21:05:20     11-12-2012
დავით საყვარელიძე: პარლამენტის პირველი წევრი ვარ, ვინც ბიძინამ ხადურს დაკითხვაზე დააბარებინა

იმერეთის ყოფილი გუბერნატორის, ლაშა მაქაცარიას დაკითხვა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. როგორც მან „პრესა.ჯი“-ს განუცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, 2006 წელს, რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა.
ლაშა მაქაცარია: იყო კითხვები რიყის ტერიტორიაზე, რომელიც 2006 წელს გასხვისდა. სამართალდამცავებს ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი.
- როგორ აფასებთ თქვენი დაკითხვის ფაქტს, იყო თუ არა რაიმე სახის ზეწოლა თქვენზე დაკითხვის პერიოდში?
- ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ იყო კითხვები, თუმცა, რა თქმა უნდა ამ კითხვებს გამოძიებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით. შეფასებებები შეიძლება გაკეთდეს მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება. არანაირი ზეწოლა არ მიგრძვნია.
- რა სტატუსით იმყოფებოდით უწყებაში და ვინ იცავდა თქვენ ინტერესებს?
- როგორც გითხარით საუბრის თემას რიყის ტერიტორიის გასხვისება წარმოადგენდა. რადგან ამ პერიოდში მე კომისიის წევრი ვიყავი, გამოძიებამ საჭიროდ ჩათვალა მოწმის სტატუსით დავებარებინე. ადვოკატის დახმარება არ დამჭირდა. ყველა კითხვას პასუხი გავეცი.
- საგამოძიებო სამსახურს კითხვები დავით საყვარელიძესთანაც აქვს, გარდა საყვარელიძისა ვინ შეიძლება დაიბარონ უწყებაში?
- ეს ჩემი პრეროგატივა არ არის. ალბათ ყველას დაუსვამენ კითხვას, ვინც ირიბად თუ პირდაპირ იყო ჩართული აღნიშნულ საქმეში. რაც შემეხება მე, მზად ვარ სურვილის შემთხვევაში ვითანამშრომლო სამართალდამცავ ორგანოსთან.
მაქაცარიასგან განსხვავებული პოზიცია აქვს უმცირესობის წევრ დავით საყვარელიძეს. საყვარელიძე საგამოძიებო სამსახურში ხვალ, 12:00 საათისთვის დაიბარეს, თუმცა, როგორც დეპუტატმა განაცხადა ის დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
‘’როგორც ყოფილი პროკურორი პატივს ვცემ გამოძიებას, თუმცა ეს არ არის ჩვეულებრივი გამოძიება, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი - ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა, თავის პარტიის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ამიტომ, პოლიტიკურ დევნას ვპასუხობ კონკრეტული საჯაროობით... არ მსურს ხელი შევუწყო პოლიტიკური დევნისა და სიბინძურეში ჩვენი გასვრის პროცესში დღევანდელ ხელისუფლებას, ამიტომ, ყველა კითხვას საჯაროდ ვუპასუხებ. ვაცხადებ მზადყოფნას, ნებისმიერი კითხვა გამომიგზავნონ საჯაროდ და მე საჯაროდ ვუპასუხებ’’ - განაცხადა დავით საყვარელიძემ.
მოგვიანებით დავით საყვარელიძე აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა: ‘’მომილოცეთ! პარლამენტის პირველი წევრი ვარ, ვინც ბატონმა ბიძინამ ბატონ ხადურს დაკითხვაზე დააბარებინა. ‘’ბატონო დავით, 2012 წლის 12 დეკემბერს, 12:00 საათზე მოწვეული ხართ მოწმის სახით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, გამომძიებელ დავით ჩუბინიძესთან." ფინანსური პოლიციაც დახვეწილა. ჩვენი პარტიის ოფისში უწყების მოტანა და საზეიმოდ გადმოცემა გადაიფიქრეს და sms მომწერეს. ანუ 6 თეთრი გაიმეტეს ბიუჯეტიდან’’- დაწერა დეპუტატმა.
0