როგორ აშანტაჟებდა ღარიბაშვილის უწყება სასამართლოს თანამშრომელს ინფორმაციის მისაღებად როგორ აშანტაჟებდა ღარიბაშვილის უწყება სასამართლოს თანამშრომელს ინფორმაციის მისაღებად />


  17:46:32     19-12-2012

როგორ აშანტაჟებდა ღარიბაშვილის უწყება სასამართლოს თანამშრომელს ინფორმაციის მისაღებად

a22581.jpg

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, უმცირესობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მოსამართლეებზე განხორიელებული ზეწოლის ფაქტებს ეხებოდა, რამდენიმე წუთის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ინფორმაცით, სპეცსამსახურის თანამშრომლები თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთი თანამშრომლის - მოსამართლის თანაშემწისგან თბილისის საქალაქო სასამართლოს შიდა სტრუქტურაზე ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ.

კუბლაშვილის თქმით, საქალაქო სასამართლოს თანამშრომლელს აიძულებდნენ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა სასამართლოს შიდა მოწყობაზე, მოსამართლეთა მოსასვენებელი თუ  სამუშაო ოთახების, სათათბირო ოთახებისა და  სასამართლოში ელექტრონული წარმოების სისტემის შესახებ.

„მათ ძალიან აინტერესებდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ თანამშრომლისაგან ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანზე და ეკითხებოდნენ მას კონკრეტულად იმის შესახებ, თუ რა სისუსტეები აქვს ახალ თავმჯდომარეს და აქვს თუ არა მას არაკორპორატიული,  სხვა მობილური ტელეფონის ნომერი“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და იქვე დასძინა, რომ  ამ კონკრეტულმა თანამშრომელმა ეს ყველაფერი ახსნა-განმარტებით ბარათში დაწერა და მოახსენა თავის თავმჯდომარეს, თავის მხრივ თავმჯდომარემ კი მიღებული ინფორმაცია მიაწოდა მის ზემდგომებს.

როგორც აღვნიშნეთ, სასამართლოებზე ზეწოლის განხორციელების მცდელობაზე დღეს განცხადება უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა გოკა გაბაშვილმა გააკეთა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის ის განცხადება წარადგინა, რომელშიც მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე იყო საუბარი.

გაბაშვილის განცხადებით,  ქალბატონს ბინაში შეხვედრა მოუწყვეს და კარი ჩაუკეტეს, მას სთხოვდნენ და აიძულებდნენ შს სამინისტროსთან თანამშრომლობას, აინტერესებდათ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია, მისი სისუსტეები, არაკორპორატიული მობილური ტელეფონი და ა.შ.

"ამ ქალბატონს შანტაჟით და მუქარით, მათ შორის პირადი ცხოვრების გამჟღავნების მუქარით, ასევე ფულადი დაინტერესებითაც აიძულებდნენ ყოფილიყო ორგანოების ინფორმატორი და მათი თანამშრომელი. ეს განცხადება დღეიდან საჯაროა, იუსტიციის საბჭოს წევრებს აქვთ და როგორც ვიცი, ვახტანგ ხმალაძესაც გადაეგზავნა.... ეს არის ფაქტი, რომელიც ნამდვილად შეიძლება გახდეს შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მოწვევისა და ამ შეკითხების დასმის მიზეზი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მეთოდებით ხდება "მუშაობა" სასამართლოსთან და მოსამართლეებზე ინფორმაციის მოძიება.  ეს არის სისხლის სამართლის საქმე და ნამდვილი დანაშაული. აქ არის ბევრი ფაქტი, რომლითაც ამ პირების დადგენა ნამდვილად არ იქნება რთული. ბევრი ფაქტია, რომლითაც შეგვიძლია დავადგინოთ, რომელი სპეცსამსახური, განყოფილება, ან დანაყოფია ახლა დაკავებული იმით, რომ სასამართლოზე ზეწოლა ამ სქემით განახორციელოს", - განაცხადა უმცირესობის წევრმა.

განცხადება, რომელიც დღეს გახდა საჯარო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს დაეგზავნა და მასში საუბარია იმ მეთოდის შესახებ, თუ როგორ ხდება სასამართლოსთან "მუშაობა" ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან.

0

ავტორი: