ექსკლუზიური ინტერვიუ მწერალ გურამ დოჩანაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ მწერალ გურამ დოჩანაშვილთან />


  22:41:24     27-12-2010

ექსკლუზიური ინტერვიუ მწერალ გურამ დოჩანაშვილთან

a2889.jpg

„..საქმე გვაქვს, თანაც, როგორი - ძნელ უკეთესობას მიუახლოვდე და აუხილო შეგუებულებს ამტანი თვალი...“

შეგუებულთა ამტანი თვალის ამხელი ერთადერთი ცოცხალი ქართველი კლასიკოსის სამუშაო მაგიდაზე მისთვის დამახასიათებელი ქაღალდუხვობაა, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძლება უწესრიგობადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ „უწესრიგობის“ შემოქმედმა მწერალმა ძალიან კარგად იცის, სად რა დევს, როდის რას გადასწვდეს, როდის რას შეავლოს ხელი. 


გურამ დოჩანაშვილის ბინაში არცთუ ძალიან ცივა, მაგრამ მწერალს თბილ, მაღალყელიან ჯემპრზე ჟილეტი მოუცვამს. რა თქმა უნდა, წუწუნი არ სჩვევია, მაგრამ დიალოგს მაინც საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბრით იწყებს:

„მოტეხილი ფეხი ჯერ სრულად არ გამმთელებია. რა დროს წუწუნია, რახან ხელს ვამოძრავებ, ფეხს კი არ ვჩივი, მაგრამ მაინც მიშლის და ვამბობ...“, – მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი – უალალესი ღიმილით ამბობს ბატონი გურამი და „პრესა.ჯი“–ს მორიგი შეკითხვა, რა თქმა უნდა, იმას ეხება, რაზე მუშაობს ამჟამად მწერალი.

– ჩემი ავტობიოგრაფიული რომანის პირველი ნაწილი უკვე გამოვიდა, ახლა მეორე ნაწილზე ვმუშაობ. ამ რომანში ჩემი მკითხველი ძალიან ბევრ ნაცნობ პერსონაჟს შეხვდება. რომანში ვიგონებ მათ, ვინც შემხვედრია და ვისთან შეხვედრას თუ ურთიერთობას ჩემზე დადებითი გავლენა მოუხდენია. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში მხოლოდ კარგები არ მხვდებოდნენ, მაგრამ ცუდები არ დამიმახსოვრებია – ისედაც გვყოფნის... ჩემი რომანის პირველი ნაწილი უკვე არის გაყიდვაში, ოღონდ, ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისში. მეორე ნაწილის შემდეგ ვეცდები, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდოს...

– ამ ბოლო დროს, რაღაც, არ სწყალობთ ქართულ მედია–საშუალებებს...

– სიმართლე გითხრათ, არც ტელევიზორში ვუყურებ პოლიტიკურ გადაცემებს და არც გაზეთებში ვკითხულობ. იმიტომ კი არა, რომ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ, ამდენი აგრესია, ცუდი ამბები, დაპირისპირება მთრგუნავს. როგორ შეიძლება, მხოლოდ ამაზე ილაპარაკო, რომ: აფეთქდა, ჩამოვარდა, ტყვია ესროლა, ავიაკატასტროფა მოხდა... ჩვენს ქვეყანაში და მეზობლად რომ შემოაკლდებათ, ინდონეზიის ამბებზე გადადიან: ის ჩამოაგდეს, იქ მიტინგებია, იქ თვითმფრინავი ჩამოვარდა... შე კაი დედმამიშვილო, ცუდი ისედაც ბევრი მაქვს ირგვლივ, რამე კარგი მითხარი... ამიტომაც, ტელევიზორში ვუყურებ მხოლოდ ფეხბურთს და კულტურის ამბებს...

ფეხბურთი მაინც, ისეთი სპორტია, რომ თვითონ ხარ: თვითონ დარბიხარ, თვითონ თამაშობ ქარსა და წვიმაში, თვითონ გაგდის ოფლი... ესენი კიდე, გამოწყობილი გამოვლენ და იძახიან: ეს ასე უნდა ყოფილიყო, ის ისე, მაგრამ არის ასე და იქნება ასე... რა იცი, შენ, მე რომ მეუბნები? საიდან იცი, რა იქნება? ღმერთი წყვეტს ამას, შენ კი არა... მაგრამ ესმით? ეს ჟურნალისტებიც მაკვირვებენ, კაცო: მოდიოდნენ სახლში, ჩართავდნენ ჩამწერს, მეტყოდნენ, აქ და აქ ნახეთ, თქვენი ინტერვიუ იქნებაო და რომ იბეჭდებოდა, გაოცებული ვიყავი, ჩემ თავს ვერ ვცნობდი: თურმე რომელიღაც პარტიას ვაქებ, რომელიღაცას ვაძაგებ... ერთ მეგობარს შევჩივლე – კაცო, რაღას მოდიან სახლში, მაინც არ წერენ იმას, რასაც ვეუბნები, ბარემ თვითონვე დაწერონ, უჩემოდ–მეთქი... ამიტომ ვერიდები გამოჩენას...

– მაგრამ თქვენს თაყვანისმცემლებს ინტერნეტში და ინტერნეტის გარეშეც, აინტერესებთ, რას აკეთებს მათი საყვარელი მწერალი, როგორია მისი ერთი სამუშაო დღე...

– ინტერნეტი კი არა, კომპიუტერი სადაც არის, იმ ოთახში ვერ ვჩერდები. ვცადე კომპიუტერში წერაც, მაგრამ არაფერი გამოვიდა, როცა ტექსტის წერა დავიწყე, ბიბლია შუაზე გამიყო და დამიწერა: ბი–ბლია... ვიკითხე, რა სჭირს–მეთქი და, ავად არისო, ხდება ავად?

– დიახ, ზოგჯერ ვირუსი შეეყრება ხოლმე, ძნელია განკურნება...

– ჰოდა, რად მინდა ეს ვირუსიანი, ისევ ჩემებურად წერა მირჩევნია... – ხელს უსვამს და ერთმანეთზე ალაგებს ხელნაწერებსა და საბეჭდ მანქანაზე აკრეფილ თაბახის ფურცლებს.

– ბატონო გურამ, თანამედროვე მწერლებს თუ კითხულობთ, ახალგაზრდებს?

– კი, როგორ არა, ვკითხულობ და 7–8 მყავს გამორჩეული, ოღონდ, გვარებს ვერ ვიხსენებ, ერთის გარდა – გელა ჩქვანავა არის ეგეთი, გალიდან ყოფილა, დევნილი. მისი ნაწერები ძალიან მომწონს: იუმორი, გროტესკი... იყვნენ აქ ჩემთან გალელები, დიდი მოკითხვა დავაბარე მასთან, არ ვიცი, გადასცეს თუ არა... საერთოდ, გალთან დიდი მოგონებები მაკავშირებს...

– იქნებ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ ამ მოგონებებზე...

– რა თქმა უნდა, გიამბობთ: მე პროფესიით არქეოლოგი ვარ და მიმუშავია კიდეც ამ სპეციალობით. განსაკუთრებით გალის რაიონს გამოვყოფდი, სოფელ ღუმურიშს. თანაც, მე ქვის ხანაში ვმუშაობდი და ეს პერიოდი ასწლეულებს ითვლის. მიმაჩნია, რომ საქართველოში არ არის ადგილი, სადაც რამდენიმე მეტრს გათხრი და ვერაფერს იპოვი.

