმცა ვერ ხსნიდა რატომ არ წაშალა მსგავსი უცენზურო პოსტები საკუთარი გვერდიდან.
გურამ ოდიშარია, რომელიც ერთადერთი მინისტრობის კანდიდატი იყო, ვისაც გადაბარების პროცესში უწყების თანამშრომლები აუმხედრდნენ, როგორც ჩანს მუშაობას ისეთივე საკანდალით აგრძელებს, როგორც დაიწყო.
ასევე ნიშანდობლივია ოდიშარიას შერჩეული კიდევ ერთი მოადგილის სკანდალური ვიდეოც, რომელიც ხუნდაძის კომენტარებზე არანაკლებ უცენზურო აღმოჩნდა.
0