დაკითხავს თუ არა პროკურატურა ივანიშვილს? დაკითხავს თუ არა პროკურატურა ივანიშვილს? />


  13:24:05     09-12-2012

დაკითხავს თუ არა პროკურატურა ივანიშვილს?

a22409.jpg

„რიყის საქმე“ შესაძლოა ივანიშვილის „აქილევსის ქუსლი“ აღმოჩნდეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურაში რიყის პროექტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს... 

გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს მერიის რამდენიმე მაღალჩინოსანი, თუმცა, ამ დრომდე, არავინ დაინტერესებულა ივანიშვილის დაკითხვით, რომელიც როგორც გაირკვა, „რიყის საქმის“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. 

„იმისთვის რომ რიყის ტერიტორიის გასხვისების საკითხებთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს, ფონდ "ქართუს" ხელმძღვანელობა და დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიკითხოს , რომელიც რიყის განვითარების ყველა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო“ - განაცხადა  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში. 

ახლვლედიანი, რომელიც 2006 წელს, რიყის ტერიტორიის გასხვისების დროს, თბილისის მერიაში მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, პროცესის მიმდინარეობის დეტალებს იხსენებს და მონაწილე მხარეებზე საუბრობს. 
მისი თქმით, 2006 წელს ტერიტორია კონკურსის შედეგად მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ყველა ნორმის დაცვით გაასხვისეს, ამის შემდეგ 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა არქიტექტურული პროექტების განხილვა, ხოლო მას შემდეგ, რაც შეთანხმების მიღწევა ვერ შედგა, მერიამ 2008 წელს მიწა უკან გამოისყიდა და მის მოწყობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება თავის თავზე აიღო. 

როგორც მამუკა ახვლედიანი აღნიშნავს, პროცესებში აქტიურად იყო ჩართული "ქართუ" და მისი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილიც, მათი მხრიდან იყო კონკრეტული პროექტების შეთავაზებაც და გარდა ამისა, ყველა პროექტი პირადად ივანიშვილთან იყო შეთანხმებული. 

მისივე თქმით, მერიის ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნები მზად არიან, ყველა კითხვას გაასცენ პასუხი და სურთ, რომ საზოგადოებისთვის ყველა დეტალი თვალსაჩინო გახდეს, თუმცა გამოძიების ობიექტურად ჩატარებისთვის პროცესის მონაწილე ყველა მხარე უნდა დაიკითხოს და არა ცალსახად მხოლოდ მერიის მაღალჩინოსნები. 

ამასთან, როგორც მამუკა ახვლედიანი აცხადებს, მას უკვირს, ამ დრომდე დაკითხვაზე რომ არ დაიბარეს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვის საკითხების შესწავლის მიზნით.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 6 ივნისს, რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი ფართით 43350 მ.კვ. თბილისის მერიის მიერ პირობადადებული ხელშეკრულებით 7 მლნ. აშშ დოლარად გასხვისებული იყო, ერთ-ერთ საწარმოზე, რომელსაც ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, რომ გარდა საფასურის გადახდისა, საკუთარი ხარჯით უნდა განეხორციელებინა საავტომობილო მაგისტრალის გადატანა, საფეხმავლო ხიდის აგება და რიყის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის შესაბამისი განაშენიანება.

2008 წლის 30 დეკემბერს, ისე, რომ საწარმოს არც ჰქონდა დაწყებული სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ზემოთ აღნიშნული მიწის ფართები, თბილისის მერიის მიერ გამოსყიდულ იქნა 17 მლნ. აშშ დოლარად.

გამოძიების ამ ეტაპზე ამოღებულია დოკუმენტები სხვადასხვა უწყებებიდან. დაკითხულები არიან თბილისის მერიის სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ხსენებულ საკითხთან.

საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რიყის განვითარების პროექტის განხორციელებით მის დაინტერესებას ადასტურებს, თუმცა, დღეს აცხადებს , რომ მას შემდეგ, რაც პროექტის საბოლოო ვარიანტი იხილა, მის განხორციელებაზე უარი განაცხადა.

ამასთან, ივანიშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ შეიძლება პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს რიყის პროექტთან დაკავშირებით მისი მისამართით კითხვები გაუჩნდეს. 

"ქალაქმა რიყის პროექტი გამომიგზავნა, რომელიც ნახატის დონეზე იყო შესრულებული. ნახატზე იყო ორი გრაფინი, რომელზეც ამბობენ, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა და გრაფინები ჩვენი სიმბოლოა. ის, რაც ვნახე, ნამდვილად მომეწონა და ვთქვი, რომ ავაშენებდი მუსკომედიის თეატრს, მაგრამ როცა პროექტი არქიტექტორს ზომებში მოვაყვანინე და რეალური ნახატი ავაგეთ, მივიღეთ საშინელება.

მაშინ კატეგორიულად უარი ვთქვი ამ პროექტის განხორციელებაზე და მათ ავუხსენი, რომ პირველადი ნახატი იყო შეცდომით აგებული და ის არ ჯდებოდა ზომებსა და პროპორციებში", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ის ჩაერთვებოდა თუ არა რიყის განვითარების პროექტის განხორციელებაში, მის სურვილზე იყო დამოკიდებული და შეეძლო აღნიშნული თეატრი აეშენებინა ან არ აეშენებინა.

P.S: ექსპერტთა და იურისტთა განცხადებით, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად აუცილებელია ივანიშვილის დაკითხვაც. თუმცა, გაბედავენ თუ არა, ბელადის დაკითხვაზე გამოძახებას ნოდარ როგორი - ხადური და კბილაშვილი, ამის პროგნოზირება რთული არაა. საბოლოოდ კი, „რიყის საქმით“, ისევე როგორც სხვა ე.წ. „გამოძიებებით“, კიდევ ერთხელ დასტურდება რომ ახალი ხელისუფლება „შერჩევითი სამართალისა“ და პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების მომხრეა.

გამოყენებულია სააგენტო IPN-ს ინფორმაცია

0

ავტორი: