13:48:26     11-12-2012
თენგიზ გუნავა: შსს-ში ძველი, კორუფციაში გარეული, ნარკოტიკებთან კავშირში მყოფი პირები აჰყავთ

შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა მის დაკავებაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მან მთავარ პროკურატურაში საჩივარი უკვე შეიტანა.
ამასთან, როგორც სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, გუნავას ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ნარკოტიკული ნივთიერების არცერთი სახეობა არ მიუღია, მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ყოფილი მაღალჩინოსნი დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „პრესა.ჯი“ თენგიზ გუნავას ესაუბრა.
პრესა.ჯი: ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, თქვენ ნარკოტიკული საშუალება არ მიგიღიათ...
თენგიზ გუნავა: დაკავების შემდეგ მე სითხის დალევა მაიძულეს. რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება იყო გარეული, რაც ნარკოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა. მე საკუთარ თავთან მართალი ვიყავი და ამიტომაც გათავისუფლების შემდეგ მივმართე ექსპერტიზის ბიუროს. შემოწმება თმის ღერის საშუალებით ჩატარდა. ამ გზით იმდენი თვის ინფორმაციის მოპოვება შეიძლება, რამდენი სანტიმერტიცაა თმა. ჩემი თმის ღერი დაახლოებით 4 სანტიმეტრი იყო, გამომდინარე აქედან, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში მე ნარკოტიკული საშუალება არ მიმიღია. ექსპერტიზის ეს პასუხი, დაკავებაში მონაწილე პირებისთვის, საბრალდებო დასკვნაა, მათ განაჩენი გამოუტანეს საკუთარ თავს. ამიტომ, აღნიშნული პირების კანონის მთელი ძალით დასჯას მოვითხოვ.
ჩემს ირგვლივმყოფებმა იციან როგორი დამოკიდებულება მაქვს ნარკომანებთან.
- რას უკავშირებთ თქვენს განმეორებით დაკავებასა და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას?
- მაღალჩინოსანთა დაჭერები შურისძიებითაა ნაკარნახევი, მათ შორის ჩემი დაჭერაც. ახალი ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრის შეცვლას ცდილობს.
- თქვენი უდანაშაულობის დამტკიცების შემთხვევაში რამდენად გჯერათ სამართლის აღსრულების?
- დამნაშავეთა დაპატიმრების მოთხოვნით უკვე მივმართე პროკურატურას. დავიკითხე და ამომწურავი პასუხი გავეცი სამართალდამცავთა ყველა კითხვას. ჩემს უკანონო დაკავებაში, იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადებაში მონაწილე პირების დაჭერას რამდენიმე წუთი უნდა, მთავარია მათი დაკავების სანქცია გასცეს პროკურატურამ.
- თქვენმა ბიძამ, რომელიც აბაშის გამგებელი იყო, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ხომ არ ყოფილა მასზე რაიმე სახის ზეწოლა?
- სიმართლე გითხრათ მასთან ამ თემაზე არ მისაუბრია, თუმცა ფაქტია, რომ გამგებლებზე ზეწოლა ხორციელდება. არ გამოვრიცხავ, რომ გურამ გუნავას გადადგომა ჩემს სახელთანაც იყოს დაკავშირებული.
- როგორ შეაფასებდით საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე უწყების მუშაობას მთავრობის ცვლილების შემდეგ, შსს-ს ვგულისხმობ...
- ამ ეტაპზე რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ ახალმა მინისტრმა ბევრი პროფესიონალი დაითხოვა სამსახურიდან. უამრავი კვალიფიციური კადრი, რომელიც პატრულის დაარსების დღიდან უწყებაში მუშაობდა ღარიბაშვილმა დატოვა სამსახურის გარეშე. უშვებენ ჯანსაღ კადრებს და შს სამინისტროში ძველი, კორუფციაში გარეული, ნარკოტიკებთან კავშირში მყოფი პირები აჰყავთ. სწორედ ამას ვუკავშირებ ქვეყნის მასშტაბით კრიმინალის მომატებას.
- ელოდებით კიდევ ერთხელ დაპატიმრებას?
- ისეთ არაპროგნოზირებად ხალხთან მაქვს საქმე, არაფერია გამორიცხული.
შეგახსენებთ, თენგიზ გუნავა ორჯერ იყო დაკავებული. იგი პირველად მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, მეორედ კი 29 ნოემბერს დააკავეს.
პირველ ჯერზე გუნავას ბრალი ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით წაუყენეს. მეორედ კი მას გამოძიება 3 ათასი ლიტრი ბენზინის გახარჯვის მართებულობას ედავებოდა.
0