„ორნი აქა-იქ“ „ორნი აქა-იქ“ />


  10:54:45     29-12-2010

„ორნი აქა-იქ“

a2906.jpg

თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში „ორნი აქა-იქა“ პირველად 2009 წელს დაიდგა. ქართველებისთვის ასეთი ტრაგიკული თემა სცენაზე ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ გააცოცხლა. სპექტაკლი გურამ დოჩანაშვილის ყველასთვის კარგად ნაცნობი მოთხრობის მიხედვითაა დადგმული. აი, მოთხრობა კი, ქართველებისთვის ისეთ მტკივნეულ თემაზეა, როგორიცაა 9 აპრილი... 9 აპრილი, რომელზეც დღესაც ვერ საუბრობენ ცრემლისა და უსაზღვრო სევდის გარეშე.

არ ვიცი, შეიძლება, მოთხრობის განსაკუთრებული სიყვარულის ბრალია, შეიძლება, ძალიან ბევრს მოვითხოვდი ამ თემაზე... ამ მოთხრობაზე... მაგრამ ფაქტია, სპექტაკლმა ჩემზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ძნელია ილაპარაკო ისეთ ტრაგედიაზე, როგორიც 9 აპრილია და კიდევ უფრო ძნელია სცენაზე გადმოიტანო სხვისი თვალით დანახული ეს ტრაგედია. „ორნი აქა-იქა“ ესაა მოთხრობა, რომლის დადგმაც  საოცრად რთულია... რთულია გააცოცხლო ისეთი დიალოგები, რომლის გაცოცხლებაც თითქმის შეუძლებელია და რომელიც დიდი ხნის წინ მკითხველმა უკვე წარმოიდგინა, დახატა და შეუსაბამა თავის წარმოსახვას.

სცენაზე გამოდის პატარა გოგონა (ანა - მარია გურგენიშვილი) რომელიც სამოთხეში ხვდება 9 აპრილს მომხდარი დარბევის შემდეგ... იგი ესაუბრება ღვთისმშობელს (მაია გელოვანი) და წმინდა ნინოს (ნათია მეტრეველი), ნელ-ნელა ცოცხლდება მისი ცხოვრების დეტალები, გარდაცვალების მომენტი, პარალელურად ნაჩვენებია მისი მკვლელის, რუსი `სალდათის` - სტასიკის (ნიკა წერედიანი) ცხოვრებაც... რომელსაც გარდაცვალების შემდეგ, განსასჯელად თავის მოკლულ გოგონას მიუყვანენ...

ყველაზე ახლოს დოჩანაშვილისეულ პერსონაჟებთან სწორედ სტასიკია. ნიკა წერედიანი ზუსტად ქმნის  უთავმოყვარეო და ყოველგვარ ადამიანობა დაკარგული რუსი „სალდათის“ სახეს.“ სალდათისა“, რომელსაც არ გააჩნია არაფერი წმინდა. თითქოს ამ პერსონაჟშია მოთავსებული ყველა ის ადამიანი, რომელმაც იმ დღეს უდანაშაულო, უიარაღო ახალგაზრდები  სასიკვილოდ გაიმეტა.

მოთხრობის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი- მონადირე (გიორგი ნაკაშიძე) რამდენიმე სცენაში სჩანს, აქაც იკარგება მისი მწერლისეული სახე... მკითხველის წარმოდგენილი თითქოს სულ სხვაა... უფრო  არაამქვეყნიური, უჩვეულო, მაგრამ მაინც საოცრად ახლობელი... ხოლო რაც შეეხება სპექტაკლის მონადირეს, იგი  არც კი იწვევს მაყურებლის ინტერესს, პერსონაჟი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი უნდა იყოს  მთელი ამ ამბისა, იკარგება, უფერულდება.

ძირითადად, სპექტაკლი  თხრობაზეა დაფუძნებული. სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა, მოთხრობაში მთავარი მომენტები ხომ  თავად მწერლის მონოლოგებია. სწორედ მთხრობელი  (თემო ნატროშვილი),  ღვთისმშობელი და წმინდა ნინო,  აცოცხლებენ დოჩანაშვილის თხრობის გენიალურ სტილს.

„ორნი აქა, იქას“ მუსიკალური ხელმძღვანელია- კოკა ნიკოლაძე.  აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მუსიკა საკმაოდ კარგადაა შერჩეული. სწორედ, წყნარი, არც თუ ისე მაღალი და არც ძალიან შეუმჩნეველი მუსიკაა ამ სპექტაკლისთვის საჭირო.

და ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ მთელი სპექტაკლი მოთხრობის მხატვრული კითხვაა  მუსიკის თანხლებით...  სამწუხაროდ, მაყურებელთა შორის აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არა მარტო წაკითხული არ ჰქონდათ „ორნი აქა-იქა“ მეტიც,  სპექტაკლის თემაზეც არ იყვნენ მაინცდამაინც ნათელი წარმოდგენის... ჩემს უკან მჯდომმა გოგონამ დასასრულს, გახარებულმა და აღტაცებულმა თავისი „მიგნებით“, არც თუ ისე ხმადაბლა გადაუჩურჩულა გვერდზე მჯდომს: მგონი ეს სტასიკი რუსი უნდა იყოსო...

0

ავტორი: