17:19:00     25-10-2012
ვახტანგ ორბელიანი - „ბულბული“
1890 წლის 29 სექტემბერს (ახალი სტილით 11 ოქტომბერს) გარდაიცვალა პოეტი, ქართული რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ვახტანგ ორბელიანი.
მომავალი პოეტი დაიბადა 1812 წლის 5 აპრილს ვახტანგ ორბელიანის ოჯახში. პოეტის დედა ერეკლე მეორის ასული თაკლე ბატონიშვილი გახლდათ. მამის გარდაცვალებიდან ერთ თვეში შობილ ვაჟს თეკლემ მამის სახელი დაარქვა. თეკლე ბატონიშვილის ქმარი, ვახტანგი სოფელ ჩუმლაყთან დაიღუპა, რუსებისა და აჯანყებული ქართველების შეტაკებისას.
თეკლე ბატონიშვილის მეუღლის, ვახტანგ ორბელიანის ვაჟკაცური დაღუპვის ამბავი ჩვენ მოთხრობილი გვაქვს პრესა.გე-ს მკითხველებისათვის („ვერაგი რუსი დამპყრობლები და ქართველი კაცის ვაჟკაცობა გამოუვალ მდგომარეობაში“, 21.02.2011). აქ მოკლედ გავიმეორებთ.
თეკლა ბატონიშვილისა და ვახტანგ ორბელიანის სახლს რუსებმა ზარბაზნები დაუმიზნეს და ვახტანგს (მამას) მოსთხოვეს კახეთის აჯანყებულების წინააღმდეგ გალაშქრება. კახელებს გრიგოლ ბაგრატიონი მეფედ გამოეცხადებინათ და ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის იბრძოდნენ. ვახტანგ ორბელიანმა ხერხი იხმარა. გამოემშვიდობა ცოლ-შვილს, ბრძოლაში წავიდა, ცხენი მიაჭენა ერთ კახელ მხედართან და შეჰყვირა, თითქოს ხმლის წართმევა უნდოდა. აჯანყებულმა კახელმა სთხოვა თავს ნუ მომაკვლევინებ, ცუდი ვინმე არ ჩანხარო. ვახტანგი „არ მოეშვა“, მაშინ კახელმა თოფი ესროლა და მოკლა. ასე გადაირჩინა თავი ვახტანგ ორბელიანმა ღალატისაგან, ქართველების წინააღმდეგ ბრძოლისაგან, თავი შეაკლა აჯანყებულებს და ამით, ცოლ-შვილი რუსების მხრიდან ამოჟუჟვასაც გადაარჩინა.
ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანი სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელსა და პეტერბურგის პაჟთა კორპუსში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1830 წელს დაბრუნდა საქართველოში.
1832 წელს თეკლე ბატონიშვილი და მისი ვაჟები, ალექსანდრე, დიმიტრი და ვახტანგი, შეთქმულების მონაწილენი გახდნენ, რისთვისაც რუსულმა იმპერიალისტურმა რეჟიმმა ისინი გადაასახლა საქართველოდან.
შემდეგ ვახტანგ ორბელიანი სამხედრო სამსახურში შევიდა. მონაწილეობდა სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში. 1855 წელს ქართველ გრენადერთა პოლკის უფროსი გახდა. 1860 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.
ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანი შეთქმულების ჩავარდნის მერე, პესიმიზმში ჩავარდა, როგორც ყველა, დიდი დროით, ილიასა და მისი თაობის მოსვლამდე. ამითაა გამოწვეული მათი სევდიანი და უიმედო რომანტიზმი (ეროვნული თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში). თუმცა სამშობლო ძალიან უყვარდათ (აქ პოეტებს ვგულისხმობ და არა მოღალატეებს, რომლებიც მართლა არსებობდნენ).
მათ ლიდერი არ ჰყავდათ. ბატონიშვილებმა ვერ შეძლეს ერის ლიდერი გამხდარიყვნენ, ალექსანდრესა და გრიგოლის მერე, ფაქტიურად. შემდეგ ბაგრატიონების როლი ილია ჭავჭავაძემ შეასრულა ეროვნულ ასპარეზზე, და ამიტომაც უწოდეს უგვირგვინო მეფე.
ვახტანგ ორბელიანი იყო რომანტიკოსი პოეტი, დიდი პატრიოტი, ქართველთა დიდებულ წარსულზე შეყვარებული ადამიანი, თუმცა, როგორც ვთქვი პესიმისტი. ის, როგორც ვთქვით, გარდაიცვალა 1890 წლის 29 სექტემბერს (ახალი სტილით 11 ოქტომბერს). დაკრძალულია სიონის ტაძარში.
გავიხსენოთ მისი შესანიშნავი ლექსი „ბულბული“. ლექსი პირველად დაიბეჭდა „ცისკარში“ 1857 წელს, # 1.
ბულბული
ერთს განშორებულს მშვენიერს მტილსა
ვარდი ჰყვაოდა ნაზად, ნარნარად,
და მისა ახლოს, მწვანით მოსილსა
წყარო მცინარე ურწყვიდა მარად.
გარნა, რა დილა გამოკრთებოდა,
ყვავი ყვავყვავით ვარდზე ჯდებოდა,
და მისა ახლოს ბულბული წყნარი,
ერთს გამხმარ ხესა საწყლად მჯდომარი,
ნაზად და ნელად მწარედ მოსთქმიდა
და სჭვრეტდა ყვავს, ვით ვარდს სჯიჯგნიდა.
განრისხებული ვარდის მფლობელი
გარდასჩხაოდა საწყალს ბულბულსა:
„ეგრეთ ცუდისა ხმის მქონებელი
რად არ დასცხრები, რად უხეთქ გულსა
ნარნარად ჩემგან შეყვარებულსა?“
გარნა ბულბული ნაზად და წყნარად
სტვენდა სიყვარულს მარად და მარად.
რა განვაგრძელო? მამაცმა ყვავმა,
ვითა გულითა, სულითაც შავმა,
გრძლად ვარდთა შვება ვერ მოითმინა.
ყრიანტალითა და ბრჭყალებითა
გასჯიჯგნა ვარდი და მსწრაფლ იფრინა.
ვარდიცა დაჭკნდა მიწას გდებითა.
გარნა ბულბული ნაზად და წყნარად
სტვენდა სიყვარულს მარად და მარად....
0