ნიკოლოზ დვალის წამება ნიკოლოზ დვალის წამება />


  10:55:32     15-11-2012

ნიკოლოზ დვალის წამება

a22318.jpg

1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს, დამასკოში აწამეს ქართველი წმინდანი ნიკოლოზ დვალი. ქართული ეკლესია ნიკოლოზ დვალის ხსენებას აღნიშნავს 12 (ახალი სტილით 24) თებერვალს -  იერუსალიმის ქართველ მოღვაწეთა და მოწამეთა ხსენების დღეს. 

წმინდა ნიკოლოზ დვალის შესახებ გვიამბობს უცნობი ავტორი „ნიკოლოზ დვალის წამებაში“. ამ შესანიშნავი სვინაქსარული (მოკლე) თხზულების ავტორი უნდა იყოს უცნობი ქართველი მოღვაწე იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა, ნიკოლოზ დვალის თანამედროვე. ტექსტი შემოგვინახა გიორგი მთაწმინდელის დიდი სვინაქსარის იერუსალიმურმა ნუსხამ (სვინაქსარი - საეკლესიო მწერლების თხზულებათა მოკლე გადმოცემა ან საეკლესიო დღესასწაულების განმარტება). 

ტექსტი იმდენად ნათლად გვიამბობს ნიკოლოზ დვალის ცხოვრებისა და მარტვილობის შესახებ, რომ არაფრის დამატება საჭირო არ არის. 

წმინდა ნიკოლოზ დვალის ლოცვა შეგვწიოს ჩრდილო ქართლისა (ცხინვალის რეგიონის) და დვალეთის დაბრუნების საქმეში! 

უცნობი ავტორი 

ნიკოლოზ დვალის წამება 

ესე სანატრელი ქრისტეს მოწამე ნიკოლოზ იყო ნათესავად დვალი, სოფლისაგან, რომელსა ეწოდება წაჲ, შვილი მორწმუნეთა მშობელთაჲ და მოსავთა წმიდისა ნათლისმცემელისათაჲ, რომელსა საშოჲთგანვე დედისაჲთ შესწირეს. და რაჲ ათორმეტისა წლისაჲ იქმნა, მონაზონ იქმნა და იყო უდაბნოთა კლარჯეთისათა მცირედსა ხანსა. და სურვილი მოუხდა წმიდათა ადგილთა თაყვანისცემისაჲ. 

რა რაჟამს მოიწია იერუსალიმად, მადლობა შეწირა ღმრთისა. და კვალად სურვილი მოუხდა, რაჲთამცა იწამა ქრისტესთვის. და პოვა თარგმანი სპარსი ვინმე კაცი და მოტყუებით ყადისსა მიიყვანა და მანდა აღიარა ღმრთეებაჲ ქრისტესი და მრავალნი საგმობნი სიტყვანი უთხრნა სჯულისა მათისანი. და მრავალნი ცემანი და ტანჯვანი დაითმინნა. 

და მისგან უნებლიეთ გამოიხსნა ძმათაგან და კვიპრეს წარიგზავნა და მანდვე იყოფებოდა დიდითა მოღვაწებითა. და ხატი დაახატვინა წმიდისა ნათლისმცემელისაჲ და მას წინაშე შესწირვიდა ღმრთისა ლოცვათა თვისთა. 

და გულსა მოუხდა მთაწმიდასა წარსვლაჲ,  რაჲთამცა მანდა იმყოფებოდა. და ლოცვასა შინა პირდაღმა მდებარე იყო წინაშე ხატსა წინამორბედისასა და ესმა ხატისა მიერ, თუ: 

- ნიკოლოზ, შენ მთაწმიდას რაჲ საქმე გიც, არამედ აღდეგ და იერუსალიმს წარვედ და მანდა არს ბერი ქართველი და მან გასწაოს გზაჲ ცხრებისაჲ და წამებისა გზასა მან განგამტკიცოს, რამეთუ მისდა ბრძანებულ არს შენთვის, რაჲცა გმართებდეს. 

და ვითარცა მოვიდა იერუსალიმს, იხილა ბერი იგი. და დაუფარა საქმე მოღვაწებისაჲ, ჰგონებდა მისსა და დაბრკოლდა ჟამ ერთ მისსა მიმართ, ვიდრემდის ღმერთმან გულსავსე ყო და უთხრა ყოველივე ბერსა მას. და ევედრებოდა ბერი იგი ღმერთსა, რაჲთა გამოუცხადოს, თუ რაჲ სათნო უჩნს ნიკოლოზისთვის. და ებრძანა ბერსა მას ღამესა შინა, ძილსა შინა, ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა და ნათლისმცემლისა მიერ, რაჲთა დიმუშხს წარგზავნოს ნიკოლოზ და მუნ ღირს იქმნეს საწადელსა მისსა - სიკვდილსა ქრისტესთვის. 

