ივანიშვილთან „დაბლოკილი” ასანიძე, სპორტის აპოლიტიკურობასა და სოჭის ოლიმპიადაზე . . . ივანიშვილთან „დაბლოკილი” ასანიძე, სპორტის აპოლიტიკურობასა და სოჭის ოლიმპიადაზე . . . />


  12:25:46     18-10-2012

ივანიშვილთან „დაბლოკილი” ასანიძე, სპორტის აპოლიტიკურობასა და სოჭის ოლიმპიადაზე . . .

a22182.jpg

მომავალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას მიესალმება და  აცხადებს, რომ საქართველო თამაშებში ჩაერთვება. ივანიშვილმა, ზამთრის თამაშებს მხარდაჭერა უკვე აღუთქვა და განაცხადა, რომ საქართველო ისე უნდა მოიქცეს, როგორც კარგ მეზობელს შეეფერება და ეცადოს ოლიმპიადა მშვიდობიანად და ყოველგვარი უსიამოვნებების გარეშე ჩატარდეს. სპორტულ სამყაროში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი” პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი ასანიძეს ესაუბრა: 

- საქართველომ უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში? 

- ამ საკითხზე, აზრთა სხვადასხვაობა და მსჯელობა ყოველთვის არსებობდა და ამ შემთხვევაში, ბოიკოტი სწორი ფორმა არ არის, რადგან   ოლიმპიური ქარტიით, თამაშები აპოლიტიკურია და ძალიან კარგი იქნება თუ ამას გაითვალისწინებენ. იყო გარემოებები, რომელზეც კონსულტაციები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან მიმდინარეობდა. ოლიმპიადა თავისი შინაარსით ოდითგანვე მშვიდობის დესპანი იყო და პრობლემები, რომელიც რუსეთთან არსებობს მოგვარებული უნდა იყოს, მაგრამ ამაში პირველი როლი სპორტულმა პოლიტიკამ არ უნდა ითამაშოს. 

- ანუ, იმას გულისხმობთ, რომ საქართველომ ამ თამაშებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. თუმცა, მახსოვს, რომ ადრე თამაშებში ჩაბმას გამორიცხავდით? 

- არასწორ ინტეპრეტაციას აკეთებთ. არასოდეს მითქვამს, რომ ქართველ სპორტსმენებს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ და   ეს გადაამოწმეთ. იყო ასეთი მოსაზრება, რომ თუ რუსეთი აფხაზეთში სპორტულ ბაზებს იმ მოტივით ააშენებდა, რომ ოლიმპიური თამაშების მონაწილე გარკვეულ დელეგაციებს იქ ეცხოვრათ და ოლიმპიურ ინფრასტრუქტურაში მიეღოთ მონაწილეობა, მაშინ ამ თამაშებს უნდა გავემიჯნოთ, რასაც ვეთანხმებოდი, რადგან რუსეთმა პრეცენდეტი არ უნდა დაუშვას, რომ აფხაზეთის აღიარება  მთლიანად მოახდინოს. არასოდეს მითქვამს, რომ ამ თამაშებს, სპორტსმენები უნდა გაემიჯნონ. 

- კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, საქართველოს სოჭის თამაშებში ჩაბმას მიესალმებით? 

- მოდი, ასე ვთქვათ - ქართველი სპორტსმენი ლონდონში ფინალში რუს მოჭიდავეს რომ ხვდება, არ უნდა ეჭიდაოს? იმის მომხრე ვარ, რომ  სპორტი პოლიტიზირებული არ გახდეს, რადგან ისტორიის მანძილზე,  ოლიმპიური თამაშები მაღალი შინაარსის მატარებელია და არ ვფიქრობ, რომ  თამაშებს სპორტსმენები უნდა გაემიჯნონ. თუმცა, თუ ისეთი პრეცედენტი მოხდა, რომ რუსეთმა ლესელიძესა და გაგრაში სპორტული ბაზები ააშენა და ოკუპაცია დააკანონა, პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მისაღები, მაგრამ ის, რომ ახლა რუსეთმა თავის ტერიტორიაზე თამაშები ჩაატაროს და მონაწილეობა არ მივიღოთ, ამ შემთხვევაში,  სპორტსმენი იჩაგრება.

- ეს ბაზები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, დე-ფაქტო აფხაზეთში ამჟამად შენდება?

- ვინაიდან,  მეუღლე აფხაზი მყავს, სოხუმთან გარკვეული ურთიერთობა გვაქვს და ვიცი, რომ იქ მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, მაგრამ გამოიყენებენ თუ არა ეს გამოჩნდება.

- თქვენ პრობლემას მხოლოდ ბაზების მშენებლობაში ხედავთ. იმ ინერტულ მასალებზე აღარ აკეთებთ აქცენტს, რომლის ამოღებაც ოკუპირებული აფხაზეთის მდინარეების დელტადან ხდება და რომელზეც, ადრე აქტიურად საუბრობდით?

