17:09:46     25-11-2012
"Le Figaro" - „საქართველოს ახალი ხელისუფლების მომრავლებული გადაცდომები“

როგორ აფასებენ ევროპაში ახალი ხელისუფლების ნაბიჯებს? ამის საილუსტრაციოდ "პრესა.ჯი" გთავაზობთ გავლენიანი ფრანგული გაზეთის
"Le Figaro"-ს სტატიას...
"Le Figaro", 24 ნოემბერი, 2012,
„საქართველოს ახალი ხელისუფლების მომრავლებული გადაცდომები“
საპარლამენტო არჩევნებში პრო-რუსი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ ოპოზიცია კუდიანებზე ნადირობას აპროტესტებს. 21 პოლიტიკური თანამდებობის პირი უკვე დაპატიმრებულია. სხვა დაკავებებიც არის მოსალოდნელი.
10 წლის განმავლობაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლები თვალყურს ადევნებდნენ საქართველოს ძველი რკინის ფარდის მეორე მხრიდან. ეს პატარა კავკასიური ქვეყანა 5-მილიონიანი მოსახლეობით, რომელსაც რეფორმისტული გუნდი ხელმძღვანელობდა, რომელიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას უჭერდა მხარს, სამაგალითო ქვეყნად გადაიქცა რეგიონის სახელმწიფოებისთვის, რომელსაც რუსული კალთიდან თავის დაღწევა სურდა. ხელისუფლების მშვიდობიანმა გადაცემამ, რომელიც ოქტომბრის არჩევნებს მოყვა, ეს მხოლოდ დაადასტურა.
ქართული მოდელი უკვე საფრთხეშია. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში, მოწინააღმდეგეების მიმართ ნამდვილი „კუდიანებზე ნადირობა“ წამოიწყო. ხელისუფლების გადაბარების მეორე დღიდან დაწყებული დაპატიმრებების ტალღა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო წრის წინააღმდეგ, რომლის მანდატი 2013 წლის ოქტომბერში იწურება, კვლავაც გრძელდება.
ქართული ოცნება ნიურნბერგის პროცესის მოწყობაზე საუბრობს
დღეისთვის უკვე 21 პოლიტიკური თანამდებობის პირია გისოსებს მიღმა, რომელთა შორისაა ყოფილი თავდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები. სხვების, მაგალითად, თბილისის მერის დაპატიმრებასაც უნდა ველოდეთ.
როგორც გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, მას ყოფილი მთავრობის ყველა წევრზე აქვს საქმე მომზადებული. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კი განაცხადა, რომ ახალი ოპოზიციის ქცევა, რომელიც „ტყუის“, „თავს ანგელოზად აჩვენებს“ იმის მაგივრად, რომ „ბოდიში მოიხადოს ჩადენილ დანაშაულებზე“, „არ შეამცირებს ალბათობას, რომ ეს დაპატიმრებები კიდევ გაგრძელდება“. ქართულმა ოცნებამ ერთხელ ისიც ახსენა, რომ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების გასასამართლებლად „ნიურნბერგის პროცესი“ უნდა გაიმართოს.
ეს მოქმედებები მხოლოდ დაპატიმრებებით არ შემოიფარგლება. ისინი მიმართულია გარკვეული მედია საშუალებების და იმ ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია. ოპოზიციის დეპუტატებზე პარლამენტში მიმდინარეობს ფინანსური და პოლიტიკური ზეწოლა, რომელთა გადაბირება ახალ ხელისუფლებას პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობის მოსაპოვებლად უნდა.
ეს მათ საშუალებას მისცემს პრეზიდენტის გადაყენების პროცედურა დაიწყონ. 7-მა დეპუტატმა უკვე დათმო. პრემიერ-მინისტრი ვერ ეგუება კოაბიტაციას. „მე უკვე არაერთხელ ვუთხარი სააკაშვილს, რომ მისთვის უფრო იოლი იქნება, თუ გადადგება“ აცხადებს ივანიშვილი. „მან წააგო არჩევნები. რაღატომ არის ისევ ხელისუფლებაში?“
„ჩვენთვის ძნელია იმის მიღება, რომ ყველა მოქალაქე თანასწორია“
რატომ სძულს ასე ახალ ხელისუფლებას ძველი გუნდი? რა თქმა უნდა, რეფორმები საზოგადოებას სწრაფი ტემპებით დაატყდა თავს. აქაც ისევე, როგორც კომუნისტური სამყაროს სხვა ქვეყნებში, გარდაქმნას ჰყავდა თავისი გარიყულები. ნატოსთან და ევროკავშირთან დაჩქარებული ტემპით დაახლოება, რამაც მოსკოვთან ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია, აღარ არის სტრატეგიული პრიორიტეტი პრემიერ-მინისტრისთვის.
მილიარდერს, რომელმაც მთელი თავისი ქონება მოსკოვში იშოვა და რომელზეც ამბობენ, რომ კრემლთან არის დაახლოებული, სურს ჯერ რუსეთთან გააუმჯობესოს ურთიერთობები, რომელსაც ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%.
მაგრამ განსაკუთრებით მიუღებელი მიხეილ სააკავშვილის მულტიკულტურულობის პოლიტიკაა და მისი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყველა რელიგია თანასწორად გამოაცხადდა საქართველოში.
პრემიერ-მინისტრის გარემოცვაში ზოგიერთი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლის ფონზე საფრანგეთში მარინ ლე პენი მემარცხენედ მოგეჩვენებათ. „ყოფილ ხელისუფლებას უმცირესობების, მათ შორის სექსუალურის, უფლებების დაცვა დემოკრატიის განუყოფელ ნაწილად მიაჩნია.
ევროპულ ქვეყნებში ყველა მოქალაქე თანასწორია. ჩვენთვის ძნელია ამის მიღება, რადგან ეს ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ ეთიკას“, აცხადებს მანანა კობახიძე, პარლამენტის ერთ-ერთი სპიკერი. ხოლო მისი კოლეგა, მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალები „ავადმყოფები“ არიან და რომ მათ „სამედიცინო მკურნალობა ესაჭიროებათ“.
ამ „გამაფრთხილებელი ნიშნების“ ფონზე პრეზიდენტის გარემოცვა განგაშის ზარს კრავს. „საშინელება იქნება საქართველოსთვის და მის ფარგლებს გარეთაც, მთელი პოსტ-საბჭოთა რეგიონის ქვეყნებისთვის, თუკი დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებს შედეგად მოყვება ახალი ხელისუფლება, რომელიც ავტორიტარულ სისტემას ამყარებს და რომელიც მოწინააღმდეგეებს ციხეში სვამს“, - აცხადებს რაფაელ გლუქსმანი, პრეზიდენტის მრჩეველი. ვლადიმირ პუტინს კი, ამ დროს შეუძლია დატკბეს...
იხილეთ ორიგინალი, გადადით ამ ბმულზე