16:21:02     23-10-2012
ეპიფანცევი: სააკაშვილი ხელისუფლებაში, ივანიშვილის პოპულისტური დაპირებების წყალობით დაბრუნდება

რუსი ექსპერტი ანდრეი ეპიფანცევი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, კვლავ დაბრუნდება ხელისუფლებაში მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში გადავა. ექსპერტი თვლის, რომ სააკაშვილი ამას საკუთარი პირადი თვისებების – რამდენადაც ის ძლიერი პოლიტიკოსია – და ბიძინა ივანიშვილის პოპულისტური დაპირებების ვერშესრულების წყალობით მოახერხებს.
,,დიდი ალბათობით შეიძლება გავაკეთოთ პროგნოზი, რომ სავარაუდოდ, 2014 წლის ბოლოს ქართველი ამომრჩეველი ნახავს, რომ ქართული ოცნების დაპირებები არ შესრულდება... ცხადია, რომ ეს შეიძლება კარგი შანსი იყოს სააკაშვილის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად” - წერს ეპიფანცევი.
ამ ვითარების გათვალისწინებით ის ერთგვარ რეცეპტს აძლევს რუსეთის ხელისუფლებასაც, - თუ როგორ უნდა იმოქმედოს: არ ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში და კონცენტრირება მოახდინოს იმაზე, თუ რა პირობებით სურს გამარჯვებულ ძალას მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენა.
ანუ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, რუსი ექსპერტის გეგმით შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას: სრულებით უარი თქვას აგრესიულ ანტირუსულ რიტორიკაზე, გააუქმოს თბილისში მოქმედი ოკუპაციის მუზეუმი, მოახდინოს საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების დოკუმენტის დენონსაცია, გააუქმოს აკრძალვა საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში რუსეთის სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებაზე და დაიწყოს მოლაპარაკებები ტრანსკავკასიური სარკინიგზო – რუსეთ-აფხაზეთ-საქართველო-სომხეთის მაგისტრალის აღდგენაზე.
ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეპიფანცევის აზრით, მოსკოვმა თბილისთან ყველაფერზე უარი უნდა თქვას, მათ შორის, ქართული კომპანიებისათვის რუსული ბაზრის გახსნაზეც კი.
0