12:54:30     22-12-2012
ბაქო ივანიშვილს კრემლის წესებით თამაშს არ ურჩევს

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალი რიგ კითხვებს აჩენს და რაღაც ეტაპზე ის შესაძლოა, არახელსაყრელი იყოს საქართველოსთვის. ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ ამ თემაზე აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ისაუბროს და აუხსნას მეგობარ ქვეყანას, რომ რაღაც ეტაპზე ეს შეიძლება არ იყოს საქართველოსთვის სარგებლიანი და რომ საკითხი დარეგულირებას საჭიროებს. თანაც, პრემიერის აზრით, ეს პროცესი არ იქნება მარტივი, რადგანაც მაგისტრალის მშენებლობა უკვე დაწყებულია.
``მშენებლობის დაწყებამდე ეს ადვილი იყო, ახლა კი უკვე რთულია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მეზობლებს და ყოფილი ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებებს, მაგრამ იმავდროულად აქ კითხვები ჩნდება და მათ პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენმა წინაპრებმა ჩვენ დაგვიტოვეს გეოგრაფიულად უნიკალური ადგილები და ეს მოითხოვს მოვლასა და სწორ გამოყენებას, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ჩვენი ყველა შესაძლებლობა’’ - განაცხადა ივანიშვილმა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ვუგარ გასანოვი ინტერესდება, რით არის გამოწვეული ივანიშვილის ეს განცხადებები, რისი თქმა სურდა მას და საერთოდ, ვიც აწყობს ასეთი განცხადებები?
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი ალი მასიმლი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერი ახალი ადამიანია პოლიტიკაში და ასეთი განცხადებები გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ივანიშვილისთვის ``პოლიტიკა ახალი დონეა, მას ჯერ არ შეუძლია პასუხი გასცეს რთულ კითხვებს’’ - ამბობს მასიმლი.
მაგრამ პოლიტოლოგ ვაფა გულუზადეს სხვა აზრი აქვს. ის ამბობს, რომ საქართველოს შეიძლება იმიტომ არ აწყობდეს ყარსი-ახალქალაქის მაგისტრალი, რომ ის შეიძლება არ მოსწონდეს რუსეთს...
``დარწმუნებული ვარ, რომ კრემლის წესებით თამაშის შემთხვევაში ივანიშვილი ვერ შეძლებს ხელისუფლების შენარჩუნებას. რუსეთის ნებაზე სიარული, საქართველოსათვის არის გზა არსაით. საქართველო სააკაშვილის დროს იმიტომ იყო წარმატებული, რომ მან უარი თქვა რუსეთის გავლენაზე. ივანიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით საქართველოს აყვავებას შეუწყობს ხელს. ის ძალიან ცდება’’ - აცხადებს პოლიტოლოგი და დასძენს, რომ ივანიშვილი ცდილობს თავი მოაწონოს რუსეთს.
გულუზადე თვლის, რომ ოფიციალური ბაქოს პასუხი ივანიშვილის განცხადებაზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს.
0