10:38:05     20-12-2012
ბაჩო ახალაიას მეუღლე: „ოცნების“ რეჟიმი აგონიაშია

ყოფილი შსს და თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი იანვრის ბოლოსთვის გადაიდო. საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოძიებას ახალაიას წინააღმდეგ სამხილები არ ჰყოფნის. მისი პირადი გვერდი გატეხეს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. ახალაიას მეგობრებსა და მისი ხელმძღვანელობის დროს სამინისტროებში დანიშნულ თანამშრომლებს სამსახურებიდან ყრიან. ამ და სხვა საკითხებზე ბაჩო ახალაიას მეუღლე, „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა ნადარეიშვილი „პრესა.ჯი’’-ს კითხვებს პასუხობს.
- ქალბატონო ანი, ბაჩო ახალაიას პირადი ფეისბუქის გვერდი გატეხეს. ვის უკავშირებთ აღნიშნულ ქმედებას?
- ჩვენ გავაკეთეთ აღნიშნულზე საჯარო განცხადება, ეს ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ველოდებით, რომ დაიწყება გამოძიება. თუ ეს ხელისუფლების ინსპირირებული არ არის, ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია, ტექნიკურად იმ პირის დადგენა, ვინც ეს ვანდალური აქტი ჩაიდინა. ბაჩოს ფეისბუქის პროფილზე მოდიოდა უამრავი მადლობის თუ მხარდაჭერის წერილი, რამაც როგორც ჩანს ვიღაცები გააღიზიანა.
- თქვენი მეუღლის სასამართლო პროცესი იანვრის ბოლოსთვის გადაიდო. რა ხდება? საზოგადოებაში გაჩნდა ხმები, რომ პროკურატურას ბრალის წარდგენისთვის და დამძიმებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს.. გაჩნდა იარაღის შესყიდვისთვის თანხების მითვისების ბრალდებაც..
- ,,ოცნების“ რეჟიმი ჩიხში არის მოქცეული - ერთის მხრივ არ აქვთ მტკიცებულებები უკვე წაყენებულ ბრალზე, საქმეში უამრავი დარღვევაა, უამრავი ურთერთგამომრიცხავი ჩვენებაა და არავითარი დამატებითი მტკიცებულება. ამ ყველაფერს საზოგადოება სასამართლო პროცესზე საკუთარი თვალით იხილავს. მეორეს მხრივ - მკვლელად, სადისტად და “მონსტრად” გასაღებულ ბაჩო ახალაიაზე ჭირდებათ გაცილებით მძიმე ბრალდებები, რასაც ბუნებრივია ვერ ამტკიცებენ და ჭირდებათ დამატებითი დრო, რომ სხვა საქმეები შეკერონ და გააყალბონ. აშკარად აგონიაში არიან.
- ქალბატონო ანი, თქვენ პრესაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ირაკლი ალასანია პირადადაა დაინტერესებული ახალაიების ოჯახზე პოლიტიკური ანგარიშსწორებით. კერძოდ რაში გამოიხატება ეს?
- აღნიშნული დაინტერესება გამოწვეულია იმ ბოღმით, რაც ბატონ ალასანიას გააჩნია იმ შედეგიდან გამომდინარე, რომელიც მან მიიღო ზუგდიდში. როდესაც ზუგდიდის მოსახლეობის უმრავლესობამ, მხარი დაუჭირა ბატონ როლანდ ახალაიას. სწორედ აქედან გამომდინარე იგი ყოველკვირა აანონსებს ახალ-ახალ ბრალდებებს ბაჩო ახალაის მიმართ და ამ დროს არაფრად აგდებს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს. თუნდაც ეს ეხებოდეს საიდუმლო ინფორმაციას. სწორედ ასეთია ერთ-ერთი ბრალდება იარაღებთან დაკავშირებით, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, ეს მათაც ძალიან კარგად იციან. ასევე ეს განცხადებები მიმართულია მოსამართლეებზე ზეწოლის განსახორციელებლად, რასაც რიგ-რიგობით ასრულებენ მაღალი თანამადებობის პირები.
- თავდაცვის სამინისტროს დიდი შემადგენლობა ბატალიონებს ტოვებს. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ. აიძულებენ თუ არა ჯარისკაცებს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას?
- უბრალოდ მიუღებელია და გულსატკენია ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, როდესაც ისეთ ინსტიტუტს, როგორიცაა ჯარი ქვეყნისათვის, ასე მიზანმიმართულად აცლიან საფუძველს და მოტივაციას და ყოველდღიურად ამყოფებენ ჯარისკაცებს დაკითხვის რეჟიმში, ნაცვლად იმისა, რომ სწორედ ამ ბიჭებს მიაქციონ ყველაზე დიდი ყურადღება და კიდევ უფრო აამაღლონ მათი ბრძოლისუნარიანობა. სწორედ აქედან გამომდინარეობს იმ უამრავი ღირსეული ჯარისკაცის ნაბიჯი, დატოვოს მისი დანაყოფი და გაერიდოს უსამართლობას. და ეს კიდევ უფრო გულსატკენია, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. სამწუხაროდ, ახალი მთავრობის და ახალი მინისტრის პირობებში შეიარაღებულ ძალებში სავალალო პროცესები მიმდინარეობს, რაც სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. სწორედ ამ ნეგატიური პროცესების ფონზე კიდევ უფრო უკეთ გამოიკვეთა ის ფუნდამენტური წინსვლა ყველა მიმართულებით თავდაცვის სამინისტროში, რაც ბაჩომ განახორციელა მისი მინისტრობის დროს. მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ - ქართული შეიარაღებული ძალები მისი ცხოვრება იყო.
- გაქვთ თუ არა სახალხო დამცველის იმედი, რომელმაც სულ ახლახანს თქვენი მეუღლის საქმის მასალები გამოითხოვა..
- ჩვენ გვაქვს სურვილი სახალხო დამცველმაც და მთელმა არასამთავრობო სექტორმა უფრო აქტიური ქმედებები განახორციელოს იმ აშკარა დარღვევებთან დაკავშირებით, რაც არსებობს არამხოლოდ ბაჩო ახალაიას საქმეში, არამედ ბოლო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების საქმეებშიც.
- ქალბატონო ანი, თქვენი მეუღლის დროს მომუშავე თანამშრომლებს ღარიბაშვილის და ალასანია სამინისტროებიდან ითხოვენ... არის თუ არა ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება?
-,,ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პერიოდში შემოგვთავაზა ტყუილების კასკადი, რაც მყისიერად დადასტურდა არჩევნების შემდეგ. ეს მიდგომა - დათხოვნა სამსახურებიდან ამის ნათელი მაგალითია. ეს არის რბილად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
- ქალბატონო ანი, აპირებთ თუ არა სტრასბურგში თქვენი მეუღლის საქმის გასაჩივრებას?
- აღნიშნულზე გადაწყვეტილებას მიიღებს თავად ბაჩო ახალაია.
- თქვენი მაზლი, დათა ახალაია ინტერპოლით ძებნილია, ხომ არ აპირებს ისიც საქართველოში ჩამოსვლას?
- გადაწყვეტილებას ის თავად მიიღებს, ერთი მინდა გითხრათ - დათა ახალაია ყოველთვის მოქმედებდა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ყოველი მოქმედება ასეთი იქნება მომავალშიც.
0