– კირკიტა ხელობა გქონიათ, ბატონო გურამ... ეტყობა, ეს შემოქმედებაშიც გადაგყვათ. თქვენს „სამოსელ პირველში“ ცალკე თავი ეთმობა კანუდოსს, თავისუფლების ქალაქს, რომელთა მკვიდრნი სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში ებმებიან კამორელებთან და საბოლოოდ კი მარცხდებიან, მაგრამ მათი საქმე იმარჯვებს. რომანზე 12 წლის განმავლობაში მუშაობდით და საბოლოოდ 1978 წელს დაასრულეთ, 80–იან წლებში კი ცნობილი გახდა ბრაზილიაში, ერთ–ერთი დასახლების პირისაგან მიწისა აღგვის შესახებ, სადაც კანუდოსელების პროტოტიპები ცხოვრობდნენ, რომლებიც მთავრობას განუდგნენ და თავიანთი ქალაქი შექმნეს. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ იმ ქალაქს ბრაზილიაში კანუდოსი ერქვა. როცა თქვენს რომანზე მუშაობდით, არაფერი იცოდით ბრაზილიური კანუდოსის შესახებ?

– ეს მართლაც საოცრება იყო. რომანზე მუშაობა 1978 წელს დავამთავრე. როცა რომანზე ვმუშაობდი, მაშინდელ საბჭოთა კავშირში არაფერი იყო ცნობილი ბრაზილიური კანუდოსის შესახებ. ბუნებრივია, არც მე ვიცოდი. 1982 წელს, მოსკოვში გამართულ წიგნების ბაზრობაზე ერთ–ერთი სამხრეთამერიკელი მწერლის წიგნი შევიძინე, რომელიც ესპანეთში იყო გამოცემული. კანუდოსის შესახებ იქ ამოვიკითხე და ამოვისუნთქე, რადგან ჩემი რომანი 4 წლით ადრე იყო გამოცემული, ვერაფერს დამაბრალებდნენ. თორემ ამათ რა გაუძლებდა, ისედაც პირზე ეკერათ, ეს იმისგან აიღო, ეს იმას მოპარაო...

– მახსოვს, კოსმოპოლიტიზმსაც გაბრალებდნენ...

– კი, დომენიკოს გამო, ასე რატომ დაარქვიო. მერე კი იმას მსაყვედურობდნენ, ლამაზ–ქალაქში, კამორასა და კანუდოსში პერსონაჟებს ქართული სახელები რატომ არ ჰქვიათ, თუ კოსმოპოლიტი არ ხარო... მაგათ ვუპასუხე – კაცო, მიწერია მანდ, რომ „წავიდა უცხო ქვეყნად“. ჰოდა, გეკითხებით, შეიძლება, ჩახვიდეთ იტალიაში და სასტუმროს ადმინისტრატორს ერქვას მაყვალა ან გვანჯი? სახელების შეცვლის გამო ვარ კოსმოპოლიტი? კარგი, ამას თავი გავანებოთ: ვულგარულობაც რომ დამწამეს? „სამოსელი პირველში“ არის ასეთი თავი; „სოფლად“. გინდა თუ არა, ვულგარულიაო. არადა, რომ ჩაუკვირდები, სუფთა ქართული სოფელია, რა არის იქ ვულგარული?

– სხვათა შორის, ბატონო გურამ, პოპულარულ სოცქსელებზე უკვე შეიქმნა თქვენი თაყვანისმცემლების ჯგუფები, რომელთა მიზანია, რომ ხელი შეუწყონ თქვენს წარდგენას ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. ამისთვის თქვენი თანხმობაცაა საჭირო. რას ფიქრობთ ამაზე?

