ჩვენს დროში ძნელია მოიძებნოს იმაზე პოპულარული ჟიური, როგორიც "ჯეოსტარის" სამეულია – ლევან წულაძე (ჭოლა), მარინა ბერიძე და ლანა ქუთათელაძე. მათ ხშირად აკრიტიკებენ, მათი ეშინიათ კიდეც და ამავე დროს აღფრთოვანებულებიც არიან. ზოგჯერ, რაც კი ენაზე მოადგებათ, ჟიურის მისამართით ყველანაირ სიტყვას ისვრიან და, ყველაფრის მიუხედავად, ისინი ძალიან პოპულარულები არიან. უკვე მესამე წელია, რაც ერთად მუშაობენ, ხალისობენ საკონკურსო კურიოზებზე, ბრაზდებიან უსამართლობაზე და ტკბებიან ერთმანეთთან ურთიერთობით. სამივე პროფესიონალია და ერთმანეთს კარგად უგებენ.
ყველაზე მრისხანე სახელი მარინა ბერიძეს აქვს. კონკურსანტებიც აღნიშნავენ, რომ მისი ყველაზე მეტად ეშინიათ. გაგიკვირდებათ, მაგრამ თურმე მისი ჭოლასაც კი ეშინია, მაგრამ ამავე დროს მისგან დიდი ენერგიითაც იმუხტება. ცნობილმა რეჟისორმა "სარკეს" "იაზო მარინას" ერთი უცნობი მხარეც გაუმხილა, თურმე ეს მკაცრი და ხშირად უკმეხი ქალბატონი, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემს, რეალურ ცხოვრებაში გულჩვილი და დაუცველი არსებაა.
"ჯეოსტარის" ჟიურის წევრებს კონკურსის დამთავრების შემდეგ შევხვდით. იმ საღამოს მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ინდირა ჯგერნაიამ დატოვა კონკურსი, რის გამოც ჟიურის წევრები უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ. მათი სურვილი იყო, ინდირას ფინალში ემღერა და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოევლინა. მარინა ბერიძე კულისებში გმინავდა, ლანა ქუთათელაძე ცრემლებს ვერ იკავებდა, ხოლო ლევან წულაძე ჩვეული სიდინჯით მალავდა ემოციებს...
"სარკესთან" საუბარიც სწორედ ამ თემით დაიწყეს.
ლევანი: უსამართლობას ყველაზე მტკივნეულად განვიცდი ხოლმე. ძნელია, შეეგუო, როცა რომელიმე საინტერესო კონკურსანტს ესემეს–ების ნაკლებობის გამო პროექტის დატოვება უხდება.
ლანა: ბოლო რამდენიმე წელია, მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ვიმყოფები და ამით ძალიან დავიღალე. დიდ უსამართლობად მიმაჩნია, რომ ინდირა ჯგერნაიამ პროექტი დატოვა, მაგრამ ის ქართულ სცენაზე აუცილებლად დარჩება და თავის სიტყვას კიდევ ბევრჯერ იტყვის. ამ მომენტში ისეთი სტრესი მივიღე, რომ ამაზე ლაპარაკიც მიჭირს. უსამართლობის განცდა ყველაზე ცუდია, რაც კი ადამიანს შეიძლება აწუხებდეს.
მარინა: მე კიდევ უფრო მძიმედ გადამაქვს კონკურსისგან მიღებული სტრესი... ყველამ იცის, რომ ძალიან ემოციური ვარ, რასაც ზოგი სიბრაზეს მიაწერს, პრინციპში, სულ ერთია, რას დაარქმევენ. ვერ ვიტან, როდესაც ვიღაცა ვიღაცას ჩაგრავს! ძალიან გამიჭირდება იმ აზრთან შეგუება, რომ ისეთი გოგო, როგორიც ინდირა იყო, "ჯეოსტარში" დავკარგეთ. კასტინგზე ბევრი ვიმსჯელეთ, აგვეყვანა თუ არა, ვბჭობდით, რამდენად შეძლებდა ამ ყველაფრისთვის თავის გართმევას, რადგან ძალიან ემოციური და რთული ადამიანია. არ ვიცოდით, მოვერეოდით თუ არა... მან ჩვენი იმედები გაამართლა. ამ პროექტში ყველაფერი ისწავლა, რისი სწავლაც შეიძლებოდა. მისი წასვლით ფინალში საოცრად დიდი ფერი დავკარგეთ.
– ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჟიურის წევრები ერთმანეთს ერთი გამოხედვით, ნახევარი სიტყვით უგებთ. თავიდანვე ადვილად შეეწყვეთ ერთმანეთს?
მარინა: არ მესმის, როგორ ამბობენ, "ჯეოსტარში" ჟიური საჭირო სულაც არ არისო. ნუთუ ასეთი შესანიშნავი სამი ადამიანის ერთად ყოფნა კარგი არ არის?! მინდა, რომ ჟიურის ამ შემადგენლობამ დიდხანს იარსებოს, რადგან ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. ერთნაირი გემოვნება, იუმორი გვაქვს და ერთმანეთის კარგად გვესმის. ბრაზიანებიც ვართ და ხალისიანებიც.
– ჟიურის ცხოვრებიდან ყველაზე მეტად რა მოგწონთ?
ლევანი: ყველაზე მეტად ის მსიამოვნებს, რომ ჩვენ თვალწინ ნიჭიერი ადამიანები იზრდებიან. მე ყველაზე ნაკლებად ვარ ამ კონკურსის ცხოვრებაში ჩართული, რადგან ორშაბათიდან ორშაბათამდე კონკურსანტების ნახვას ვერ ვახერხებ. ლანა და მარინა კი გაცილებით დიდ ენერგიას ხარჯავენ იმისათვის, რომ ისინი სცენაზე კარგად გამოვიდნენ, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინონ.
ლანა: სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ჟიურის წევრობა სასიამოვნო სულაც არ არის. ბევრად მერჩივნა, ძველებურად ვმჯდარიყავი საკონცერტო დარბაზის პირველ რიგში და ბავშვებისთვის იქიდან მომესმინა. გარდა იმისა, რომ ძალიან ვნერვიულობ, როგორ გაართმევენ კონკურსანტები თავიანთ დავალებებს თავს, კიდევ ერთი სანერვიულო დამემატა – თუ არ მომეწონა ნამღერი, როგორ ვუთხრა, რომ ვერ იმღერა, რამდენად დავინდო და შენიშვნა ტაქტიანად როგორ მივცე... სამაგიეროდ, თუ მომეწონა, ჩემს ემოციებს და საქებარ სიტყვებს არ ვიშურებ. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, როდესაც რაღაც არ მომწონს.
მარინა: სამაგიეროდ მე კრიტიკის კომპლექსი აბსოლუტურად არ გამაჩნია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სამი თვის განმავლობაში "ჯეოსტარში" თითოეული ბავშვი ბევრს სწავლობს. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ კრიტიკის მთელი სიმძიმე ჩემზე გადადის და, ბუნებრივია, ჩემი შენიშვნები ბევრისთვის მისაღებია და ბევრისთვის – არა. თუ "ჯეოსტარის" ისტორიას გადავხედავთ, უღირსი ჯეოსტარელი არ გვყოლია. ეს კი ჩვენი მუშაობის რეზულტატია. ვთვლი, რომ ჩვენმა ჟიურიმ და "ჯეოსტარის" შედეგებმა ქართული შოუბიზნესი მთლიანად შეცვალა.
– ბატონი ლევანის, როგორც რეჟისორის ყოფნა ჟიურიში, კონკურსზე რა გავლენას ახდენს?
მარინა: ბატონ ლევანთან ერთად ჟიურიში ყოფნა და კასტინგების დროს მასთან ერთად მუშაობა დიდი სიამოვნებაა. ის ამ დროს ნამდვილ ფეიერვერკებს აწყობს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორია რეჟისორის თვალით დანახული ესა თუ ის კონკურსანტი. შეიძლება შენ სწორად ამღერო, მაგრამ სცენაზე უინტერესო იყოს. ლევანის დახმარებით, ჩვენი კონკურსანტები უფრო არტისტულები გახდნენ.
ლანა: ბატონი ლევანი ყველაზე საინტერესო ეკრანისა და პრესის ფურცლების მიღმაა. როდესაც ის ოფიციალურ სიტყვას იტყვის, ყველაზე საინტერესო შემდეგ იწყება – იუმორის ნამდვილ ფეიერვერკს აწყობს! მიკროფონის გარეშე კონკურსანტებს საოცარ შეფასებებს აძლევს.
ლევანი: ამ დროს ჩემი ლექსიკა იდიოტური გამოთქმებით არის დახუნძლული. ასეთი მუსიკალური ქალების გვერდით თავს უხერხულად ვგრძნობ ხოლმე. ორივე მათგანს ძალიან მახვილი თვალი აქვს და მათგან მეც ბევრ რამეს ვსწავლობ. რაღაცას რომ იტყვიან, ის მომავალში აუცილებლად მართლდება.
– როგორები არიან თქვენი თვალით დანახული მარინა ბერიძე და ლანა ქუთათელაძე?
ლევანი: მაყურებელი ვერასდროს ხედავს, რომ ქალბატონი მარინა ცხოვრებაში ძალიან ნაზი, გულჩვილი და მგრძნობიარე ქალია. ხშირად დაუცველი ადამიანის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. პროექტის პროდიუსერები არჩევენ ისეთ ეპიზოდებს, რომ ასეთი მარინა არავინ დაინახოს. ხანდახან მის სიმკაცრეზე მეც კი მიმდის ფერი და შემდეგ ჩემში ბიოლოგიური ცვლილებები იწყება. ცოტა ხანი მჭირდება, რომ აზრზე მოვიდე. მივხვდი, რომ მარინა ნარკოტიკივითაა, ოღონდ ენერგიის ნარკოტიკია. როცა ორი თვე ვერ ვნახავ, სადმე თუ წავაწყდი, მაშინვე ვცდილობ, მისგან მაქსიმალური ენერგია მივიღო, რომ დიდხანს გამყვეს. რაც შეეხება ლანას, მისი ღიმილიანი და კეთილი ნატურის მიღმა ძალიან პრინციპული ქალი დგას. გადამწყვეტ მომენტებში ძალიან შეუვალია. მოკლედ, როგორც იტყვიან, ხარი ხართან რომ დააბაო... ესენი არიან მარინა და ლანა ერთად.
– თქვენი სამეულიდან ვინ გამოირჩევა ყველაზე რთული ხასიათით?
მარინა: სამივეს კარგი ხასიათი გვაქვს.
ლევანი: ორივე ქალბატონს საოცარი უნარი აქვს, რომ 12 საათიანი დამღლელი კასტინგის შემდეგაც კი იყვნენ კარგ ხასიათზე და თუ რომელიმე ბავშვს დასჭირდა მათი დახმარება, მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ. ამ დროს ყველაფერი ავიწყდებათ. როგორც ექიმები არიან მზად, შუაღამისას გაიღვიძონ და ავადმყოფთან წავიდნენ, ასევე ამათაც შეუძლიათ, ნებისმიერ დროს ბავშვებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ, მაქსიმუმი გაუკეთონ.
– ბატონო ლევან, თქვენ ჟიურიში ყველაზე თავშეკავებული ხართ. თეატრშიც არ გიყვართ შენიშვნის ხმამაღლა თქმა?
ლევანი: ახლა მეღა ვაკლივარ იმ საცოდავ ბავშვებს! თეატრი ჩემთვის სულ სხვა თემაა. სცენა მარინასია, თეატრი – ჩემი.
მარინა: თეატრში ლევანი ჩემზე უარესია.
ლევანი: არა, მარინასნაირ მწვერვალებს ჯერ ვერ მივაღწიე, მაგრამ ინტენსიურად ვმუშაობ.
– დასში მარინა ბერიძისნაირ მსახიობს აიტანდით?
ლევანი: კი, მაგრამ მარისნაირი მსახიობი დასში არ გაჩერდებოდა, ის აუცილებლად სამხატვრო ხელმძღვანელი გახდებოდა. სხვათა შორის, მას როლიც კი შევურჩიე ერთ–ერთ სპექტაკლში.
მარინა: ხომ ხედავთ, ჯერ ჩემს ცხოვრებაში არ მოსაღამოვებულა. ყველაფერი წინ მაქვს, მათ შორის – სცენაზეც.
– ჟიურის ერთადერთი მამაკაცი ქალბატონებს რითი განებივრებთ?
მარინა: თავისი სითბოთი და სიყვარულით...
ლანა: და საოცარი ისტორიებით. სულ ველოდები, როდის დადგება ის სანატრელი აგვისტო, როდესაც ჩვენ გვერდით გამოჩნდება და დაიწყებს ახალ–ახალი საინტერესო ისტორიების მოყოლას. ეს წიგნსა და ფილმზე უკეთესია. ჭოლა არასოდეს იხსნება კამერის წინ ისე, როგორც ცხოვრებაში. ყველა მებრალება, ვისაც ეს ადამიანი რეალურ ცხოვრებაში არ უნახავს.
ლევანი: მეც არაჩვეულებრივი ყურადღებით მანებივრებენ. რატომღაც როცა ამ ქალების გარემოცვაში ვარ, ძალიან ბევრს ვლაპარაკობ.
– 2010 წელი უკვე იწურება. რითი დაგამახსოვრდებათ ეს წელი?
მარინა: წელს იმდენი რამ მოხდა, მით უმეტეს, ამ ბოლო თვეების განმავლობაში... ალბათ არასდროს დამავიწყდება ის სტრესი, რაც "ჯეოსტარი 2010"–მა მომიტანა. ჩემთვის ეს წელი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ დაგვემატა ახალი პროექტი "ბრავო". ბედნიერი ვარ, რომ მაძლევენ იმის საშუალებას, ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს წელი ჩემთვის შედგა.
ლევანი: 2010 წელი ოდნავ უფრო ნერვული იყო წინა წლებთან შედარებით. დარწმუნებული ვარ, ახალ წელს, როგორც ყოველთვის, ჯადოსნური ღამე დადგება და რაიმე სასწაული მოხდება.
ლანა: ჩემთვის არაფრით განსაკუთრებული და გამორჩეული წელი არ ყოფილა. მთელმა წელმა ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ჩაიარა. ნეგატიური და პოზიტიური ემოციებით დაბალანსებული იყო, მაგრამ იმედი მაქვს, წლის ბოლო დღეს პოზიტივი ნეგატივს სძლევს.
– ახალი წლის შეხვედრის როგორი ტრადიციები გაქვთ?
მარინა: ჩვენთვის ახალი წელი დიდ შრომასთან ასოცირდება. ვერ ვაკეთებთ საჭმელებს, "ჯეოსტარის" ფინალის გამო ბოლო წუთამდე ისტერიკაში ვართ, მაგრამ თუ ამას კარგი ფინალი მოჰყვება, მაშინ ძალიან ბედნიერები და კარგ ხასიათზე ვართ. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო.
ლევანი: ადრე ახალი წლის შეხვედრის განსხვავებული ტრადიცია მქონდა. ყოველთვის ჩემს თეატრში, თეატრალურ სარდაფში მივდიოდი. ახლა კი შევხვდები სახლში და საცივს შევჭამ. საერთოდ ახალ წელს ყოველთვის სევდიანად ვხვდები.
– რატომ?
ლევანი: საცივი უფრო მიყვარს, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი. ამიტომ, რომ არა ეს კერძი, ამ დღეს არც ვაღიარებდი. თანაც ახალი წლის ორ დღეს მთლიანად ჩემს ოჯახს ვჩუქნი და მათ გვერდით ვარ.
ლანა: ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის ახალი წლის ღამეს კარგი განწყობა მოაქვს. თუ სადმე არ მიდის გასართობად, ჯდება ტელევიზორთან და ცდილობს, ასე გაერთოს. ჩვენ კი ყველა ის ადამიანი, რომელიც ეკრანს მისჩერებია, უნდა გავართოთ, მოლოდინი არ უნდა გავუცრუოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ახალი წელი დღესასწაული არ არის. ღამის 12 საათზე იმდენად დაღლილი და დაცლილი ვარ ემოციებისგან, რომ ჯადოსნურობის შეგრძნება ნამდვილად არ მაქვს. თანაც, ლევანის მსგავსად, დიდად არც მე მიყვარს ახალი წელი. ვთვლი, რომ ეს ფორმალობების დღეა. თუ ამ დროს სახლში ვარ, ოჯახის წევრებს მივუჭახუნებ შამპანურის ჭიქას და მალევე ვიძინებ.
– ნუთუ არ გაქვთ ისეთი რიტუალი, რომელსაც ახალს წელს აუცილებლად ასრულებთ?
ლევანი: ჩემს ოჯახში ერთი კარგი ტრადიცია დავგეგმე, რითიც ვამაყობ – საჩუქრებს ვჩუქნით ერთმანეთს. მთელი დეკემბერი ოჯახის წევრები ჩასაფრებულები ვართ, აბა, ვის რა უნდა ახალი წლისთვის, მიდის ჩუმი მინიშნებები და ა.შ.
მარინა: საახალწლოდ რამდენიმე ფუნქცია მაკისრია, რომელსაც ჩემი არეული სამუშაო გრაფიკის გამოც ვერ ველევი. დიდი რუდუნებით ვრთავ ნაძვის ხეს. ამას ვერასდროს ვერავის მივანდობ. მერე ვჯდები და ჩემს მორთულ ნაძვის ხეს დიდხანს ვუყურებ. არ ვიცი – როგორ, მაგრამ მაინც ვასწრებ გოზინაყისა და ორი–სამი სადღესასწაულო კერძის მომზადებას. გამოდის, რომ ფოკუსნიკი ვარ. უფრო ხშირად ახალ წელს ვხვდები ჩემს მეულესთან, ქალიშვილთან, სიძესთან და შვილიშვილებთან ერთად. წელს როგორ იქნება, ჯერ არ ვიცი.
ლევანი: იმის გამო, რომ საცივის კულტი მაქვს, ოჯახში მის მომზადებას ვხელმძღვანელობ. საცივიდან საცივამდე ვცხოვრობ, ანუ უკვე 45 საცივი გავიარე.
ლანა: დედაჩემი საცივის ისეთი ოსტატია, რომ მე ამაზე ზრუნვა არ მიწევს. ბატონო ლევან, ჩემთან სახლში გეპატიჟებით, რადგან თამამად შემიძლია ვთქვა, ჩემს ოჯახში საცივი რომ კეთდება, ეგეთს ვერსად გასინჯავთ! ჩვენს ოჯახში საცივი აუცილებლად ორი ინდაურისგან მზადდება, რადგან ერთს არ სჯერდებიან. პირველი იანვრის დილა ჩვენს სახლში ძალიან სასაცილოდ იწყება, ყველანი ხალათებით და დიდი ჩამჩებით მივრბივართ საცივის ქვაბისაკენ.
– როდესაც სრულდება "ჯეოსტარი", მის გარეშეც თუ იკრიბებით?
მარინა: მე და ლანა მუდმივად ვეკონტაქტებით ერთმანეთს, ლევანი კი ძალიან გვენატრება, მაგრამ ცდილობს, ეს მონატრება დიდხანს არ გაგრძელდეს და თეატრში ყოველთვის გვეპატიჟება. მისი წყალობით, მარჯანიშვილის თეატრში ყველა საინტერესო სპექტაკლი ვნახეთ, მაგრამ კასტინგამდე ჩვენი სამეულის ურთიერთობები მუდმივად გვენატრება.