12:52:53     24-10-2012
პოეტური სამეულის - „ტრიოლეტის“ სამ-სამი ლექსი
პოეტური სამეული „ტრიოლეტი“ გიორგი არჩემაშვილმა, ლევან ცალუღელაშვილმა და მიხეილ თუმანიშვილმა 1999 წლის 14 სექტემბერს შექმნეს. მათ გამოცემული აქვთ კრებული. მკითხველი დამეთანხმება, მშვენიერ ლექსებს წერს სამივე...
გიორგი არჩემაშვილი - დაიბადა 1979 წლის 8 თებერვალს, თიანეთის რაიონში. 2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. წლების განმავლობაში ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას. 2003 წელს გახდა პრესის ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალისტი. გამოცემული აქვს ლექსების კრებული, სახელწოდებით „ეთარგი“.
ნიღბის გარეშე
გაგახსენდები, ერთადყოფნის წუთებს ვნებიანს
შენ დავიწყების სამსხვერპლოსთან მიიტან როცა...
ასეთი ჟინით შენს ბაგეებს არ შეხებიან
და არც არასდროს წაუკითხავთ ლექსებით ლოცვა...
ნუ მაიძულებ, დავემსგავსო მოკვდავს მიწიერს,
ნუ მაიძულებ, გაცვეთილი ნიღბებით თამაშს...
გრძნობების ომში შენ იმიტომ გამომიწვიე,
რომ საკუთარი თვალით ნახო პოეტის დრამა.
უარი ნიღბებს!.. და თუ გინდა ჩემს გვერდით ყოფნა
გულს მიენდე და აღასრულე შენი მისია...
მიწაზე რომ ვარ, მე წამებად ისიც მეყოფა
და გაღებული მსხვერპლიც უკვე საკმარისია!..
კაცადქცეული ღმერთის წამება
პოეტის მზერა – წყვდიადი ღამის,
ვერ ამჩნევს კაცთა მოდგმას მიწიერს,
აღსრულებათა დიადი წამი
თითქოს დროებით გადამიწიეს...
და წუთისოფლის უსახურ მგზავრებს
არა ვპატიობ სულით დაცემას!..
ამ ჯოჯოხეთში მე გამომგზავნეს
ქრისტეს სიტყვების გადმოსაცემად:
„არ დავთმე გული, მე რომ მებადა,
ვით სასწაული სიკეთის მარცვლის...
და დადგა ჟამი მოთმინებათა,
ჟამი წამების და ჟამი ჯვარცმის!
ადამის გენი მდევნიდა მერეც,
ცადამაღლებულს არც დღეს მენდობა,
სული ოცნებით ვაათასფერე,
რომ შემძლებოდა თქვენთვის შენდობა
უდიდეს ცოდვის, რომლის გამხელაც
და სინანულიც ინებეთ გვიან,
თქვენს ავხორცობას ახლა სახელად
ღმერთის მიწაზე მკვლელობა ქვია!
ზნედაცემულთა ბილიკებს ნაცადს
ბრმად მისდევთ, როგორც ოცნებას ქარზე...
და თუ კვლავ ღმერთი ვიქცევი კაცად
თქვენ ხელმეორედ გამაკრავთ ჯვარზე!..“
ეს არის ქრისტეს გზავნილი თქვენთვის,
რომ ამცირებდით, როგორც ავაზაკს...
და უმოწყალოდ აწამეთ ღმერთი,
რომელმაც სული გაგილამაზათ!
ახლა ხომ ხვდებით რად მტკივა ნეკნი,
ან გოლგოთის ჯვარს რატომ ვატარებ,
ან პოეზიის გვირგვინი ეკლის
ზეციდან რატომ გამომატანეს...
უფალო, ზეშთაგონებას არ ვცვლი,
მსურდა ოცნებად გარდამესახე...
და მე მოვყევი ამბავი ჯვარცმის
კაცადქცეული ღმერთის შესახებ!
მონანიება
ღმერთო, წარსულის ცოდვებს მაგონებს
შენი ტაძარი ბროლის მინებით...
როცა მიჭირდა, ვერ გაგაგონე
ლოცვა გულიდან მონადინები!
ალბათ ეს სივრცე არ ეყოთ ბგერებს
ან აღარ შერჩა ზეცას გამგები...
ბავშვივით შევცდი და დავიჯერე,
რომ მე შემეძლო შეცვლა განგების.
მრავალი ცოდვა, სულს რომ მიმძიმებს,
საშინლად მტანჯავს, ფიქრიც ზეგანობს,
არ ვიცი, მოვკვდი თუ მივიძინე,
ვერ ვგრძნობ სამყაროს უკიდეგანოს!
„უფალო, მიხსენ!“ - ჩუმად ვღაღადებ,
რომ შევაჩერო ძვირფასი წამი...