- კიდევ ვამბობ, რომ თუ ოლიმპიური თამაშების პრინციპები იქნება შენარჩუნებული, რატომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა? მაგრამ, რუსეთი თუ ჩვენს ტერიტორიაზე შემოივიდა და იურიდიული საფუძვლების გამყარება დაიწყო, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებს.  რაც შეეხება ინერტულ მასალებს, ჩვენი მიზანი იყო ინტერული მასალების გადინება არ მომხდარიყო და ბაზებში დელეგაციები არ განეთავსებინათ.

- ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, კერძოდ, კობა ხაბაზი საქართველოს ოლიმპიურ თამაშებში ჩაბმას იმ მოტივით ეწინააღმდეგება,  რომ რუსეთი ოკუპანტია. თქვენი პოზიციის გამო, გუნდის წევრები ხომ არ გაგინაწყენდებიან?

- მესმის, რომ რუსეთი ოკუპანტია და ფაქტი სახეზეა, მაგრამ ამ მიმართულებით, ოლიმპიური თამაშები არ უნდა იყოს წაყვანილი. რუსეთის ოკუპანტობის შესახებ, ყველამ იცის, თუმცა, მას ამ თამაშების ჩატარების უფლება მისცეს, ესეც ხომ მისაღები ფაქტია? რაც შეეხება  განაწყენებას, სპორტსმენი ვარ და არა ქირურგი და კოსმონავტი. სწორედ, სპორტული მიმართულებით იმ პრიორიტეტებს ვიცავ, რომელიც სწორად მიმაჩნია და ვისთვის, რა, უნდა იყოს საწყენი? – ეს, არ მესმის. სპორტი მაქსიმალურად აპოლიტიზირებული უნდა იყოს, რადგან პოლიტიზირებამ სპორტში შედეგების უკან დახევა გამოიწვია და თუ სპორტს პოლიტიკისგან ბოლომდე არ გავმიჯნავთ, ქართული სპორტი კრიზისში წავა.

- სპორტის აპოლიტიკურობაზე, აქამდე რატომ არ საუბრობდით?

- როგორ არ ვლაპარაკობდი. . . ?

- პირადად მე, ამის შესახებ თქვენი განცხადება არ მომისმენია. . .

- თქვენს ინტერვიუებშიც ბევრჯერ მითქვამს.

- სპორტსმენები ოლიმპიადისთვის მოემზადებიან?

- ზამთრის სახეობებში ბევრი სპორტსმენი არ გვყავს და თან ისინი სულ ემზადებიან, მაგრამ ცუდი ფაქტი რა არის იცით? Aამ ადამიანის მოსვლით ქვეყნის უკეთესობისკენ სვლის გარკვეული იმედი გაჩნდა, მაგრამ ბევრი  ადამიანი მისი სახელით ცუდად სარგებლობს, რადგან გარკვეულ ფედერაციაში ფარულად თუ ღიად რაღაცეები შეინიშნება და ამას, როცა ახალი ხელმძღვანელობა გაიგებს, მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინონ.

- ბუნდოვნად საუბრობთ, რა ტიპის პრეცედენტებს ახსენებთ?

- ფედერაციებზე მკაცრი ზეწოლა მიდის და ახალი ძალის სახელით არის მოთხოვნა, რომ ასეთი რაღაცეები უნდა მოხდეს.

- მაგალითად რა?

- ყველა უნდა წავიდეს და ახალი მოვიდეს.

- ანუ კადრები სრულიად ჩანაცვლდნენ?

- დიახ.Kდარწმუნებული ვარ, რომ ეს ივანიშვილისგან არ მოდის, რადგან მას უნდა, რომ სამართლებლივი პრონციპები დაინრეგოს და ამას ბევრი ცუდად იყენებს.

- ვინაიდან, ბიძინა ივანიშვილს თავად კარგად იცნობთ, ამ საკითხების მასთან გარკვევა არ გიცდიათ?

- გაცილებით დიდი ხსნის წინ, როცა დავინახე, რომ რაიონში  არასწორი ნაბიჯები იდგმებოდა, მასთან შეხვედრის მცდელობა მქონდა, მაგრამ  მავანებმა იქამდე არ მიმიშვეს და დამბლოკეს. არ ვიცი, ეს შეგნებულად ხედებოდა თუ პირიქით, მაგრამ თუ ჩემი გამოცდილება სპორტს დასჭირდება თანამშრომლობისთვის მზად ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ  ჩემი გამოცდილება ქართულ სპორტს გამოადგება, რადგან სპორტში, გაცილებით ბევრი ვიცი, ვიდრე სხვებმა.  

0

ავტორი: