00:00:00     11-12-2012
უცხოეთში მომზადებული სკანდალური ფილმი - ვინ არის და რას საქმიანობდა ივანიშვილი?!

საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაცვის უფროსი ბიძინა ივანიშვილს ამხელს: იარაღის უკანონო ბიზნესი, ბიზნეს-პარტნიორების ფიზიკური განადგურება და მათი აქტივების ხელში ჩაგდება, კვანტრიშვილების მკვლელობა და ივანიშვილის როლი ბადრი პატარკაციშვილის მოშორებაში.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრი - ბაჩუკი გვანცელაძე, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზე მაკომპრომიტირებელი ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავს.
ბაჩუკი გვანცელაძის განცხადებით, დოკუმენტურ ფილმში ასახული იქნება ივანიშვილის როლი ბადრი პატარკაციშვილის მოშორებაში, იარაღით უკანონო ვაჭრობასა და ბიზნესპარტნიორების ფიზიკურ განადგურებაში.
ბაჩუკი გვანცელაძე: „სულ მალე საქართველოს მოქალაქეები იხილავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დანაშაულებრივ ქმედებებს, როგორც დოკუმენტალურად ასევე აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს:
1) იარაღის უკანონო ბიზნესი.
2) ბიზნეს პარტნიორების ფიზიკურად განადგურება და მათი აქტივების ხელში ჩაგდება.
3) კვანტრიშვილების საქმე.
4) რაც ყველაზე საინტერესოა, ირიბი თუ პირდაპირი ჩარევა პატარკაციშვილის მოცილებასთან დაკავშირებით.
აქედან გამომდინარე ვეკითხები ხალხს, წინასაარჩევნოდ რატომ იდგა ყველა გამოსვლისას ბატონი ბიძინა ჯავშან შუშებს მიღმა? გიპასუხებთ: პირველი - ეშინოდა ებრაური მაფიის და მეორე - ჩეჩნური დაჯგუფებებისა, რომლებიც მჭიდრო კავშირში იყვნენ ძმებ კვანტრიშვილებთან.
გაიხსენეთ, ბატონი ბიძინა გარკვეული წლების განმავლობაში შიშით ფეხს ვერ ადგამდა ჭორვილადან, საიდანაც მართავდა მის მილიარდიან იმპერიას. ასე რომ ელოდეთ სენსაციებს.
უბედურება ისაა ამ ყველაფერში რომ ამ საქმიანობების შესახებ საქმის კურსში იყო როგორც დაზვერვა, ისე შსს-ს ხელმძღვანელობა" - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრი, „ომის ვეტერანთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუცნებელი ბაჩუკი გვანცელაძე.
„პრესა.ჯი“ დაინტერესდა როდის და რა ფორმით იხილავს საზოგადოება ბაჩუკი გვანცელაძის დაანონსებულ მასალას.
პრესა.ჯი: ძალიან სკანდალური განცხადება დააანონსეთ, როდის გავრცელდება ფილმი?
ბაჩუკი გვანცელაძე: ფილმი ორ კვირაში უნდა ჩამოვიდეს, თუმცა საიდან, ამას ვერ გაგიმხელთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დანაშაულებრივ ქმედებებს საზოგადოება 14 დღეში ნახავს. თუ ორი კვირის შემდეგ ფილმმა დღის სინათლე ვერ ნახა, ჩათვალეთ რომ მე ციხეში ჩამსვამენ, ან „ისინი“ არიან განადგურებულნი.
- ვის გულისხმობთ, ჟურნალისტ ვლადიმერ ივანაძეს?
- მასალების გამოქვეყნების შემდეგ შეიძლება ფაქტების უტყუარობაზე საუბარი. ვისაუბრებთ იმაზეც, რა გზებით მოხერხდა ფაქტების მოძიება. არის ხალხი ვინც 90-იანი წლებიდან აღბეჭდავს ივანიშვილის უკანონო ქმედებებს, ფილმიც სწორედ ამ პერიოდს მოიცავს: 1996-დან 1998 წლის ჩათვლით.
- ფილმის ჩამოსვლამდე იქნებ გვითხრათ, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის რომელ ეპიზოდზეა საუბარი?
- ერთ-ერთი საქმე ეხება ბანკ „რასიისკი კრედიტს“. ბანკის 40% - ს ჩეჩნური დაჯგუფების წევრები ფლობდნენ. საუბარია აფრიკულ ქვეყნებში იარაღის უკანონო ბიზნესზე. გეტყვით, რომ რუსეთიდან ანგოლაში იარაღის არალეგალურად გადაზიდვის პროცესში ანგოლას ხელისუფლება იყო ჩარეული.
ამ პროცესს ხელმძღვანელობდა მაფიოზი არკადი გაიდამაკი. გაიდამაკის მთავარი პარტნიორი კი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკი „რასიისკი კრედიტი“ იყო. კრედიტის 20% ებრაულ მაფიას, 40% კი ე.წ კანონიერ ქურდებს ეკუთვნოდათ.
ბაჩუკი გვანცელაძემ „პრესა.ჯი“-სთან საუბარში მისი თანამზრახველის დასახელებისგან თავი შეიკავა. ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა არის თუ არა ივანიშვილზე ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების ავტორი, ჟურნალისტი ვლადიმერ ივანაძე.
შეგახსენებთ, ვლადიმერ ივანაძის ჟურნალისტური გამოძიების გარდა, ივანიშვილის საქმიანობას დოკუმენტური ფილმიც მიეძღვნა, რომელიც გიგა ლიპარტელიანის წიგნის მიხედვითაა გადაღებული. რამდენიმე თვის წინ დოკუმენტური ფილმის: „სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ანუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი" მხოლოდ პირველი ნაწილი გავრცელდა (ჟურნალისტური გამოძიება საინფორმაციო - ანალიტიკურ სააგენტო „რეპუტაციას" ეკუთვნის).
ფილმში - „ორი რუსული მკვლელობის ერთი ქართველი შემკვეთი", საუბარი იყო ორი ძმის: ამირან და ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობაზე, რომელსაც პუბლიცისტი საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.
ფილმში ჟურნალისტი ჰყვება, რომ მკვლელობათა სერია1993 წელს, ოთარ კვანტიშვილის უფროსი ძმის, ამირან კვანტრიშვილის მკვლელობით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ამირან კვანტრიშვილი ჩეჩენი ბოევიკების მსხვერპლი გახდა, თუმცა ამ საქმეზე დღემდე დაკითხულიც კი არავინ არის. ამ მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ კი კლავენ ოთარ კვანტრიშვილს.
გიგა ლიპარტელიანი აღნიშნული მკვლელობების კვლევამ ივანიშვილთან მიიყვანა. ის აცხადებს, რომ 1991-1992 წლებში ბიძინა ივანიშვილმა გახსნა ბანკი „რასიისკი კრედიტი", საიდანაც მკვლელობათა სერია იწყება. ჟურნალისტის თქმით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ბანკ "რასიისკი კრედიტში" ვასილ ანისიმოვის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ საჭირო გახდა ძმებ ამირან და ოთარ კვანტრიშვილების ფიზიკური ლიკვიდაცია, რომლებსაც ალუმინის ბიზნესში ინტერესები ჰქონდათ.
ჟურნალისტი ჰყვება, რომ იმ დროისთვის რუსეთში დიდ ბიზნესებს ლობისტები -კანონიერი ქურდები და დაქირავებული ქილერები ჰყავდა. „ბიძინას ბანკი ცნობილი იყო ქილერით - ალექსანდრე სალუკინით. ეს იყო ბიძინას ბანკის დაქირავებული ქილერი" - აცხადებს გიგა ლიპარტელიანი.
ლიპარტელიანი ჰყვება, რომ ქილერი ალექსანდრე სალუკინი პოლიციამ დააკავა, მის დაკავებას სამი პოლიციელი ემსხვერპლა, დაჭრილი იყო თავად სალუკინიც. მან გამოძიებას ჩვენება მისცა და ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობა აღიარა.
ჟურნალისტის თქმით, კრემლში ყველამ იცოდა, რომ ის ხელს დაადებდა ივანიშვილს, რის გამოც მკვლელი ციხიდან გააპარეს, ის ჯერ საბერძნეთში გადაიყვანეს, შემდეგ კი მოკლეს. 1997 წელს ალექსანდრე სალუკინისა და მისი მეგობარი გოგონას ცხედრები დანაწევრებული, ჩემოდანში იპოვეს.
გიგა ლიპარტელიანი ფილმში კვანტრიშვილების მკვლელობის შემკვეთად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს და დეტალურად ჰყვება, ივანიშვილის ბიზნესინტერესებსა და დანაშაულებრივ საქმიანობაზე.