– იცით, რაშია, საქმე? რა თქმა უნდა, ნობელის პრემია უდიდესი ლიტერატურული ჯილდოა, მაგრამ ბოლო დროის მოვლენების გადახედვამ, რაც ამ ცერემონიალებზე და წარდგენებზე ხდება, მაგ პრემიაზე, მართალი გითხრათ, საკმაოდ ამიცრუა გული. ძალიან პოლიტიზირებული გახდა პრემია ლიტერატურის დარგში. მე არ ვამბობ, რომ არ ეკუთვნოდათ მათ, ვინც მიიღეს, მაგრამ ნობელიანტების შერჩევა რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება, ფაქტია... სხვათა შორის, საქართველოშიც იგივეა. მე არ ვიცოდი და ახლა გავიგე შემთხვევით, რომ რუსთაველის პრემიის ლაურეატი არ ყოფილა ბატონი რეზო ჩხეიძე, არ ყოფილა ჩვენი ოტია... რა უნდა ვილაპარაკოთ ამის შემდეგ?

– მახსოვს, პრეზიდენტმა „ღირსების ორდენთან“ ერთად იტალიის შვიდდღიანი საგზურიც გადმოგცათ. იტალიაში მიღებულ შთაბეჭდილებებზე მოუყევით ჩვენს მკითხველებს...

– იტალიაში მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. როცა წავედი, მეგონა, რომ იტალიაზე ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ იქედან რომ დავბრუნდი, ისეთი კულტურული შოკი მივიღე, რომ ახლაღა მოვდივარ აზრზე. არადა, თითქმის მთელი საინტერესო იტალია დავათვალიერე: ფლორენცია, მილანი, ემპოლი, ვენეცია... ყველა ღირსშესანიშნაობა ვნახე, თანაც, ურიგოდ: როცა გაიგებდნენ, რომ ქართველი ვარ, ურიგოდ მიშვებდნენ, ჩვენს საელჩოს ჰქონია რაღაც პრიორიტეტი და იმიტომ. კი მერიდებოდა სხვების, მაგრამ რა მექნა, მეც ძალიან მაინტერესებდა, თანაც, რიგში რომ 3 საათს დადგები, მერე მოდუნდები და რაც უნდა საინტერესო იყოს, აღარ გაინტერესებს...

– მანამდე თუ იყავით ნამყოფი საზღვარგარეთ? თქვენს ნაწარმოებებში, მაგალითად, მოთხრობაში, „ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები“, ისეა აღწერილი ესპანეთის პროვინციები, თითქოს იქ ყოფილიყავით...

– სინამდვილეში ასეც იყო. მართალია, ქვეყნიდან გაუსვლელობა მქონდა „დათბობის“ პერიოდში, მაგრამ როცა გაიგეს, რომ ფილმს იღებდნენ ჩემზე, რა უნდა ექნათ, გამიშვეს... ესპანეთის მერე საფრანგეთში ვიყავი, მაგრამ დავასკვენი, რომ პარიზი ესპანეთის შემდეგ არ უნდა მენახა... რაც შეეხება იტალიას, მახსოვს, რომ 1988 წელს ვიყავი ჩასული რომელიღაც ქალაქში, მწერალთა კონგრესი თუ რაღაც ამგვარი იყო...

– თუ არ ვცდები, სწორედ იმ კონგრესზე გააჟღერეთ თქვენი ცნობილი პოსტულატი: „ყოველი კარგი მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე იყავი, და საერთოდ, ხელოვნება, კერძოდ, ლიტერატურა უნდა დაეხმაროს ადამიანს, უკეთესი გახდეს...“ პოეზისადმი თქვენი ირონიული დამოკიდებულებაც ცნობილია, ტოლსტოის ფრაზას იშველიებთ ხოლმე: „პოეზია – ეს იმას ჰგავს, რომ ხნავდე და გუთანს ცეკვა–ცეკვით მისდევდე.“ პროზას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ, ვიდრე პოეზიას?

– პოეზიისადმი ჩემი ირონიული დამოკიდებულება ზოგიერთი ვითომ პოეტის და პოეტური მიმდინარეობის მიმდევართა მიერაა გამოწვეული. კერძოდ, ვერლიბრს და ვერლიბრისტებს ვგულისხმობ.

