22:43:56     13-12-2012
მისტიკურ ოთხშაბათს (12.12.12) მამამ შვილს სხეულზე საკრალური სიმბოლო ამოტვიფრა
ეჭვმიტანილმა, ამრიკელმა ბრენტ ტროი ბარტელმა თავად დარეკა 911 სამაშველო სამსახურში და განაცხადა, რომ `უდანაშაულოს სისხლი დაღვარა.~ როდესაც სამაშველო სამსახურში გაიგეს, რომ ეს შვილს ეხებოდა, და მიზეზი იკითხეს, სადისტმა თავის ცრურწმენების მოყოლა დაიწყო.
,,ეს საკრალური დღეა', _ ასე ახსნა თავისი საქციელის მოტივი ბრენტ ბარტელმა.
მომხდარის შესახებ ცნობილი გახდა 0:10, ანუ ოჯახის უფროსმა თავისი ბავშვი 2012 წლის 12 დეკემბრის დადგომის პირველსავე წუთებში დაასახიჩრა. ეს თარიღი, რომელიც ციფრების ერთი და იგივე კომბინაციისგან შედგება (ასეთი რამ ას წელიწადში ერთხელ ხდება), ეგზალტირებულ და ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ხალხში საშინელ ცრურწმენებს იწვევს.
მისტიკური განწყობილებებით შეპყრობილმა მამამ შვილს ზურგზე პენტაგრამა (ხუთქიმიანი ვარსკვლავი) ამოტვიფრა. ამ სიმბოლოს ხშირად სატანისტები და ნეოწარმართები იყენებენ.
სხვათა შორის, სამაშველო სამსახურში მომხდარის თაობაზე ორი ზარი გაისმა. ბავშვის დედამაც, მეზობლის სახლიდან დარეკა და განაცხადა, რომ მისი ქმარი ბავშვს აწამებდა.
ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ბავშვი შუა ოთახში საღამური შარვლის ამარა ნახეს. მთელ ზურგზე ბიჭს სისხლმდენი ნახატი ჰქონდა. იქვე იპოვეს საკანცელარიო დანაც, რომლითაც, სავარაუდოდ, დამნაშავე მოქმედებდა.
დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექვსი წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარმა პოლიციელები შოკში ჩააგდო. `ამის ნახვა მხოლოდ ფილმებში თუ შეიძლება და არამც და არამც რეალურ ცხოვრებაში, _ თქვა პოლიციის სერჟანტმა.
ბრენტ ბარტელი უკვე ციხეშია და აქვს უფლება განთავისუფლდეს 500 ათასი დოლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ.
სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ პოლიცია ადრეც არაერთგზისაა ნამყოფი ბარტელის ოჯახში ცოლ-ქმარს შორის ატეხილი სკანდალის გამო, რა დროსაც მამაკაცის სადისტური ხასიათის შემჩნევა არცთუ რთული უნდა ყოფილიყო. 0