ლადო ბედუკაძე: ირმა ინაშვილი ციხეში მოხვდება, ის არის შანტაჟისტი ლადო ბედუკაძე: ირმა ინაშვილი ციხეში მოხვდება, ის არის შანტაჟისტი />


  12:40:35     18-10-2012

ლადო ბედუკაძე: ირმა ინაშვილი ციხეში მოხვდება, ის არის შანტაჟისტი

a22183.jpg

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე „ობიექტივის“ დამფუძნებელს ირმა ინაშვილს შანტაჟში ადანაშაულებს. როგორც ბედუკაძემ „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, გამოააშკარავებს „ობიექტივის“ მზაკვრულ გეგმას და დარწმუნებულია, რომ ამის შემდეგ ირმა ინაშვილი ციხეში მოხვდება. რა სურდა ირმა ინაშვილს და რატომ აიძულა ჟურნალისტმა ვლადიმერ ბედუკაძე ტყუილი ეთქვა?

„პრესა.ჯი“ ვლადიმერ ბედუკაძეს ესაუბრა. 

- სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გააკეთე განცხადება, რომ საფლავში ჩაყვები მათ და არ მისცემ საშუალებას გმირებად წარმოჩინდნენ სხვის ხარჯზე, ვის გულისხმობ ამ პოსტში? 

- „ობიექტივის“ თანამშრომლებს და პირადად ირმა ინაშვილს.

- როგორ აღმოჩნდა ირმა ინაშვილის ხელში ვიდეოკადრები? 

- მე ჩაფიქრებული მქონდა ფირების გამოტანა საზღვარგარეთ. მყავდა ამისთვის მეგობრების ჯგუფი ფარულავასა და აკობიას სახით. ეს სამი ადამიანი ვგეგმავდით ამ ფირების გამოტანას და გამოაშკარავებას.

გვჭირდებოდა ევროპისკენ გამოსასვლელი გზა. ამისთვის მე ვთხოვე მეგობარს დახმარება. მე ახლა იმ მეგობრის სახელს არ ვასახელებ, რადგან იმედი მაქვს რომ ჟურნალისტებთან თავად გააკეთებს განცხადებას. ეს ფირი გადავეცი მას და ამის შემდეგ ინაშვილის და „ობიექტივის“ ამ საქმეში ჩართულობის საქმის კურსში არ ვყოფილვარ. 

- თქვენმა მეგობარმა მიუტანა ირმა ინაშვილის ფირი, რომელზეც გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების კადრებია გადაღებული?

- არ ვიცი, ალბათ მან მიუტანა. მე „ობიექტივთან“ არანაირი კონტრაქტი არ მქონია. მეგობარმა მითხრა, რომ ბრიუსელში შემხვდებოდა გიორგი ფოფხაძე და ის დამეხმარებოდა ფირების სააშკარაოზე გამოსატანად, მომიწყობდა შეხვედრებს აქაურ ჟურნალისტებთანაც. 

- ირმა ინაშვილს როდის ჰქონდა ეს ვიდეომასალა?

- ზუსტად ვერ გეტყვით. მე გიორგი ფოფხძემ მითხრა, რომ ირმა ინაშვილს ეს ფირი ჩამოუვიდა ივლისის შუა რიცხვებში. არ მიკითხავს რა გზით ჩამოუვიდა ფირი. ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ შეასრულებდა კურიერის ფუნქციას. 

- როგორ წარიმართა პროცესი მას შემდეგ, რაც ვიდეოჩანაწერები ჩაიტანეს ბრიუსელში, გეკონტაქტებოდათ ინაშვილი?

- არა, მე საერთოდ არ ვიცოდი „ობიექტივის“ ჩართულობის შესახებ ამ საკითხში. ჩემთვის ცნობილი გახდა ამის შესახებ პირველ ჩართვაში. მე ისე ამიყვანა ფოფხაძემ ადვოკატი, საერთოდ არ ვიცოდი „ობიექტივი“ თუ არსებობდა. 

- რატომ იკავებ იმ ადამიანის სახელის დასახელებისგან თავს, რომელმაც გიღალატა და შენგან მალულად ირმა ინაშვილს მიუტანა ვიდეომასალა?

- ჯერ ვიკავებ თავს, რადგან იმედი მაქვს იმ ადამიანს ეყოფა გამბედაობა, სინდისი და თვითონ იტყვის რა იყო. ახლა ვრწმუნდები, რომ ეს გეგმა არანაირად არ ისახავდა მიზნად „ქართული ოცნების“ გამარჯვებას. 

- მაშინ რა იყო მიზანი?

- რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ჩემი ოჯახის გამოყვანას საქართველოდან, როცა ადვოკატი ითხოვდა ამას? კადრების სანაცვლოდ პირობა მხოლოდ ჩემი ოჯახის ქვეყნიდან გაყვანა იყო. მიდიოდა ბლადაძე და აიძულებდა, რომ ეს კადრები გამოაშკარავებულიყო ჩემი ოჯახის გამოყვანამდე. თუკი ირმა ინაშვილი და ბლადაძეც მე მიცავდნენ, მაშინ რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ჩემი ოჯახის გამოყვანას ქვეყნიდან? 

- რა სურდა ირმა ინაშვილს?

- „ობიექტივი“ თავად ახდენს თავიანთი თავის ლუსტრირებას. მე არ მოვიაზრებოდი იმ სპექტაკლში, რომლის დადგმასაც აპირებდნენ.  

- ფიქრობ, რომ ირმა ინაშვილმა შენი და შენი მეგობრის მიერ გადაღებული ფირები გამოიყენა, რომ საზოგადოებისთვის ეთქვა, თითქოს მან მიიღო ეს ფირები, ექსპერტიზაზე გაიტანა და შემდეგ გაავრცელა?

- დიახ ასე იყო. ფარულავას, აკობიას და ჩემი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო ეს ფირები მოგვეპოვებინა და გაგვევრცელებინა. ახლა ინაშვილს სურს მიიწეროს. თუ გმირობა უნდა, იყოს ბატონო. 

- რატომ არ გამოაჩინეთ ეს კადრები უფრო ადრე. ინაშვილმა ეს იმით ახსნა, რომ ვიდეომასალა ექსპერტიზაზე უნდა ჩაეტანა...

- ჩაუტარა ექსპერტიზა ინაშვილმა ამ კადრებს? ირმა ინაშვილის განცხადებაზე კომენტარი არ მინდა გავაკეთო. სისიულელეა ყველაფერი, თავის მართლების რეჟიმშია გადასული ხომ ხედავთ თქვენ, არა? 

მინდა მივმართო პროკურატურას მთლიანად გადაამოწმოს „ობიექტივის“ ფინანსური დოკუმენტაცია. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ზაფხულის თვეებში მათ ანგარიშზე დიდძალი თანხებია დასმული. მე ერთ-ერთ განცხადებაში მათქმევინა კიდეც მან ტყუილი და როცა მივმართე ინაშვილს, რატომ მათქმევინე ტყუილი-მეთქი, მიპასუხა იქ (ხელისუფლებაში) მერე დაერევიან და დაჭამენ ერთმანეთს და ასე იყო საჭიროო.

- რომელ განცხადებას გულისხმობ? 

- როცა მე დავადასტურე ირმა ინაშვილის განცხადება, თითქოს ჩემი მეგობარი იყო მინისტრის მოადგილე.

- უწყებაში მუშაბდა შენი მეგობარი, რომელზეც ინაშვილი საუბრობდა თითქოს მან მიუტანა ფირი? 

- არა, არ იყო მინისტრის მოადგილე. იმ ადამიანმა იცოდა რა ხდებოდა უწყებაში და მას ვანდეთ ფირები, რომელიც უნდა გამოეტანა საქართველოდან.

- ირმა ინაშვილი აცხადებდა, რომ მას საათნახევრიანი მასალა ჰქონდა. კიდევ რა იყო იმ მასალში? 

- ე.ი. იტყუებოდა ინაშვილი, რომ საათნახევრიანი მასალა აქვს. სად არის მაშინ თუ ჰქონდა?

- თქვენი აზრით, რას ისახავდა მიზნად „ობიექტივისა“ და ირმა ინაშვილის მოქმედება, რომ ამ საქმეში თქვენი როლი გამოერიცხა? 

- არ ვიცი, ალბათ რამე გეგმები აქვს. თუმცა ის ვერსად ვერ გახდება ხელმძღვანელი და ვერც დაწინაურებას მიიღებს. დარწმუნებული ვარ ირმა ინაშვილი ციხეში მოხვდება. პირდაპირ მინდა გითხრათ, ირმა ინაშვილის არის შანტაჟისტი.

მოვითხოვ რომ გადაამოწმონ „ობიექტივის“ ფინანსური ანგარიშები. მერაბ ბლადაძეს კი ბელგიის ციხე ელოდება. გიორგი ფოფხაძე რამდენიმე დღეში გამოვა და განცხადებას გააკეთებს. მე მას ვუთხარი, რომ გამოდი და თქვი სიმართლე, რომ „ობიექტივის“ მზაკვრული გეგმა არ იცოდი და რომ შენც ჩემსავით მოტყუებული ხარ. 

0

ავტორი: