ღარიბაშვილს „შეწირულები“ ღარიბაშვილს „შეწირულები“ />


  16:02:47     15-12-2012

ღარიბაშვილს „შეწირულები“

a22507.jpg

შსს-ს თანამშრომელი, 4 თვის ფეხმძიმე ნინო დუნდუა მხოლოდ იმიტომ დაითხოვა ირაკლი ღარიბაშვილმა სამსახურიდან, რომ თენგიზ გუნავასთან ერთად, ბაჩო ახალაიას შვილის ნათლიაა. ნინო თავისი საქმის პროფესიონალია. ის ჯერ ბაჩო ახალაიას შს მინისტრად დანიშვნამდე, წლების მანძილზე მუშაობდა შსს-ში.

თუმცა, ნინო დუნდუა არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა და სამსახურიდან დაუსაბუთებლად და არგუმენტების გარეშე გაუშვეს.

ათეულობით ფაქტია, როდესაც უარგუმენტოდ ტოვებენ საჯარო მოხელეებს უსამსახუროდ, ვინმეს შემთხვევით ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად წვეულებაზე გადაღებული ფოტო რომ უნახონ 'ფეისბუქზე', ამის გამო უშვებენ სამსახურებიდან. მეტიც, „პრესა ჯი’’-ს წყაროს ინფორმაციით, ღარიბაშვილმა  შსს სამინისტროში სპეციალურ ჯგუფს დაავალა, რომ შსს-ს პირადი შემადგენლობის პირადი საქმეები ხელახლა გადაიხედოს და ახალი წლის შემდგომ კადრების განკარგულებაში გადაყვანონ ის ადამიანები, რომლებსაც ყოფილ ხელმძღვანელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ან ნათესაური კავშირები აქვთ, ან სულაც უბრალოდ მერაბიშვილის სამადლობელი წერილები აქვთ. მართალია, ღარიბაშვილი ამას კამერების წინ უარყოფს, მაგრამ ფაქტები სახეზეა. აი, სულ ცინცხალიც, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა:,,სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გამათავისუფლეს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის სეხნია და მოგვარე ვარ" - აცხადებს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უკვე ყოფილი გამომძიებელ-ინსპექტორი ბაჩო ახალაია. "თითქმის წელიწადი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ განყოფილებაში ვმუშაობდი. აქამდე ერთი გადაცდომაც არ მქონია. არც კი მიფიქრია, რომ სამსახურიდან მხოლოდ სახელისა და გვარის გამო გამათავისუფლებდნენ. თავის დროზე ხომ ამ დეპარტამენტში იმიტომ არავის ავუყვანივარ, რომ მინისტრის სეხნია და მოგვარე ვიყავი?! ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ, ერთ კვირაში პატაკი დამაწერინეს, როცა გათავისუფლების მიზეზი ვიკითხე, მხოლოდ ის მიპასუხეს გვარი და სახელი გაქვს ისეთი, აქ არავინ გამუშავებს, უნდა დატოვო სამსახურიო. ბაჩოს რეკომენდაციით მოხვედი სოდ-ში, მისი კლანის წევრი ხარო"- აცხადებს ბაჩო ახალაია. 

მისი თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან ნათესაობა არ აკავშირებს:,,ორი შვილის მამა ვარ და ეს ხელისუფლება უმუშევრად მხოლოდ იმიტომ მტოვებს, რომ ვიღაცის სეხნია და მოგვარე ვარ?! ერთი წელი ვიმუშავე სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში. გამოიძიონ ჩემი წარსული, თუ რაიმე დარღვევას აღმომიჩენენ პასუხს ვაგებ. "- აცხადებს ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი.

ასევე, ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე, „პრესა.ჯი’’-ს  საპატრულო დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოდან შეატყობინეს, რომ  თითქმის მთელი პირადი შემადგენლობა დაითხოვეს გაურკვეველი მოტივაციით, მოსთხოვეს დაეწერათ განცხადებები, რადგან ზუგდიდელები არიან და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ლევან ქარდავას   მეზობლები. საპატრულო დეპარტამენტში არსებულ ანგარიშსწორებაზე  ჯერ კიდევ ღარიბაშვილის დანიშვნიდან მეორე დღეს ალაპარაკდნენ, როცა საპატრულო დეპარტამენტის  ქალაქის სამმართველოს უფროსი შალვა ბარელაძე საკუთარ კადრებს ოცმეთაურებიდან პირდაპირ მოადგილეებამდე აღზევებდა, ხოლო ძველი წყენებისა და პირადი დამოკიდებულებების გამო ზოგიერთს სახლში უშვებდა. ანალოგიურ წნეხზე საუბრობდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლს მეუღლე ნინო აბულაძე, რომლის ქმარიც სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ წინა ხელისუფლებაში მისი ერთ-ერთი შორეული ნათესავი თანამდებობაზე იყო.  

ანალოგიურ წნეხზე ღიად აცხადებდა შსს-დან თავისი პატაკის საფუძველზე წამოსული გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ონიანიც.

იგივე ხდება თავდაცვის სამინისტროში, სადაც ირაკლი ალასანიას პირადი დაცვის ყოფილი  უფროსი, რომელიც ახლა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის შეფად დაინიშნა, ქვეითი ბატალიონების ჯარისკაცებს საკუთარ კაბინეტში იბარებს, ხოლო ადმინისტრაციის თანამშრომლებს კი მხოლოდ იმიტომ უშვებენ, რომ სამინისტროში ბაჩო ახალაიას დროს დაიწყეს მუშაობა.

პოლიტიკური რეპრესიების ხელი მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებს  არ დაეტყო. პირველი ნაბიჯები ამ მხრივ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გადადგეს: მაგალითად, მინისტრის მოადგილე ლილი ბეგიაშვილი უმოტივაციოდ გაუშვეს სამსახურიდან და პრივატულ საუბრებში მიზეზად, კახა ბენდუქიძის ახლობლობა დაასახელეს.  „ნაციონალ“ აკაკი ბობოხიძის სიდედრი კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის - LMA დირექტორი თინათინ ონაშვილი სამინისტროს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს: "საქმე ის არის, რომ ჩემი ქალიშვილის ქმარია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი ბობოხიძე. არჩევნების შემდეგ სამინიტროში მოსულმა ახალმა ხელმძღვანელობამ შემომითვალა, დამეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. მითხრეს ყველა ჩვენიანი გვინდა იყოსო", - ამბობს ონაშვილი.

თინათინ ონაშვილის თქმით, მან განცხადების დაწერაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ამ თანამდებობაზე 2006 წლიდან მუშაობს და ლაბორატორიის გადასარჩენად ბევრი აქვს გაკეთებული:,,ვუთხარი, რატომ უნდა წავიდე, რატომ უნდა დავწერო განცხადება, მერე დამანებეს თავი. გუშინ ისევ მოვიდა მათი წარმომადგენელი, რომელმაც მითხრა უკვე ბრძანებას ვწერთო. ვუთხარი არაფერი დამიშავებია და განცხადებას არ დავწერ-მეთქი. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება", - ამბობს ონაშვილი.

ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია და „პრესა.ჯი“ ათეულობით საჯარო მოხელის გათავისუფლების  ფაქტებს უახლოეს მომავალშიც მოგაწვდით. 

0

ავტორი: