11:07:35     18-12-2012
თბილისში ცნობილი ექიმი, პროფესორი ავთანდილ საყვარელიძე მოკლეს
მკვლელობა მოხდა წუხელ თბილისში. გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ექიმი, 85 წლის ავთანდილ საყვარელიძე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.
გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, თავდამსხმელმა საყვარელიძე გაგუდა, შემდეგ კი ბინიდან ოქრო და ძვირფასეულობა წაიღო.
მათივე ვარაუდით, საყვარელიძე მკვლელს იცნობდა, რადგან, როგორც ჩანს, პროფესორმა მძარცველს კარი თავად გაუღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, მაგრამ მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კრიმინალურმა შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. მხოლოდ ბოლო 2 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ათზე მეტი მკვლელობა დაფიქსირდა.
25 ნოემბერს საზარელი მკვლელობა მოხდა თბილისში - კონიაკის დასახლებაში. მანანა შენგელია ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი, წინასწარი ინფორმაციით, სასტაკად აწამეს და ყელი გამოჭრეს.
ახალგაზრდა მამაკაცი მოკლული იპოვეს ჭიათურაშიც. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 22 წლის ბიჭი გამოასალმეს სიცოცხლეს თბილისში, ავლაბრის მეტროს წინ.
25 ნოემბერს ნონეშვილის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი იპოვეს, რომელიც 45 წლის სოსო ჩიქობავა აღმოჩნდა. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ჭრილობა ქონდა მიყენებული, მათ შორის ერთი საკონტროლო გასროლით.
რამდენიმე კვირის წინ, მკვლელობა მოხდა კახეთშიც... 13 დეკემბერს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 72 წლის მამაკაცი მოკლეს რუსთავში.
ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პასუხია, გაგებით მოეკიდოს მოსახლეობა კრიმინალის მკვეთრად მომატებას. "კრიმინალი მოიმატებს, სადღაც მანქანას დაგიზიანებენ, იქნება აფეთქებებიც, მაგრამ საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს", - რამდენჯერმე გაიმეორა ივანიშვილმა.
0