13:32:49     20-12-2012
მიხეილ სააკაშვილი: მაინც მივაღწევთ საქართველოში წესრიგის აღდგენას

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქმე მარტო მნგრეველებთან კი არა - ოროსნების ბრიგადასთანაც აქვს.
როგორც პრეზიდენტმა რუსთავის საკრებულოში საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი უცნაურ განცხადებებს მის მიერ ‘’გაზიზინებული ბაზიდან’’ აკეთებს.
"გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, თურმე მე იმიტომ გამოვდივარ და ვიძახი რაღაცებს, რომ აგარაკების მშენებლობა შემიჩერეს. რბილად რომ ვთქვა, ამ უცნაურ განცხადებას ის აკეთებს ჩემს და თქვენს მიერ გაზიზინებული და აშენებული გორის ბაზის ტერიტორიაზე. დააბრუნეს ის სუბიექტები, რომლებიც ჩაოხრებულ შენობებში იყვნენ, ჩვენს მიერ აშენებულ შენობებში გადაინაცვლეს და ამ ჩვენს მიერ აშენებული შენობების ფონზე აკეთებენ განცხადებებს ჩვენს კორუფციასა და აგრაკებზე. სინდისიც ხომ კარგი საქონელია? 11-ჯერ გაიზარდა საქართველოს ბიუჯეტი. ეს როგორ მოხდა? მესმის, რომ მათემატიკაში ბევრი მათგანი მოიკოჭლებს, ოროსნების ბრიგადასთან გვაქვს საქმე, მარტო მნგრეველების ბრიგადასთან კი არა.
თან 11-ჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი, თან ამდენი რაღაც ავაშენეთ და თან აგარაკები და პირადი ცხოვრებაც მოვიწყვეთ?"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და გამდიდრების სურვილში მოქმედი ხელისუფლება დაადანაშაულა.
„თამაზაშვილებს, ნაცვლიშვილებსა და ახვლედიანებს, ერთი კონკრეტული პროგრამა აქვს: პირადი გამდიდრება და სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა. ნაცვლიშვილი შევარდნაძის ერთ-ერთი მთავარი კორუმპირებული მარჯვენა ხელი და ჩინოვნიკი იყო. პარლამენტის ეზოში იდგა და ზლუქუნებდა, ცხარე ცრემლით ტიროდა, რომ ცხოვრება დაენგრა, მისი კორუფციული სამყარო დაინგრა.
სააკაშვილი ქუთაისში გუშინ მომხდარ ფაქტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პოლიციელებმა დილიდან მიიღეს დავალება, "გარკვეული სუბიექტებისთვის" ხელი შეეწყოთ.
საქართველოს პირველი პირის შეფასებით, ახალი ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართულად ილაშქრებს.
პრეზიდენტი: "გუშინ, არ გამოუვიდათ, ახლა კანონი შეაქვთ პარლამენტში, რომ ჩამოაშორონ დაცვა პრეზიდენტს. კი ბატონო, წაიღონ დაცვა, დაცვა სჭირდება იმას, ვინც ამას აკეთებს. მე დაცვა არ მჭირდება ჩემი ხალხისგან და არავისგან. არც ქონება მაქვს დასაცავი, სიამოვნებით ვივლი მარტო, შევხვდები ყველას და მაინც ყველაზე მაგარ სამუშაოს ჩავატარებთ და მაინც მივაღწევთ საქართველოში წესრიგის აღდგენას.
"ფეისბუქზე" ბევრ წერილს ვიღებ, რომ არ იყვნენ ის ხალხი ქუთაისელები და არ მწყენოდა. ყველაზე კარგად ვიცი, ვინც იყვნენ იქ შეკრებილი საოცრებები. პოლიციელები სულ ბოდიშს იხდიდნენ, რადგან დილიდან მიიღეს ინსტრუქცია, რომ არ გაკარებოდნენ სიტუაციას და მიეცათ საშუალება სუბიექტებისთვის და ერთი კონკრეტული პარტიის აქტივისტებისთვის, რომ რაღაცა გაეკეთებინათ პრეზიდენტისთვის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
და იქვე დასძინა, რომ პრემიერ ივანიშვილს მომდევნო 50 წელიც არ ეყოფა ბოლო 9 წლის განმავლობაში აშენებულის დასანგრევად.
"მე არ ვლაპარაკობ, რომ ჩემი მთავრობა იყო იდეალური და შეცდომებს არ უშვებდა. მაგრამ ერთ თვეში მე დავინახე უფრო მეტი შეცდომა, ვიდრე ჩვენმა მთავრობამ გააკეთა 8 წლის განმავლობაში. განსხვავება ჩვენს მთავრობასა და ამ ჯგუფს შორის არის ის, რომ ჩვენ ვიცოდით ქვეყანა სად მიგვყავდა", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ახალი ხელისუფლება კორუფციაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, „საქართველოში პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, კბილებით მივაღწიეთ იმას, რომ აღარ ხდებოდა ქრთამის აღება, ახლა კი სარფის საბაჟოზე ყოველ მეორე მანქანიდან იღებენ ქრთამს. შემოსავლები გაუჭირდათ და შეესივნენ წვრილმან ბიზნესებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ორი კაპიკით ძლივს ირჩენენ თავს. ეს არის სამართლიანობის აღდგენა?!" - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
სააკაშვილის თქმით, ხალხი 1000-ლარიან ვაუჩერს მისტირის.
“ხშირად მეკითხებიან, სად არის 1000-ლარიანი ვაუჩერიო. ვპასუხობ, ბოდიშით პატარა პრობლემა შეიქმნა არჩევნებზე-მეთქი და ამას მე ნიშნისმოგებით არ ვამბობ. ეს დიდი პრობლემაა და ნამდვილად არაფერი ამაში გასახარებელი არ არის. ერთადერთი, რაც გასახარებელია, არის ის, რომ საქართველოში აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ზეწოლას უძლებს და პირველ რიგში, ეს არის თქვენი საკრებულო”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა წაუხილი გამოთქვა, რომ რუსთავში ყველა მშენებლობა შეჩერდა.
საუბრის ბოლოს სააკაშვილი დაჭერებისა და ამნისტიის თემასაც შეეხო.
"მომპარავი გამოდის ციხიდან, კორუმპირებული კი ზის კაბინეტში და იჭერენ მას, ვინც ებრძოდა კორუფციას და კრიმინალს. თქვენ გგონიათ, ამას ყველაფერს ფასი არ აქვს ჩვენი ხალხისთვის და არ მოჰყვება შედეგები? შედეგი მოყვება და უკვე მოჰყვა კიდეც - რუსთავში გზის, პარკის და სპორტის სასახლის მშენებლობა გაჩერებულია. აჭარაში ყველა სოციალური პროგრამა შეაჩერეს.
0