ივანიშვილის პირველი საჯარო ალიყური უმრავლესობას და საგანელიძის ფარული პროტესტი ივანიშვილის პირველი საჯარო ალიყური უმრავლესობას და საგანელიძის ფარული პროტესტი />


  15:30:12     08-12-2012

ივანიშვილის პირველი საჯარო ალიყური უმრავლესობას და საგანელიძის ფარული პროტესტი

a22406.jpg

ივანიშვილი უმრავლესობის მუშაობით უკმაყოფილოა. მან, დღეს, ქუთაისის პარლამენტში, უმრავლესობას ღიად უსაყვედურა და აღნიშნა, რომ „მათი მხრიდან ბევრი შეუთანხმებელი განცხადებები კეთდება“. „ჩემ განცხადებებს არაღავინ კითხულობს უმრავლესობაში“, - გაკვირვებული ამბობდა იგი.

„სუსტია კოალიციური დისციპლინა“, - განაცხადა ივანიშვილმა და დაამატა: „ჩვენ ვისაუბრეთ კოალიციური დისციპლინის გამკაცრებაზე. ვისაუბრეთ კოორდინაციაზე - პარლამენტსა და მთავრობას შორის". 

პრემიერ მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა კოალიციაში შემავალი პარტიების მიერ ურთიერთობების „გარეთ“ გარკვევის შესახებაც და დასძინა, რომ „ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს“.

სავარაუდოდ, მან „რესპუბლიკური პარტია“ იგულისხმა. სწორედ მისი წევრები გამოხატავდნენ კახეთში აგრესიას „ქართული ოცნების“ მიმართ. „ქართული ოცნების“ წევრები კი აცხადებდნენ, რომ „რესპუბლიკური პარტია“ „ნაციონალურ მოძრაობასთანაა გარიგებული“.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილს შენიშვნა არ მიუცია დეპუტატ ნუკრი ქანთარიასთვის, რომელმაც გუშინ, პარლამენტში გამოსვლისას შეიძლება ითქვას, რომ უკიდურესად ამორალური განცხადება გააკეთა.

მან, უმცირესობის წევრი გოგონებისკენ: საჯაიასა და ბოკუჩავასკენ გაიხედა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა მათ „პოლიტიკურ სუტინიორობას“ ეწევა. საჯაია-ბოკუჩავას კი, „თავისთან“ გადასვლა ურჩია.  

ქანთარიას ამ განცხადებას უმცირესობის პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, უმცირესობას საჯაროდ მოუხადა ბოდიში.

ხოლო დეპუტატმა კობა დავითაშვილმა, თანაკოალიციელი ქანთარიას საქციელი ღიად დაგმო. მიუხედავად ამისა, ქანთარიას არ ეყო ვაჟკაცობა, საკუთარი უნამუსობა ეღიარებინა... ის მხოლოდ დეპუტატმა ზვიადაურმა დაიცვა, რომელმაც უმცირესობის წევრები არაკორექტურად მოიხსენია და „ნაბიჭვარი“ უწოდა.

უმრავლესობის რეაქცია ივანიშვილის შენიშვნებზე...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ პრემიერ მინისტრის შენიშვნებს გაითვალისწინებენ. 

თუმცა, ერთი საინტერესო დეტალი მაინც მოხდა: უმრავლესობის ლიდერმა საგანელიძემ „ფარულად“ კი გააპროტესტა ივანიშვილის „წკიპურტები“ და გაკვირვებული ამბობდა - როგორ წარმოუდგენია ეს „კოორდინაციაო“, თუმცა, საჯარო გამოსვლისას, კომკავშირული მორჩილებით უქნევდა თავს ბელადს, როცა ის, ჟურნალისტებს უმრავლესობაში არსებული დისციპლინის სისუსტეზე ესაუბრებოდა...
0

ავტორი: