12:12:53     18-12-2012
ბესელიას შურისძიება

პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შიმშილობს. ოქრუაშვილის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, ე.წ. "ზილების საქმეზე" დაკავებულებს, რომლებიც უკვე კვირაზე მეტია შიმშილობენ, ოქრუაშვილი სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თანაგუნდელებისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით კი, თუკი ირაკლი ოქრუაშვილს სურდა სპეციალური სტატუსის მინიჭება, იგი უნდა დალოდებოდა პარლამენტის გადაწყვეტილებას.
ბესელია თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მის ადვოკატს თავიანთი პოზიციის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს. ის საქართველოში მთავრობის ცვლილების შემდეგ ჩამოვიდა და სამართალდამცავებს ჩაბარდა.
ოქრუაშვილის აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინვე „ქართულ ოცნებასა“ და ოქრუაშვილს შორის გარიგებად მოინათლა. თუმცა, როგორც ჩანს, ირაკლი ოქრუაშვილი ‘’ოცნების’’ წარმომადგენლებმა გადააგდეს და პოლიტპატიმართა სიის მიღმა დატოვეს.
ბევრი ამ ფაქტს ბესელიას პირად შურისძიებად აფასებს, რადგან თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილმა ეკა ბესელია პარტიიდან მოისროლა.
პარტიის მთავარმა კომიტეტმა, ბესელიასთან დაკავშირებით, საკმაოდ მწვავე განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ის არ წყვეტდა იურიდიულ კავშირს პარტიასთან და მეტიც, პარტიის ინტერესების საზიანოდ, უკანონოდ განკარგავდა პარტიის ქონებას, ფინანსებსა და დოკუმენტაციას, რითაც პარტიას შეგნებულად აყენებდა ზიანს.
,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის" მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით, პარტიის რიგებიდან გარიცხულია ეკა ბესელია და პარტია აფრთხილებს მესამე პირებს, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები და განხორციელებული ქმედებები (მათ შორის ფინანსურიც) არის უკანონო და პარტიის ინტერესების საზიანო. პარტია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მის ამგვარ ქმედებებზე. უახლოეს დღეებში სასამართლოში მის მიმართ შეტანილი იქნება სარჩელი მისი ქმედებების შედეგად მიღებული ზიანის ანაზღაურების შესახებ" - ნათქვამი იყო განცხადებაში, რომელსაც ხელს პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები: ირაკლი დოლაბერიძე, ამირან იობაშვილი, რამაზ იოსელიანი, ლევან ტერაშვილი და თეო ტლაშაძე აწერდნენ.
„ქართული ოცბებისგან“ გადაგდებული ოქრუაშვილიც ალაპარაკდა. ის მხოლოდ მინიშნებებით საუბრობს, რომლის ქვეტექსტშიც ეკა ბესელიას სილუეტი იკვეთება.
„ეჭვი არასდროს მეპარებოდა, რომ ჩემი საქმეების ბედი წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობასა და პოლიტიკურ კონიუნქტურაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ იმას ნამდვილად არ ველოდი, რომ შავზე იტყოდნენ თეთრიაო და ცინიკური და გაუგებარი არგუმენტებით ასე ერთი ხელის მოსმით გვეტყოდნენ უარს. პირველი - ყველაზე მეტად ცინიკური ის არის, რომ ამას აკეთებს შენი ყოფილი ადვოკატი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ყველა იმ საქმის "შეკერვის" ისტორია, რის გამოც ამ სიის შედგენა 2007 წელს ჩემით დაიწყო; და მეორე - ძალიან უცნაურია, რომ ერთი და იმავე საქმეზე (ე.წ. "ზილების" საქმეს ვგულისხმობ) ათ კაცზე მეტი მოხვდა ამ სიაში, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილ პირებს უარი ეთქვათ.
ჩემთან დაკავშირებული ყველაზე უნიჭო არგუმენტი ბოლოს ის მოვისმინე, რომ არ ჩამოსულიყო, სიაში დარჩებოდაო. აქამდე ნაკლებად მაინტერესებდა მაგ სიის ბედი და დიდად არც ვამყარებდი მასზე იმედს, მაგრამ ამ ცინიზმის შემდეგ და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობრებიც ამოიღეს და დანარჩენებსაც უარი უთხრეს მასში შეყვანაზე, ამან ჩემთვის ერთგვარი პრინციპულობა შეიძინა. ვინმესთვის ხვეწნა-მუდარას არ ვაპირებ. ჩემთვის რთული ისაა, რომ ჩემმა მეგობრებმა 17 დეკემბრიდან სიაში შეყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს და მე გულგრილი ვერ ვიქნები მათი გადაწყვეტილების მიმართ. განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც საკანში ორი კაცი ხართ, ერთი შიმშილობს და შენ კი საკვებს იღებ, ეს ჩემგან ამორალური იქნება.
ყველაზე მეტად იმის იმედი მქონდა, რომ პროკურატურაში სრულიად შეცვლილი გარემო დამხვდებოდა“,- აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში ოქრუაშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებს „ერთი ადამიანი მართავს“.
ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის გადაწყვეტილება და განმარტებები ბუნდოვანია ოქრუაშვილის თანაგუნდელებისთვისაც.
„გაურკვეველი დარჩა, მოხვდება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი ამ სიაში. თუ პოლიტდევნილის სტატუსის მისაღებად მას ჰქონდა ყველა საფუძველი, რა აღმოჩნდა, ან შეიძლება აღმოჩნდეს ხელისშემშლელი პოლიტპატიმრის სტატუსის მისაღებად? ასევე გაუგებარია ჩვენთვის, ერთსა და იმავე, ე.წ. "ზილების რევოლუციის" საქმეზე, ჩვენი წევრების კლასიფიკაცია: ნაწილი აღმოჩნდა სიაში, ნაწილი - არა, ნაწილის სასამართლო პროცესი კი მიმდინარეობს. გვინდა კომისიას შევახსენოთ, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავდა, რომ ოქრუაშვილთან დაკავშირებული ყველა პირი არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ ადამიანებს გაათავისუფლებდნენ. საპარლამენტო კომისიას ვთხოვთ, გვაცნობოს ზუსტი თარიღი, როდის მოხდება ოქრუაშვილის და მასთან დაკავშირებული პირების საქმის განხილვა", - აცხადებს "ქართული პარტია" და ყველა იმ უფლებადამცველ ორგანიზაციას, რომელიც წარმოდგენილია კომისიაში, სთხოვს, ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებულ პროცესებს დაესწრონ.
მათივე განცხადებით, 2007 წლიდან, ირაკლი ოქრუაშვილის ცნობილი განცხადებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენებისას, ყველა ის ოპოზიციონერი ლიდერი, ვინც დღეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს, ცალსახად აღნიშნავდა, რომ ოქრუაშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი და შემდგომ დევნილი. თუმცა ეს რიტორიკა შეიცვალა.
„ირაკლი ოქრუაშვილი ყველა იმ სიაშია პოლიტპატიმრად, რომელსაც სხვადასხვა უფლებადამცველები 2007 წლიდან დღემდე ადგენდნენ, თუმცა 20 ნოემბერს, როდესაც იგი საქართველოში დაბრუნდა, პოლიტპატიმრის სტატუსი ავტომატურად მოეხსნა და ასევე ავტომატურად უნდა ეღიარებინათ პოლიტპატიმრად“,- მიიჩნევენ ექს-თავდაცვის მინისტრის მეგობრები და თანამოაზრეები.
0