შესანიშნავმა იუმორისტმა, ოთარ მამფორიამ ვერლიბრს მოსწრებულად უწოდა „უშრომელი შემოსავალი“, როცა რითმის ძებნა არ გჭირდება, კომპოზიციაზე არ ზრუნავ და ასე შემდეგ... ერთი ქართველი ვერლიბრისტი ყოფილა, გოგონა, 20 წლის. ატყდა ერთი ამბავი, ჰაი, რა ნიჭიერია, ჰუი, რა გაბედულია – ლამისაა, მომავლის ქართული პოეზიის დედოფლად შერაცხეს. დამაინტერესა, ვიფიქრე, გადავხედავ მის ნაწერებს–მეთქი და, რას ვხედავ: ერთი ლექსი აქვს, დაახლოებით ასეთი (ბოდიშს იხდის და ციტატა მოჰყავს): „მე მაქვს სურვილი, ავიდე მთვარეზე და იქედან გადმოვაფსა დედამიწას...“

ახლა მითხარით, ეს გაბედულება და სითამამეა, თუ უზრდელობა... ამის დამწერს შევახსენებდი ერთი ჭკვიანი კაცის ნათქვამს, რომ ყველაზე დიდი ცოდვა სწორედ რომ სიტყვით მრუშობაა. ამისთანებმა ამიცრუეს გული პოეზიაზე, თორემ აბა, შოთა რუსთაველი რომ არ ყოფილიყო, ღმერთმა დაგვიფაროს – ალბათ, ქართული ენაც არ გვექნებოდა, ან კიდევ, ჩვენი ვაჟა–ფშაველა, ანა კალანდაძე, შოთა ნიშნიანიძე, მურმან ლებანიძე, ჩვენი მუხრანი...

– და ბოლოს, როგორ ხვდება ახალ წელს გურამ დოჩანაშვილი: ახალი გეგმებით და იმედებით, თუ არც ისე იმედიანად...

– იმედი ღმერთმა ნუ მოგვიშალოს, შვილო, რა თქმა უნდა, იმედით ვხვდები. ზოგჯერ, როცა ჟურნალისტები მეკითხებიან, რა უნდა ვქნათო, გაკვირვებული ვრჩები და იქეთ ვეკითხები: მე მეკითხებით, რა უნდა ვქნათ, როცა ასეთი პატრიარქი გვყავს? საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და იგი იფარავს ამ ქვეყანას, სწორედ ამითაა გამოწვეული პატრიარქის თავდაჯერებული ტონი, რომ საქართველო გადარჩება და გამთლიანდება. ყველაფერი დალაგდება, ამის მჯერა. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: მე არ ვარ მწერალი, მხოლოდ გადამწერი ვარ... ზემოდან მკარნახობენ და ვიწერ.... ბევრ რამეს მერე აღმოვაჩენ, რომ კარნახით დაწერილს მაშინ კარგად ვერ ვაცნობიერებდი... ერთმა–ორმა მკითხა, რაღა შენ აგირჩიეს გადამწერადო, მაგრამ ვინმე ხომ უნდა აერჩიათ?..

ინტერვიუ სრულდება. ბატონი გურამი წიგნების თაროსთან მიდის, თავის ახალ ავტობიოგრაფიულ რომანს: „რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება“ გულთბილი ავტოგრაფით მჩუქნის და დამდეგ ახალ წელს გვილოცავს ჩვენც და მკითხველებსაც. ჩვეული თავმდაბლობით ლამის ლიფტის კარამდე მომყვება და მიხსნის მისი გამოძახების დეტალებს...

მე კი, ძალაუნებურად, იდეალური მწერლის მისეული დახასიათება მახსენდება:  "..და თუ მწერლის ჩემეული იდეალი გაინტერესებთ, ეს არის მგელზე ამხედრებული ამაყი გლახა, არწივით მხარზე – ისიც არ იწვრთნებაო, ამბობენ...“ 
0

ავტორი: