18:05:03     19-12-2012
მიხეილ სააკაშვილი: ახალ მთავრობას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს

„ის, რაც დღეს საქართველოში ხდება არის დროებითი მოვლენა, რომელიც ფუნდამენტალურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფასეულობებს“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ შექმნილ სიტუაციას.
როგორც მან ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, ახალ მთავრობას 2014 წლის ადგილობრივ და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.
"იმ ხალხმა, ვინც ძალიან ჩქარობს, კარგად იცის ერთი რამ, რომ 2014 წელს მათ შანსი არ ექნებათ. უფრო მეტსაც გეტყვით, 2013 წლის ბოლოსაც არ აქვთ მათ შანსი, ამიტომაც არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ ჯერ კიდევ თანამდებობაზე ვარ. მინდა ვთქვა, რომ ბოლომდე თქვენთან ერთად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ საქართველომ განვითარება არ შეაჩეროს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საკრებულოს წევრებთან სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავებებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათი თანამოაზრეების დაკავება ათასგვარი მოგონილი და შეთითხნილი ბრალდებით ხდება. სააკაშვილის თქმით, ის პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მოთხოვნას უერთდება.
"გავიგე, რომ იქმნება ორგანიზაცია, რომელიც იბრძოლებს ქუთაისში პარლამენტის დატოვებისთვის და გთხოვთ, რომ რიგით წევრად ჩამრიცხოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და გამგებლებსა და გუბერნატორებს მადლობა გადაუხადა.
"ბოლო 9 წელიწადში ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფოებრიობა ცარიელ ადგილზე. მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც კანონის უზენაესობას და არა ბრბოს თვითნებობასა და ბრბოს კარნახს ეფუძნება. კანონის უზენაესობა ესაა ხალხის სამსახური, ბრბო კი ემსახურება ცალკე აღებულ დროებით პიროვნებებს, დროებითი თანამდებობის პირების ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ვერანაირი 100, 200 და 500 კაცი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. 2013-ში ჩვენ გვაქვს საპრეზიდენტო და 2014-ში ადგილობრივი არჩევნები. მანამდე არავის აქვს უფლება შეეხოს ადგილობრივ ინსტიტუტებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
0