და სტრიქონებიც, ჩემს წინ, ქაღალდზე
იმეორებენ ჩემ სიტყვებს - „ამინ!“
ახლა გარდუვალს ვერ გავექცევი,
არც მსურს გაქცევა, დამეფიცება,
ისე ითხოვენ ჩემგან ლექსები
სიცოცხლისა და აზრის მიცემას,
თითქოს მე ვიყო დროის და სივრცის
საწყისი, მხსნელი მკვდარი გულების,
მესმის, სიტყვები იწყებენ სიცილს
ჩემგან ლექსებად ხორცშესხმულები!..
დუმილი მაშინ უფრო ძნელია,
როცა სულს დააქვს დარდი ამხელა,
თვალები კვლავაც გასახელია,
ცოდვებსაც უნდა, ღმერთო გამხელა...
მე მინდა სივრცე და არ მიშვებენ,
შენ იცი, მაგრამ არ ამბობ, რა მჭირს,
უფალო, ისევ შენ გთხოვ მიშველე,
მე პოეზიით და სიტყვით დაჭრილს!..
ლევან ცალუღელაშვილი - დაიბადა 1980 წლის 3 სექტემბერს, დაბა თიანეთში. 2002 წელს დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1998 წლიდან მუშაობდა ჟურნალისტად სხვადასხვა გაზეთებში, აგრეთვე რადიო მაუწყებლობაში. ავტორია ლექსების კრებულისა „ნაბიჯი გრიგალთა გზაზე“.
ცისფერი ყანწი
სისხლით ამივსეთ ცისფერი ყანწი,
უფლის კალთაზე უნდა დავღვარო,
ჯორდანოსავით კოცონზე დამწვით
და ჩემი ფერფლი ცას შეაყარეთ!..
მკლავი მომკვეთეთ, ვით არსაკიძეს,
სატანის ფერხთით დაყრილ მძორებმა,
გადამიხსენით მკერდზე საკინძე
და თვით უფალი მეამბორება...
შემომწოლია გულს დარდი ნისლად,
მიფშვნეტენ სხეულს ხმელ ფოთოლივით,
ეს სტრიქონები იღვრება სისხლად,
სული ჭრელდება ძველი თოვლივით.
სისხლით ამივსეთ ცისფერი ყანწი,
უფლის კალთაზე უნდა დავღვარო,
ჯორდანოსავით კოცონზე დამწვით
და ჩემი ფერფლი ცას შეაყარეთ!..
რეგინა
ვფიქრობ, ამორძალო რომ ღმერთებს ანრისხებ,
მუარით ხორბლისფერ სხეულს რომ იმოსავ,
ქალწულო,
მაგ მკლავთა მოხვევა მაღირსე!
მერე სამარეზე დამირგე მიმოზა...
მე სხვა ღმერთს ვლოცულობ ფშაველი წარმართი,
იქ ვტოვებ ანაბეჭდს ნასანთლარ ნიშებთან,
ლექსები მქონდა და ლექსებიც წამართვი...
ასე აფროდიტეც ვერ გამაგიჟებდა!
წუხელის მესიზმრე,
მოხვედი ფარფატით,
ფარვანას ფრთებით და წამწამით დამჩრდილე,
მოხველ,
მოწყურებულს შემასვი შარბათი
და სული მიჰყიდე უსახურ აჩრდილებს.
წახვედი!
დამტოვე!
შენ მშვიდად გეძინა
იებთან,
მათ სჯობდი,
უკვირდათ მადონებს,
მე კი დაგეძებდი,
გეძახდი: რეგინა!
მაგრამ ჩაძინებულს ხმა ვერ გაგაგონე.
შენ კვლავ გაურბიხარ კერპებს და წარმართებს,
არ გმართებს ირწმუნო უფალის, განგების,
ყველაფერს _ ლექსებს და თავსაც კი წამართმევ,
რაღაც მანქანებით და რაღაც მაგებით.
შენ უცხო ტომელი სხვა ქალებს ანრისხებ,
გიხდება მუარით სხეულს რომ იმოსავ,
ქალწულო,
მაგ მკლავთა მოხვევა მაღირსე...
და მერე?
საფლავზე დამირგე მიმოზა!
სადღაც
ახლა ვუმზერ თვალუწვდენელ ტრამალს,
კაბანამულ ყვავილების ფურცლებს,
გადახსნილი იარები დამაქვს...
ო, რაოდენ მწუხარებას ვუძლებ!
სული მითრთის და მჭირდება შველა,
მესიზმრება, თითქოს ზღაპარს ვყვები...
როგორ უცებ მიმატოვა ყველამ,
როგორ უცებ გაიყარა გზები.
