11:56:25     24-12-2012
მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას თავს ესხმის

საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ მაია ფანჯიკიძის კარიერის დასასრულზე, მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მის ადგილს ზურაბ აბაშიძე დაიკავებს, ხოლო რუსეთთან ურთიერთობაში პრემიერის სპეცწარმომადგენელი უშიშროების ყოფილი მინისტრი - ვალერი ხაბურძანია გახდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრს დღეს პრესკონფერენციაზეც ჰკითხეს, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მაია ფანჯიკიძე თავის მოვალეობას კარგად ასრულებს.
ივანიშვილი უარყოფს, მაგრამ, როცა დასავლეთი ხმას იმაღლებს, მას ხშირად საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ წასვლა უწევს, ფანჯიკიძის შემთხვევაშიც აღნიშნული ცვლილება რეალობას მოკლებული არ არის, რადგან ქვეყნის პირველმა დიპლოპატმა უკვე მოახერხა იმიჯის შელახვა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენიმე მემარჯვენე დასავლელ პოლიტიკოსს, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილის ორი თვის მთავრობის მიმართ არაობიექტურობაში ადანაშაულებს“ - წერს გამოცემა EurActiv.com და საგარეო საქმეთა მინისტრს მწვავედ აკრიტიკებს.
გამოცემის ინფორმაციით, ფანჯიკიძემ, რომელიც პროფესიონალი დიპლომატია და გერმანიასა და ნიდერლანდებში საქართველოს ელჩად მსახურობდა, განაცხადა, რომ ამ წლის არჩევნების შემდეგ სააკაშვილი უცხოეთში მოგზაურობის დროს ავრცელებდა გზავნილს, რომ „საქართველოს მთავრობა საშინელებებს ჩადის“.
„მან თქვა, რომ პრეზიდენტს „ლობისტების დიდი ქსელი“ აქვს, რომელიც დღედაღამ მუშაობს მისი ნარატივის გავრცელებაზე, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პარტია „ქართული ოცნება“ მუშაობას შეუდგა. სააკაშვილი, რომელიც 2004 წლიდან არის პრეზიდენტი, მომავალ წელს უნდა გადადგეს“,- ნათქვამია სტატიაში.
ფანჯიკიძე გამოცემასთან ინტერვიუში პროტესტს გამოთქვამს, რომ რამდენიმე დასავლელმა კონსერვატორმა პოლიტიკოსმა გაიზიარა სააკაშვილის გზავნილი და გააძლიერა ის საერთაშორისო აუდიტორიისთვის, ამბობს საქართველოს მთავარი დიპლომატი. ის ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ვილფრიდ მარტენს „ქართული ოცნების“ მუდმივ ლანძღვაში სდებს ბრალს.
ფანჯიკიძემ მაგალითად მოიყვანა წინასაარჩევნო კამპანია ქალაქ ქუთაისში, როდესაც სააკაშვილის ბანაკმა „ქართული ოცნება“ პოტენციური ამომრჩევლების მოსყიდვაში დაადანაშაულა მათთვის თითქოსდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის (მაცივრების, სარეცხი მანქანების) ვაუჩერების დარიგებით. ამ ბრალდებების სიცრუე დადასტურდა, თქვა მან, მაგრამ მარტენსმა ის რამდენჯერმე გაიმეორა ფაქტების გადამოწმების გარეშე, ამტკიცებს ფანჯიკიძე.
EurActiv - ის ინფორმაციით, მინისტრმა განაცხადა ასევე, რომ მარტენსი უარს ამბობს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ფანჯიკიძე ირწმუნება, რომ ასე იქცევა ევროკავშირის რამდენიმე პოლიტიკოსი, მაგრამ მარტენსი ერთადერთია, რომლის დასახლებასაც ფანჯიკიძე დათანხმდა.
გამოცემა არაობიექტურობაზე სხვა ბრალდებებსაც აქვეყნებს, რომელებიც „ქართული ოცნების“ მხრიდან ისმის.
„პირველად არ ხდება ის, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ევროკავშირის წრეებში სააკაშვილის მხარდაჭერაზე ჩივიან. „ქართული ოცნების“ აქტივისტები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ბულგარეთის ყოფილი პრემიერმინისტრი მემარჯვენე-ცენტრისტებიდან ფილიპ დიმიტროვი, მხოლოდ სააკაშვილის მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. ევროკავშირის ჩინოვნიკები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ“,- აღნიშნულია მასალაში.
ამასთან, გამოცემამ საგარეო საქმეთა მინისტრის ბრალდებებზე, იმ კომენტარებზე, რომელიც მარტენს მიეწერება ქუთაისის პოლიტიკურ კამპანიაზე, კომენტარი „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერს სთხოვა, რომელმაც განაცხადა, რომ მარტენსი ამ ქალაქში არასდროს ყოფილა.
სპიკერმა „ევროპის სახალხო პარტიის“ ბოლოდროინდელი პრესრელიზი დაიმოწმა, რომელშიც მისი თქმით მარტენსი „ადასტურებს სერიოზულ დარღვევებს“ ქართული ოცნების მხრიდან საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში.
7 დეკემბერით დათარიღებულ პრესრელიზში ნათქვამია „ძალიან შემაშფოთებელ მოვლენებზე“ საქართველოში: „შურისმაძიებელი განცხადებები „ქართული ოცნების“ მინისტრების მხრიდან [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის] ლიდერების მიმართ, ჟურნალისტების დათხოვნა, ზეწოლა და სამართლებრივი დევნა ოპოზიციის ლიდერებსა და წარმომადგენლებზე“.
0