ჰაინრიხ ფონ კლაისტის დაბადების დღისადმი ჰაინრიხ ფონ კლაისტის დაბადების დღისადმი />


  15:53:53     18-10-2012

ჰაინრიხ ფონ კლაისტის დაბადების დღისადმი

a22185.jpg

1777 წლის 18 ოტომბერს, ოდერის ფრანკფურტში, დაიბადა დიდი გერმანელი მწერალი და პოეტი ჰაინრიხ ფონ კლაისტი (Bernd Heinrich Wilhelm von Kleist). 

კლაისტები ძველი არისტოკრატიული საგვარეულოა. მამა, იოაჰიმ ფრიდრიხ ფონ კლაისტი ოფიცერი იყო. დედას ლედი ულრიკე ერქვა. ის მეორე ცოლი იყო იოაჰიმისა. ჰყავდათ ხუთი შვილი. 

მომავალ მწერალს მამა გარდაეცვალა 1788 წელს. ჰაინრიხი სასწავლებლად გააგზავნეს ბერლინში. 1792 წელს ჰაინრიხ ფონ კლაისტი არმიაში ჩაირიცხა. 1793 წლის 3 თებერვალს დედა გარდაეცვალა. 

1796 წელს მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის წინააღმდეგ ომში. 1799 წელს არმიიდან წამოვიდა, ამ დროს ლეიტენანტის ჩინი ჰქონდა. შემდეგ შეისწავლიდა მათემატიკას, ფიზიკას და ლათინურს ვიადრინის უნივერსიტეტში, ოდერის ფრანკფურტში. 

1800 წელს სამუშაოდ დანიშნეს ფინანსთა სამინისტროში, ბერლინში. შემდეგ გადავიდა ბერნში, სადაც დაასრულა თავისი პირველი პიესა „შროფშტაინების ოჯახი“. 

1802 წელს დეპრესიაში ჩავარდა. მისმა დამ, ულრიკამ ვაიმარში წაიყვანა. მისი პიესა იმ წელს გამოქვეყნდა, ანონიმურად. 

1802 წელს გაემგზავრა სამოგზაუროდ. მოიარა ლაიპციგი, დრეზდენი, ბერნი, მილანი, ჟენევა, პარიზი. უნდოდა შესულიყო ფრანგულ არმიაში, რომელიც დიდ ბრიტანეთზე თავდასხმას ლამობდა. მაგრამ მოუწია გერმანიაში დაბრუნება. გაჩერდა მაინცში, სადაც ავად გახდა და ექვსი თვე იწვა. ამ პერიოდში შექმნა თავისი მეორე პიესა „რობერტ გვისკარი“. 

1808 წელს ადამ მიულერთან ერთად გამოუშვა ჟურნალი. თანამშრომლობა შესთავაზა გოეთეს, მაგრამ მან უარი უთხრა. ჟურნალი ერთი წელი გამოდიოდა. იმ პერიოდში შეიქმნა მისი მოთხრობა „მარკის დ’ო“, პიესა „გატეხილი დოქი“ და სხვა. 

კლაისტის შემოქმედებაზე არა ერთი მუსიკალური ნაწარმოებია შექმნილი. 

1810 წელს გაიცნო ჰენრიეტა ფოგელი, რომელიც დაავადებული იყო კობოთი. მათ გადაწყვიტეს ერთად მოეკლათ თავი. სიკვდილის წინ მისწერა თავის მეუღლეს, მარიას: „ვიპოვე სულიერი მეგობარი, რომელიც მზადაა ჩემთან ერთად მოკვდესო“. 

1811 წელს დიდმა მწერალმა თავი მოიკლა იარაღით, მანამდე კი თავისი სატრფო გამოასალმა სიცოცხლეს. ეს მოხდა 21 ნოემბერს, პოტსდამში. „მე არაფერი შემეფერება ამ ქვეყნად“ - ჩაწერა უკანასკნელად თავის დღიურში დიდმა შემოქმედმა. 

ალბათ ყველას ახსოვს ჰაინრიხ ფონ კლაისტის შესანიშნავი მოთხრობა „მიხაელ კოლჰაასი“ (1810), რომლის მთავარი გმირი აუჯანყდება უსამართლობას, მის წინააღმდეგ მიმართულს. მიმოიხილავს რა კლაისტის მოთხრობას, აი რა სწერს, კრებულ „გერმანული მოთხრობის“ შესავალში მის შესახებ ნოდარ კაკაბაძე (ნაწყვეტები): 

... „მიხაელ კოლჰაასის“ პათოსი მიმართულია საერთოდ ძალადობის, უსამართლობის, თვითნებობის, ტირანიის, პროტექციონიზმის, ამა ქვეყნის ძლიერთა და ბობოლათა დაუსჯელობის და ა. შ. წინააღმდეგ, რაც მხოლოდ ფეოდალურ ან ბურჟუაზიულ საზოგადოებას კი არ ახასიათებს, ჩვენთვისაც კი არ არის მთლად აქტივობას მოკლებული. 

