23:29:42     20-12-2012
საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი

დღეს საღამოს, საქართველოს პრეზიდენტი სპეციალურ ბრიფინგზე ახალი მთავრობის ბოლოდროინდელ ქმედებებს გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ მკაცრად შეაფასა ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და მთავრობას მოუწოდა ნუ მიაქანებენ ქვეყანას იქით, საიდანაც მის გამოსვლას მრავალი წელი დასჭირდა.
საქართველოს პრეზიდენტმა საგანგაშო უწოდა მოსამართლის თანაშემწეზე, შს სამინისტროს მიერ განხორციელებულ შანტაჟს, რომლის საშუალებითაც ისინი სასამართლოს თავმჯდომარეზე ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ. პრეზიდენტი გუშინ, ქუთაისში მომხდარ ინციდენტს და ადგილობრივ თვითმმართველობებზე განხორციელებულ შეტევებსაც გამოეხმაურა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ არ ჩაერევა საკრებულოში შეჭრაში, არის პირდაპირი თანამდებობრივი გადაცდომა და დანაშაული. რას ნიშნავს - არ ჩავერევი, როდესაც გამგებლებს შენობაში არ უშვებენ, როდესაც ფეხქვეშ ითელება კონსტიტუციური ნორმები? მინდა მოვუწოდო შს სამინისტროს ყველა თანამშრომელს, არ დაემორჩილონ არც ერთ უკანონო ბრძანებას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკაც გააკრიტიკა. შს მინისტრის მოადგილეს, ნარკოტრეფიკიორი, მთავარი პროკურორის მოადგილეს კი კორუმპირებული უწოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თანამდებობეზე ინიშნებიან კორუმპირებული კადრები, ციხეებს ტოვებენ კრიმინალები, და მათ ადგილებს ციხეში კორუფციასთან მებრძოლი, ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილე ყოფილი ჩინოვნიკები იკავებენ.
"გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე იყო მთავარი კორუმპირებული შევარდნაძის სისტემის. ალეკო ტაბატაძე, შს მინისტრის მოადგილე, იყო მთავარი ნარკოტრეფიკიორი საქართველოში. შემთხვევითი არ არის, რომ ამდენი "შპრიცი" გაჩნდა სადარბაზოებში, რაც ამდენი წელი არ იყო. როცა მთავარ ნარკოტრეფიკიორს ნიშნავ მოადგილედ, რა თქმა უნდა მას მოჰყვება ნარკოტიკები.
როდესაც მთავარ კორუმპირებულს ნიშნავ მთავარი პროკურორის მოადგილედ, რა თქმა უნდა წინა მთავრობის არაკორუმპირებულ პირებს დაუწყებენ დაბარებას. დროა, ამ უკანონობას დაესვას წერტილი, თორემ უკვე სხვა გარემოებებში გადავა საქართველო. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო რაიმე სახით ქაოსში გადავიდეს. ხალხს არ მიუცია ხმა ქაოსისთვის, ხალხმა მისცა ხმა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ასევე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს, თუკი მას პარლამენტი დაამტკიცებს.
"ახლა არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონი შეტანილი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება მთლიანად მოექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, უკვე ფორმალურადაც. საუბარია იმაზე, რომ რომც მოინდომონ მოსამართლეებმა წინააღმდეგობის გაწევა პროკურატურისადმი, პრემიერ-მინისტრისადმი, იუსტიციის სამინისტროსადმი, ამის ფორმალური საშუალებაც აღარ ექნებათ. მე მინდა ვუთხრა პარლამენტის წევრებს, მათ იციან, რომ ვენეციის კომისიამ მოითხოვა ამ კანონპროექტის განხილვის გადადება, მაგრამ თუ კანონპროექტი დარჩება დღევანდელი სახით, მე გამოვიყენებ პრეზიდენტის უფლებას და ამ კანონპროექტს დავადებ ვეტოს. ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში და ამ შემთხვევაში მოქალაქეებს აღარაფრის იმედი აღარ ექნებათ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის დღევანდელ განცხადებასაც შეეხო და განაცხადა, რომ პუტინი კმაყოფილია ახალი ხელისუფლებით, რადგან საქართველოს ციხეებიდან გათავისუფლდნენ რუსეთის მოქალაქეები, ის ადამიანები, რომლებიც მათ სასარგებლოდ მუშაობისთვის არიან დაკავებულნი.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს და სამთავრობო დაცვა მთავრობას დაექვემდებარება, იგი დაცვას მოიხსნის, აღარ ისარგებლებს სამთავრობო დაცვით და საკუთარი ავტომობილით, დაცვის გარეშე გადაადგილდება. რადგან არ აპირებს იმ მთავრობის დაცვა შეუშვას პრეზიდენტის რეზიდენციაში, რომლის მინისტრის მოადგილეც ალეკო ტაბატაძეა, წაიღონ თვითმფრინავიც, ავტომანქანებიც, მე დაცვა არ მჭირდება, დაცვის გარეშეც შემიძლია გადავადგილდე ჩემს ქვეყანაში, განაცხადა პრეზიდენტმა.
0