და წარიგზავნა ნეტარი ნიკოლოზ ბერისა მიერ მიერ დამასკოდ. და ვითარცა მიიწია მუნ, მსწრაფლ შევიდა სალოცავსა შინა მათსა და წინაშე ყოველთა აღიარა ქრისტე და გინებულ ყო სჯული მათი. იგვემა ფრიად მრავალსახედ წყლულებითა და საპყრობილესა შეიყენა. და მიტროპოლიტისა და ქრისტენეთა მიერ საპყრობილით გამოყვანებულ იქმნა. 

და კვალად შევიდა მასვე მათსა სალოცავსა შინა და კვალად უფროჲსნი საგმობნი სიტყვანი უთხრნა, მაგინებელნი სჯულისა მათისანი, და კვალად იგვემა. და ვითარ ხუთასი შოლტი ჰკრეს და საპყრობილედვე შეაყენეს. რომელ გამოჩინებითა ნათლისმცემელისაჲთა განიკურნა ნაგვემთაგან და ორ თვე საბყრობილესა შინა დაყო. და მათვე ქრისტეანეთა მიერ გამოიხსნა საბყრობილით და ეგულებოდა იერუსალიმს წარმოგზავნა. 

და განგებითა ღმრთისაჲთა დაემთხვია ამირაჲ ქალაქისაჲ და იცნა და თქვა: 

- აჰა, რომელმან გინებულ ყო სჯული ჩვენიო! და შეიპყრა. 

და ამირათა ამირისა დენგისის წინაშე წარადგინეს და უთხრეს ყოველივე, რაჲცა ეთქვა და ექმნა. და პირველად დანგიზ იწყო ლიქნად და მრავალსა რასმე უქადაგებდა დიდებასა და მიცემასა. ხოლო მან ნეტარმან ყოველივე შეურაცხყო ქრისტეს სურვილისათვის და აღიარა ქრისტეს ღმრთეებაჲ წინაშე მათსა და აგინა მათსა წინაჲსწარმეტყველსა ყოვლად ბილწსა. 

მაშინ განაჩინეს სიკვდილი. და აღდგა ერთი ამირაჲ, რაჲთა მოჰკვეთოს თავი. ხოლო სანატრელმან მან და უშიშმან პირი აღმოსავლეთით ქნა და სიხარულით წარუპყრა ქედი მახვილსა და იტყოდა: 

- დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთვის სიკვდილსა! 

და აგრეთვე თავმან მისმან მოკვეთილმან ხმა ყო შვიდგზის, თუ: 

- დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო! - რომელსა ზედა სპარსნი დიდად განკვირდეს. და გვამი მისი ცეცხლითა დაწვეს. ხოლო სამსა დღესა სვეტი ნათლისაჲ დადგა ადგილსა მას, სადა იწამა. 

იწამა ნეტარი ნიკოლოზ თვესა ოკდომბერსა ით, დღესა სამშაბათსა, ქორონიკონსა ბ. 

და ვითარცა ესმა ბერსა, მოძღვარსა მისსა, რომელმან წარგზავნა, მადლობაჲ შეწირა ღმრთისა და ჰვედრებდა ღმერთსა, რაჲთა გამოუცხადოს თუ - შეირაცხა მოწამეთა გუნდსა თანა ნიკოლოზ, ანუ არა. 

და დღესა ერთსა იკითხვიდა წიგნსა ბერი და ანასდათ განკვირვებაჲ დაეცა და იხილა მთაჲ საკვირველი ნათლითა, სავსე სულნელებითა, და გუნდი წმიდათა მოწამეთაჲ ბრწყინვალედ შემკობილი, და მთავარმოწამე გიორგი უმაღლეს და უბრწყინვალეს იყო მათ ყოველთავე. და ვითარცა იხილა ბერი იგი, ხმა ყო დიდმან გიორგი ორგზის ესრეთ: 

- ნიკოლოზ! გამოვედ და იხილე ბერი ესე, შენი მოძღვარი, რამეთუ მრავალნი ცრემლნი დასთხივნა შენთვის! 

მაშინ გამოვიდა ნეტარი ნიკოლოზ გვირგვინოსანი და მოიკითხა ბერი და ჰრქვა: 

- აჰა, მიხილე მეცა და ჩემი ადგილიცა და ამიერითგან ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთვის. 

ამისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩვენნი!

0

ავტორი: