14:51:08     22-12-2012
რა უხარია წულუკიანს...

“The national interest” საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ვრცელ სტატიას უძღვნის. ჟურნალისტი რეჟი ჟენტე სტატიას სახელწოდებით - „სამართალი და რევანში საქართველოში“ აქვეყნებს.
მასალაში საუბარია პრეზიდენტის მიღწევებზე და არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების მიზეზებზე. ერთ–ერთ მიზეზად უცხოელი ჟურნალისტი ციხის სკანდალურ კადრებს ასახელებს.
„სააკაშვილი იმსახურებს ქებას იმ ძალიან რთული და ხშირად წარმატებული რეფორმებისთვის, რომელიც ბევრ სფეროში მისი ინიციატივით ჩატარდა. კორუფცია ყოველდღიური ცხოვრებიდან გაქრა. მოსამართლეები და პოლიციელები ქრთამს აღარ იღებენ. კრიმინალური შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. საჯარო სამსახურები მოდერნიზებულია. მაგრამ არსებობს სხვა ასპექტიც, როგორც ეს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გაირკვა. ქართველებმა პირველად იხილეს, როგორ სასტიკად ეპყრობოდნენ პატიმრებს ციხეში. ეს სკანდალი, რომელიც იმ დროს შემთხვევით არ ამტყდარა, მილიარდერი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის კოალიციას, „ქართული ოცნებას“ გამარჯვებაში დაეხმარა“,– აღნუშნულია მასალაში.
გამოცემა პრეზიდენტის შეცდომებზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, „ის დარწმუნებული იყო იმაში, რომ დემოკრატიზაციას სახელმწიფოს მშენებლობა უნდა უსწრებდეს. მისი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი იყო კრიმინალთან ბრძოლა თუნდაც სასტიკი მეთოდებით, ვიდრე კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული მტკიცე სისტემის შექმნა“.
ჟურნალისტის შეფასებით, შს ყოფილი მინისტრს დაკავება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
„დღეს სააკაშვილის ჯიუტ მხარდამჭერებს სწამთ, რომ 20-ზე მეტი ჩინოვნიკი, მათ შორის, პენიტენციარული და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების მიზნით დააპატიმრეს. არგებს კი ეს ყველაფერი საქართველოს? რა თქმა უნდა, არა.’’
სტატიის ავტორი იუსტიციის მინისტრ თეა წულიკიანის ცნობილ განცხადებას ციტირებს, რომ ზოგიერთი საქმე პოლიტიკურად მოტივირებული არ არის.
‘’ზოგიერთი საქმე საერთოდ არ არის პოლიტიკური. „მას შემდეგ, რაც მე მინისტრად დავინიშნე (25 ოქტომბერს), ხუთი ათასზე მეტმა ადამიანმა მომმართა. ისინი ითხოვენ მათი საქმეების გადახედვას, რადგან აწამეს ციხეში, ან უკანონოდ წაართვეს ქონება“, ამბობს წულუკიანი.
უფლებამცველები წლების მანძილზე გმობდნენ საკუთრების უფლების დარღვევას, უსამართლობას სასამართლოებში (გამამართლებელი განაჩენი შემთხვევათა 0.1 პროცენტში გამოჰქონდათ); კონტროლს მედიაზე (მიუხედავად იმისა, რომ აქ მედია უფრო თავისუფალი იყო, ვიდრე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობაში) და სახელმწიფოს ბიუჯეტის არატრანსპარენტულ ხარჯვას.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი დაპატიმრებები არ არის რევანშიზმით მოტივირებული და „შერჩევითი“. ჩინოვნიკთა უმეტესობა დაკავებულია უმნიშვნელო დანაშაულისთვის. და არ არის ცხადი, რატომ იჩქარეს გასამართლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ათამდე ოფიცრისა, რომელთაც ბრალად საარჩევნო კამპანიისას „ქართული ოცნების“ წევრების ფარული მოსმენა ედებათ.
წულუკიანი განმარტავს, რატომ დაბრუნდა სამშობლოში საფრანგეთიდან, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობდა: „ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანი განხორციელდა. მე მინდოდა (სააკაშვილის) „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება ისე, რომ მას, როგორც მმართველ პარტიას, მომავალი აღარ ჰქონოდა და ეს ძალიან მახარებს“. ახალი მთავრობა თითქოს იმავე შეცდომას უშვებს, რასაც სააკაშვილი უშვებდა ოპოზიციასთან. ახლა ჩვენ უკვე ვიცით, რატომ ხორციელდება სასტიკი ზეწოლა ზოგიერთ ადგილობრივ მმართველზე, რატომ ამბობენ პარლამენტარები, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას აიძულებენ, რათა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დაიწყოს სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა; რატომ მიმდინარეობს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და თბილისის ამჟამინდელი მერის, გიგი უგულავას, სასამართლო დევნა.’’
სტატიის ბოლოს ჟურნალისტი აცახადებს, რომ ყველაზე დიდი შეცდომა უკრაინის მაგალითის განმეორება იქნებოდა. იქ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა თავისი ყველაზე ძლიერი ოპონენტი იულია ტიმოშენკო დააპატიმრა.
„ისიც არ იყო კრავივით უცოდველი, მაგრამ იანუკოვიჩის პოლიტიკური მოტივაცია იმდენად ცხადი იყო, რომ ამან შედეგად კიევის იზოლაცია გამოიღო, განსაკუთრებით ევროკავშირის მხრიდან. ყველა ახალი მთავრობის ქმედებებმა უნდა განამტკიცოს საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტები. რეალური დემოკრატია ოპოზიციის გარეშე არ არსებობს. და თითქმის პირველად, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ჰყავს ასეთი ძლიერი ოპოზიცია ცხადი იდეოლოგიით (პროდასავლური და ლიბერალურ ეკონომიკაზე ორიენტირებული), ძალიან გამოცდილი ადამიანებით, ძლიერი სატელევიზიო წარმომადგენლობითა და გარკვეული რაოდენობის ფულით. ამის განადგურება იგივე იქნებოდა, რაც კონსოლიდირებული დემოკრატიის შექმნის შანსის განადგურება“,– აღნიშნავს ჟურნალიტი.
0