ირგვლივ ქარი სიშორეზე ნატრობს,
ქარს ფოთლებით გაუვსია კალთა,
სადღაც მივალ უსუშველოდ მარტო,
გული მტკივა და იმედებს ვკარგავ.
გლოვა, ცრემლით დაიღალა მრევლი,
საცეკვაოდ ცა კელაპტრებს იწვევს,
ლუციფერის შავი ჩრდილი მდევნის
და დაღლილ სულს აკვანივით მირწევს.
შორს საყდარი, ზარების ხმა წყდება,
მოძღვარს ღვთისკენ გუწვდია ხელი,
სულში ისევ სიმარტოვე ჩნდება,
ხვალე ისევ სიმარტოვე მელის.
ტრაგედიებს ვერ დამალავს ფარდა,
კულისებში სადაც იცვლი ნიღბებს,
ყველაფერი სიმარტოვის გარდა,
ყველაფერი დავიწყებას მისდევს.
ახლა ვუმზერ თვალუწვდენელ ტრამალს,
კაბანამულ გვირილების ფურცლებს,
გადახსნილი იარები დამაქვს,
ო, რაოდენ მწუხარებას ვუძლებ...
მიხეილ თუმანიშვილი - დაიბადა 1979 წლის 14 სექტემბერს, ხაშურის რაიონში. 2001 წელს დაამთავრა პედაგოგიური უნივერსიტეტი. მისი შემოქმედება იბეჭდებოდა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. არის ლიტერატურული გაზეთის - „მესამე ათასწლეულის“ დამფუძნებელი.
სტანსები
რაა, სიკვდილზე დამისვა კითხვა,
ანდა იარაღს სისხლით ჰღებავდე,
ამაღლებამდე ამაღლდა სიტყვა!
დრო დაილია ამაღლებამდე!..
გრძნობ, საიდუმლო არ გაგიკარებს,
ჩვენს შორის ხიდი არ გაიდება.
ვინ ევედრება ზეცის გრიგალებს,
რომ მუხლმოყრილი შეხვდეს დიდებას?!
ჯვარიც ზეციურ სინათლეს ჰგავდა,
ჯვარცმაა, როცა ტყვიას გესვრიან!
ვინ დაიჩოქა საკუთარ თავთან,
რომ უდიდესი გახდეს მესია?
მიიღე ლოცვა, როგორც იგავი,
მისტერიაზე კი ნუ საუბრობ,
თვით მისტერიის გმირი იყავი,
შენთან დადგება მთელი საუფლო!
თუნდ ერთი წამით
როს გარდაცვლილი დღის სანაპირო
შემოსავს ყორნის ფრთებით ბოროტ სულს,
ქვა გდია წყნარად, არაფერს ითხოვს,
მზე ამოდის და ჩადის როგორც სურს.
მდინარეც მიექანება თავქვე,
იხშობა სივრცე, როგორც მაღარო,
დროა გაკვალულ ბილიკებს გავყვე,
შემოვაწყვიტო სარკმელს საღამო.
დროა, ავანთო კერაზე ცეცხლი,
ვიფიქრო, თუ რა იქნება შემდეგ,
დროა, რადგანაც ვერაფერს შევცვლი
თავს სიჯიუტეს გადავაჩვევდე.
გაილანდება ჩემს თვალწინ მაშინ
შორს მიმავალი ფიქრის ბილიკი,
ხომ შეიძლება თუნდ ერთი წამით
მე რომ წავიდე სხვა გზით, პირიქით.
ვჩერდები, ყველა თავის გზით წავა,
ცხოვრება გზა-ჯვარედინად ვცანი,
ჩამდის ავადმყოფ სხეულში წამლად
ბედნიერების ის ერთი წამი...
წეროების ცეკვა
ნიშნობის ბეჭდებს ფანტავს შემოდგომა,
წეროთა გუნდებს გავყურებ შორით,
სამყარო ცალი ფრთით შემოღობა,
როკვით ცხელ ქვიშას ადინა ბოლი.
თითქოს სიცოცხლის წამი გაჩერდა
და უხარიათ ეს დღე წეროებს!
დღესასწაულის ნატვრად დავრჩები
ტირიფის დახრილ ხის კენწეროებს.
დღესასწაული მომენატრება
და წეროების ამგვარი ცეკვა,
ასე აფრენა გრძნობის აფრებად
შეედარება სიცოცხლის ზეგანს.
სულ სხვა ფერი აქვს მტკვარსა და მდელოს,
ცას და ხეობის ფერად დერეფნებს,
წამში მარაო - ფრთაგაშლით წერო,
როცა შედგება ფეხის წვერებზე.
განშორებული ვარსკვლავთა დარბაზს
მზეც წუთისოფლის ხიბლით იხრება,
ისე ლამაზად ცეკვავენ, ალბათ,
უკანასკნელი ცეკვა იქნება.
0