ნინო ტარყაშვილი - “ოჯახი” ნინო ტარყაშვილი - “ოჯახი” />


  11:49:13     23-10-2012

ნინო ტარყაშვილი - “ოჯახი”

a22213.jpg

ლიტერატურის მოყვარულთა წრეებში ნინო ტარყაშვილს კარგად იცნობენ. დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში. ექვს წლამდე სოფელ ნუკრიანში ცხოვრობდა დედასთან და ბებიასთან ერთად. შემდეგ მამამ ის და დედა საცხოვრებლად თბილისში გადმოიყვანა. 

1988 წელს წარჩინებით დაამთავრა 167-სკოლა. უფროსს კლასებში სწავლის პარალელურად სწავლობდა ჟურნალისტთა სკოლაში. 

შემდეგ სწავლა განაგრძო სამედიცინო აკადემიაში, პედიატრიულ ფაკულტეტზე. აკადემიის  დამთავრების შემდეგ მუშაობდა ან თანამშრომლობდა სხვადასხვა პოპულარულ ჟურნალ-გაზეთებთან და ტელეკომპანიებთან 2002 წლამდე (ტელეკომპანია „ევრიკა“, „იბერია“, გაზეთი „კვირის პალიტრა“, „მერიდიანი“, „ახალი ქართული გაზეთი“, „ფინანსები“, „გზა“, „ქალთა გაზეთი“, „ასავალ-დასავალი“ და სხვა.) 

ამჟამად მუშაობს საპატრიარქოს მომლოცველთა სამსახურში და თანამშრომლობს საპატრიარქოს საგამომცემლო დეპარტამენტთან, აგრეთვე საქართველოს საგვარეულოთა კავშირთან. 

გამოცემული აქვს  რელიგიურ-ისტორიულ თემებზე შექმნილი არაერთი წიგნი: „საქართველოს წმინდა მეფენი“, „ქართველ წმინდანთა პოეზია“, „ქართველ წმინდანთა ცხოვრება“, „ბრძოლებში სახელგანთქმული ბაგრატიონთა გვირგვინოსნები“. „წმინდა მამათა დარიგებანი ბავშვებისათვის“, „ბავშვის ლოცვა“, „სიღნაღის თავშეფარულ სამანებიდან“ და სხვა. 

გატაცებულია საეკლესიო გალობით (სხვადასხვა დროს გალობდა სხვადასხვა ტაძრებში), ხალხური სიმღერებით, ხევსურული ქარგვით და თექით. 

2011 წელს გამოიცა ნინო ტარყაშვილის პირველი ლექსთა კრებული „ირმის ნახტომი“.

 

მიყვარხარ

 

მინდა ვიყო,

მინდა იყო,

მე ვარ,

შენ ხარ,

მიყ ვარ ხარ!!!

 

†††

* * *

 

როცა თოვლია, გათოვს და გათოვს,

არ გინდა მაშინ, რომ იყო მარტო,

ლექსის თქმაც, თითქოს, უფრო გინდება,

რითმა ფარფატით ციდან ფრინდება,

და სიყვარული სიცივეს ათბობს,

არ გინდა, სახლში, რომ იყო მარტო...

 

შავი და ზღვისფერი

 

ჩემს თმაში უკვე

საღამოა,

შენში კი დილა

ირიჟრაჟებს,

ხვეული თმებით

ქუჩაში ჩვენ,

მოგვაქვს ამ ქვეყნის

სიგიჟმაჟე…………

 

ოჯახი

 

მე - ქვემდებარე,

შენ - შემასმენელი,

შვილი - დამატება,

ჩვენ - წინადადება.

 

წრე

 

როდესაც მე და შენ,

ერთმანეთს ვავსებთ,

ჩვენ ერთნი ვართ,

ერთმანეთს ვამთლიანებთ

და იბადება წრე.

და მერე ჩნდება მესამე

და წრიდან იქმნება

სამკუთხედი...

ჩნდება მეოთხე და

იქმნება ოთხკუთხედი.

ჩნდება მეხუთე, -

ხუთკუთხედი.

ანალოგიურად იქმნება

ექვსკუთხედი, შვიდკუთხედი

და ეს მატება უფრო და უფრო

უახლოვდება წრეს და

არასდროს ხდება წრე.

რადგან წრე, მხოლოდ

ჩვენ ორნი ვართ:

მე და შენ!

0

ავტორი: