12:51:52     24-10-2012
ივანე ბუნინის „მარტოობა“
1870 წლის 22 ოქტომბერს, რუსეთის იმპერიაში, ვორონეჟში დაიბადა ცნობილი რუსი მწერალი და პოეტი ივანე ბუნინი. დაიბადა გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სოფელში გაატარა. ოჯახში სამი ვაჟი ჰყავდათ. უფროსი ვაჟი იული ძალიან ნიჭიერი ყოფილა, უყვარდა ენების შესწავლა და მათემატიკა. გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა. მეორე ვაჟი, ევგენი კი სწავლისადმი გულგრილი ყოფილა, სამაგიეროდ ნიჭიერი მხატვარი იყო. დედის თქმით, ივანე ყოველთვის განსაკუთრებული ყოფილა. ჰყავდათ დაც.
1874 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ხუტორ ბუტირკაში. მომავალ მწერალზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ბუნებამ და გლეხების ქოხებმა და თავად უბრალო ადამიანებმა. ივანე და მისი და ბაძავდნენ გლეხებს და ჭამდნენ შავ პურს და გლეხურ საჭმელებს. იმ პერიოდიდანვე ეტყობოდა მომავალ მწერალს სინამდვილის მხატვრული აღქმის უნარი. 8 წლის ასაკში დაწერა თავის პირველი ლექსი.
11 წლისა გიმნაზიაში შეიყვანეს. თავიდან კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით თუ რამე დააინტერესებდა. მერე გული აიცრუა და მესამე კლასში ჩატოვეს. წერდა ლექსებს.
გიმნაზია არ დაუმთავრებია. სწავლა განაგრძო დამოუკიდებლად, უფროს ძმის იულის დახმარებით. 1887 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი „ნადსონის საფლავზე“.
დამოუკიდებელი ცხოვრება ადრე დაიწყო. 1889 წელს მოეწყო გაზეთ „ორლოვსკი ვესტნიკში“ (Оpловский вестник). გაზეთში ხშირად ასრულებდა რედაქტორის მოვალეობას. აქვეყნებდა ლექსებს, მოთხრობებს, კრიტიკულ წერილებს ლიტერატურულ გვერდზე. მწერლობით ირჩენდა თავს.
1891 წელს ცოლად მოიყვანა ბარბარა პაშენკო, რომელიც ძალიან უყვარდა. ჯვარი არ დაუწერიათ. ქალის მშობლებს არ მოსწონდათ ღარიბი პოეტი. 1891 წელს გამოსცა კრებული „ლექსები“.
1892 წელს გადავიდნენ საცხოვრებლად პოლტავაში. მუშაობა დაიწყეს ცოლმაც და ქმარმაც, ივანეს უფროს ძმასთან, რომელიც გუბერნიის სამამულო სამმართველოში მუშაობდა. იქ პოეტი დაუახლოვდა ხალხოსნურ მოძრაობას (ნაროდნიკებს). აგრძელებდა ლიტერატურულ საქმიანობას.
ინახულა ლევ ტოლსტოი, რომელიც მისთვის ძალიან დიდი ავტორიტეტი იყო. რამდენჯერმე იმოგზაურა უკრაინაში. ცოლი გაექცა და მის მეგობარს გაჰყვა.
ბუნინი დაუახლოვდა მწერლებისა და პოეტების ჯგუფებს. ოდესაში იქორწინა მეორედ, ანა ცაკნიზე, თუმცა ორ წელიწადში, 1900 წელს ისინი დაშორდნენ. იმოგზაურა ევროპაში. ძალიან უყვარდა მოგზაურობა.
მას უკვე ცნობილი შემოქმედის სახელი ჰქონდა. განსაკუთრებით აფასებდა მას ანტონ ჩეხოვი, რომელიც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, ასევე სხვებიც. 1901 წელს პოემისათვის ”ფოთოლცვენა” პუშკინის სახელობის პრემია მიანიჭეს. 1909 წელს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიამ საპატიო აკადემიკოსად აირჩია.
1906 წელს იქორწინა ვერა მურომცევაზე. მალე გაემგზავრნენ ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში სამოგზაუროდ. აღმოსავლეთში მოგზაურობაზე დაწერა ნარკვევების ციკლი ”მზის ტაძარი”.
1920 წელს ივანე ბუნინი ემიგრაციაში წავიდა. ის ამბობდა, რომ ძველი სამყაროს შვილია, ხოლო ახალში კი პოეზიას ვერ ვხედავო.
ლიტერატურულ მოღვაწეობას ემიგრაციაშიც აგრძელებდა. წერდა და თარგმნიდა. დასახლდა საფრანგეთის სამხრეთში, კანთან ახლოს.
1933 წელს ივენე ბუნინს მიანიჭეს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია.
დიდი რუსი მწერალი ივანე ბუნინი გარდაიცვალა 1953 წელს პარიზში. დაკრძალულია იქვე.
მკითხველებს ვთავაზობთ ივანე ბუნინის ლექსს „მარტოობა“, რომელიც შესანიშნავად თარგმნა ვასილ გულეურმა. ლექსი დაიწერა 1903 წლის ზაფხულში. პოეტმა იგი მიუძღვნა თავის მეგობარ მხატვარს პ. ნილუსს. იმ ზაფხულს, ვერა მოროვცევა-ბუნინას თქმით, 33 ლექსი დაუწერია... ყველაზე მეტი წარმატება იმ ლექსთაგან „მარტოობას“ ხვდა წილად...
მარტოობა
(თარგმნა ვასილ გულეურმა)
მხოლოდ ქარია, წვიმა და შავი ბინდი,
წამოქოჩრილან ტბის თავზე მღვრიე ტალღები.
გაზაფხულამდე ჩაკვდა სიცოცხლე ირგვლივ,
გაზაფხულამდე დაცარიელდნენ ბაღები.
ახლა მარტო ვარ მე აგარაკზე. უკვე
ბინდი ჩამოწვა. ხეებში ქარი უსტვენს.
ჩემთან იყავი გუშინ, ახლა კი რატომღაც
მოიწყინე და თითქოს მეც ვეღარ მეჩვევი.
ამ უამინდო და ავდრიანი დღის ბოლოს
მე მომეჩვენა, თითქოს ცოლი ხარ შენ ჩემი...
მშვიდობით იყავ! რადგანაც წასვლას არ იშლი,
როგორმე გავძლებ მარტოკა - ცოლის გარეშე...
დღეს მთელი დღეა დაუსრულებლად მიდიან
ცაზე ღრუბლები - მწკრივები მწკრივებს მიჰყვება.
სახლის პარმაღთან შენს ნაფეხურებს წვიმა შლის,
ქარი ხმაურობს და შენზე ამბავს მიყვება.
მარტო რომ შევცქერ მიდამოს, სევდით ვივსები.
საღამოს ბინდში დაბლა წვებიან ნისლები.
მინდა ვიყვირო, რომ გაგაგონო როგორმე:
„დაბრუნდი, ჩემგან რატომ წახვედი, რა ხდება!“
მაგრამ ქალისთვის წარსული ქრება უკვალოდ,
გადაიყვარებს - და სატრფო უცხო გახდება.
რას ვიზამ! ბუხარს ავანთებ, დავლევ კიდევაც...
მე მგონი, ძაღლი ვიყიდო, კარგი იქნება.
0