12:11:29     20-10-2012
უმცირესობის ლიდერი - დავით ბაქრაძე, ვიცე-სპიკერი - გია ბარამიძე

მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის. "ნაციონალური მოძრაობა" კი, სამ ფრაქციად დაიშლება.
"პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, ოპოზიციაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობას" ერთი ვიცე-სპიკერი ეყოლება და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ექს სპიკერი დავით ბაქრაძე იქნება.
რაც შეეხება ფრაქციის ხელმძღვანელებს, უმცირესობაში შემავალი ფრაქციების თავმჯდომარეები იქნებიან - გოკა გაბაშვილი, აკაკი ბობოხიძე და ტარიელ ლონდარიძე. ხოლო, ვიცე-სპიკერის ფუნქციებს, ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე შეითავსებს.
აღნიშნული კვოტებიდან გამომდინარე კი, ოპოზიციას ბიუროზე ხუთი წარმომადგენელი ეყოლება. კერძოდ, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ფრაქციად ყალიბდება, პარტიას ვიცე-სპიკერთან და უმცირესობის ლიდერთან ერთად, თითოეული ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროს წევრი იქნება.
ამასთან, ყველა ფრაქციის წარმომადგენელი იქნება კომიტეტებსა და საპარლამენტო დელეგაციებში. ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, საპარლამენტო სტრუქტურებში მეტი ხმისა და მეტი ადგილის გარდა, სიტყვით გამოსვლებისთვის მეტი დროც ექნებათ.
რაც შეეხება პირველ სხდომას, რეგლამენტის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას, პრეზიდენტი გახსნის, სადაც მერვე მოწვევის დეპუტატები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დადებენ, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.
პირველ სიმბოლურ სხდომას კი, პარლამენტის უხუცესი წევრი, სპიკერის არჩევამდე გაუძღვება და ეს პატივი ცნობილ მოქანდაკეს, გოგი ოჩიაურს ხვდა წილად, რომელსაც 85 წელი უკვე შეუსრულდა.
პირველ სხდომაზე, საკითხების განხილავა შემდეგი თანამიმდევრობით მოხდება: აირჩევა – პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, შეიქმნება კომიტეტები და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მათი თავმჯდომარეები აირჩევა, ასევე რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართა, სადაც 2 150 197 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ამომრჩეველთა 54.97 პროცენტმა მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა, ხოლო 40.34 პროცენტმა „ნაციონალურ მოძრაობას“.
შესაბამისად, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო 150 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, სადაც ოპოზიციაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ 65 დეპუტატი ეყოლება, ხოლო ხელისუფლებაში მყოფ „ოცნებას“ - 85.
0