ამას გარდა, მიხაელ კოლჰაას ინდივიდუალისტური ჯანყი ასიმბოლოებს თვით ავტორის პოზიციას, რომელიც ასევე მარტოკა და უშედეგოდ იღწვოდა. ზოგიერთი მკვლევარი პირდაპირ აღნიშნავს, რომ კლაისტმა მიხაელ კოლჰაასის ამბავში საკუთარი ბედი გამოსახაო. იგი თვითონაა კოლჰაასი, რომელიც საკუთარ თავსა და სამართალს აბსოლუტურ კრიტერიუმს უყენებს, მან მარცხი უნდა განიცადოს, რადგან ამქვეყნად მარტოა, რადგან სიმართლის, სამართლიანობის ძებნა მთელი საზოგადოების, მთელი თემის საქმეა და არა ცალკეული ადამიანისა, ამიტომაც სამართალიც საჭიროებს რელატივირებას, გარკვეულ შემოფარგვლას. 

კლაისტი უკომპრომისო პიროვნება და მწერალი იყო, იმ დროს როცა სხვები კომპრომისების მეშვეობით არსებობდნენ და ქმნიდნენ... 

... კლაისტის შემოქმედებისა და ცხოვრების ძირითადი ტრაგიკული სიტუაცია მის საკუთარ აბსოლურ შინაგან ეგზისტენციასა და რელატიურ გარე ყოფიერებას შორის კონფლიქტია. კლასიტს აბსოლუტურისკენ ჰქონდა მისწრაფება და ყველგან კი რელატიურს აწყდებოდა. ეს კონფლიქტი სხვადასხვა ასპექტში და სხვადასხვა ვარიაციით კლაისტის თითქმის ყველა ნაწარმოებში გვხვდება... 

კლაისტი ყველაფერს აბსოლუტურს გამოსახავდა: აბსოლუტურ სიყვარულს, რაც შეიძლებოდა აბსოლუტურ სიძულვილში გადაზრდილიყო; აბსოლუტურ ვნებებსა და გრძნობებს, რომელთაც კომპრომისები არ იციან, ამიტომ ნადგურდებიან ანდა ინადგურებენ თავს... 

... ჰაინრიხ ფონ კლაისტის შემოქმედება ცხოვრების ტრაგიკული გრძნობითაა გამსჭვალული... 

... მიხაელ კოლჰაასი (კლაისტის მოთხრობის გმირი - გ. მ.) აბსოლუტური სამართლიანობის მომხრეა, მას იოტისოდენადაც არ უნდა კომპრომისზე წასვლა, ის თავისებური, ბედთან შეურიგებელი დონ კიხოტია, რომელიც ანგარიშს ვერ უწევს არსებულ რეალურ ვითარებას. ტოტალური უსამართლობის პირობებში მას უკომპრომისო ცხოვრება სურს, რაც არ არის რეალური. კოლჰაასს არა აქვს პრაქტიკული გონება, გონიერება, მაგრამ აქვს სინდისი, რომელიც საბოლოოდ მისი ერთადერთი მსაჯული აღმოჩნდება...“ 

... „ კოლჰაასიც ავტორივით აბსოლუტურისაკენ მიისწრაფვის: ან სამართლის სრული აღდგენა, ანდა სრული დაღუპვა - სხვა ალტერნატივა მისთვის არ არსებობს.“ 

სრულად ვერ დავეთანხმებით ნოდარ კაკაბაძეს. ის კარგად კი წვდება კლაისტის ბუნებას, მაგრამ აჭარბებს შეფასებაში. კლაისტი და კოლჰაასი, მისი გმირი, განა ვერ უწევდნენ ანგარიშს რეალობას, არამედ არაფრისდიდებით არ უნდოდათ ამგვარი რეალობა დარჩენილიყო მომავალშიც... ეს კი სულ სხვა რამაა. 

სწორედ ამგვარი ადამიანები წარმოადგენენ მაგალითებს, რომლებიც ნელ-ნელა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთეს მომავალს უქმნიან ადამიანებს...

0

ავტორი: