18:32:41     18-12-2012
ბესელიას ინდულგენცია განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებულებს
![a22555.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a22555.jpg)
ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უმრავლესობისა და უმცირესობის დაპირისპირების მიზეზი გახდა. დღეს გაირკვა, რომ ამნისტია გაცილებით ფართო სპექტრს შეეხება. მათ შორის ისეთ პატიმრებს, რომლებიც განზრახ მკვლელობისა და ტერორიზმის ბრალდებით არიან მსჯავრდებულები.
კანონპროექტის ინიციატორია „ქართული ოცნების“ წევრი, ბესელია ეკა. ის აცხადებს, რომ ციხე-კოლონიებიდან პატიმართა, მათ შორის განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებულთა მასობრივი გათავისუფლება ჰუმანური აქტია.
აქამდე, უმრავლესობა მალავდა იმ ფაქტს, რომ ბესელიასა და მის „ოცნებას“ დაგეგმილი ჰქონდათ ტერორიზმისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით გასამართლებულთა ამნისტირება.
თუმცა, დღეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც ბესელია აგრესიულად იცავდა საკუთარ პოზიციას, გაირკვა, რომ ისინი, ვინც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს (მკვლელობა, ტერორიზმი) მალე ბესელიას ინდულგენციას მიიღებენ.
მიუხედავად უმცირესობის წინააღმდეგობისა, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ბესელიას კანონპროექტს. კანონპროექტი განსახილველად გავა პლენარულ სხდომაზე. დამტკიცების შემთხვევაში კი, განზრახ მკვლელობისა და ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული პატიმრები მნიშვნელოვან შეღავათებს მიიღებენ (სასჯელის მესამედი ან მეოთხედი ჩამოეჭრებათ).
რას პასუხობენ მოკლულთა მშობლები ბესელიას? 2011 წლის 26 მაისს მოკლული პოლიციელის, დავით მასურაშვილის დედა, ანა აზნაურაშვილი აცხადებს, რომ მკვლელთა ციხე-კოლონიებიდან გამოშვებასა და მათთვის წლების ჩამოკლებაში ბესელიამ ფული აიღო. მსგავსი ეჭვები აქვთ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებსაც.
თუმცა, პრემიერ მინისტრ ივანიშვილს, რომელიც გვირჩევს, რომ გაგებით მოვეკიდოთ გახშირებულ კრიმინალს - ყაჩაღობებსა თუ მკვლელობებს, როგორც ჩანს, მოკლულთა მშობლების აზრი არ აინტერესებს.
სწორედ მისი თანხმობით შეიმუშავა ბესელიამ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მკვლელობისთვის გასამართლებულ პატიმართა ნაწილი უახლოეს მომავალში გათავისუფლდება. მათ უმრავლესობას კი, სასჯელი შეუმსუბუქდებათ (მესამედი ან მეოთხედი ჩამოეჭრებათ)...
0