სოციალური აფეთქება და მასობრივი პროტესტი სოციალური აფეთქება და მასობრივი პროტესტი />


  12:37:57     17-10-2012

სოციალური აფეთქება და მასობრივი პროტესტი

a22166.jpg

ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა

ჭიათურის მაღაროს ყველა თანამშრომელი გაიფიცა. მაღაროელები ხელფასების 100 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ. „ჯორჯიან მარგანეზის“ ხელმძღვანელობა კი, მუშებს ხელფასების მხოლოდ 10 პროცენტით გაზრდას სთავაზობს.

გუშინ, გაფიცულმა მაღაროელებმა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა სცადეს. შენობაში შტურმით შეიჭრნენ და მინები ჩაამსხვრიეს. საბოლოოდ, შეხვედრა შედგა, მაგრამ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულებულა. გაფიცულია 4 ათასამდე მაღაროელი.

გაფიცვა ტყიბულში

ჭიათურელი მაღაროელების მსგავსად, გაფიცულია ტყიბულელ მეშახტენა ნაწილიც. ისინი, შრომის დაფასებასა და ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. გაფიცულ მეშახტეებს პრეტენზიები აქვთ კომპანიის ადმინისტრაციასთანაც.

„ჩვენ მუშები კი არა, მონები ვართ. ხომ შეიცვალა ხელისუფლება, ახლა მაინც მოგვხედონ. დაპირებებში ყველა მაგარია, თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგება, არავინ არაფერს არ გვიკეთებს.

მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, მოგვხედონ და ყურადღება მოგვაქციონ. ახლა მათია ხელისუფლებაც და ძალაუფლებაც“, - აცხადებს ტყიბულელი მეშახტე, სოფელ მუხურადან.

გაფიცვისთვის ემზადებიან ზესტაფონშიც

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები გაფიცვისთვის ემზადებიან. ჭიათურელ მაღაროელთა განცხადებით, მალე ფეროელი მუშებიც გაიფიცებიან.

„ჩვენ ერთიანობით უნდა ვაჩვენოთ, რომ ძლიერები ვართ, თუ ყველა გავიფიცებით, შედეგს მივაღწევთ. მათხოვრული ხელფასები გაქვს. არჩევნები დასრულებულიც არ იყო, რომ პური გაგვიძვირეს“ - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს ნოდარ სამხარაძემ, ჭიათურის რაიონის სოფელ უსახელოდან.

გაფიცვა თეატრალურ უნივერსიტეტში

სიტუაცია დაძაბულია თეატრალურ უნივერსიტეტშიც. სტუდენტთა ერთი ნაწილი რექტორის გადადგომასა და „ძველი დიდების“ დაბრუნებას ითხოვს. გადადგომაზე უარს აცხადებს არჩეული რექტორი, ნოშრევან ჩხაიძე. მას მხარს სტუდენტთა მეორე ნაწილი უჭერს.

სტუდენტებმა, რომლებმაც რექტორის კანდიდატურა გააპროტესტეს, რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიც გადაკეტეს, თუმცა, მათ ამ რადიკალურ საქციელს, ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია.

ვითარებას კიდევ უფრო დრამატულს ხდის ისიც, რომ ლექტორები, ისევე როგორც სტუდენტები, ორ ბანაკად არიან გაყოფილნი. მათი ერთი ნაწილი აჯანყებულ სტუდენტებს, მეორე ნაწილი კი - რექტორს ემხრობა.

დევნილები შენობებში შეიჭრნენ

კოალიცია „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებისა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დევნილებმა, საქართველოს მასშტაბით, 40-ზე მეტი შენობა უკანონოდ დაიკავეს.

ისინი, თბილისსა თუ სხვა ქალაქებში, კერძო შენობებში შეიჭრნენ. დევნილები ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. თუმცა, ამ წუთამდე, „ქართულ ოცნებას“ მათთვის არ მიუმართავს.

პენსიონერთა პროტესტი

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირების მიხედვით, პენსია 230 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. მიუხედავად ასეთი დაპირებისა, ივანიშვილის მრჩეველმა, ამირან გამყრელიძემ, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პენსია, 2013 წელს 155 ლარამდე გაიზრდება.

პენსია ამჟამად 110 ლარია. გამოდის, რომ „ოცნება“ პენსიის მხოლოდ 45 ლარით გაზრდას აპირებს. ეს მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობა 2013 წლის იანვრიდან, პენსიის 160 ლარამდე გაზრდას (100 დოლარის ექვივალენტი) გეგმავდა.

ივანიშვილის ამ ტყუილს უკვე მოჰყვა მწვავე შეფასებები პენსიონერთა მხრიდან. გლდანელი თამარ კიღურაძე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველი მოატყუა.

„პოლიტიკოსები უსინდისოები არიან, შვილო. ჩვენ, პენსიის მეტი შემოსავალი არ გვაქვს. თუ პენსიას 230 ლარამდე არ გაგვიზრდიან, რატომ მივეცით ხმა „ქართულ ოცნებას“?

ყველა ჩვენ როგორ გვატყუებს. ფულის მეტი რა აქვს ივანიშვილს. მოიტანოს თავისი ფული და დაეხმაროს პენსიონერებს, მას მაინც საკმარისად დარჩება“, - ამბობს კიღურაძე.

გადასახადები არ შემცირდება

პენსიონერები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ წევრის, დავით ონოფრიშვილის განცხადებასაც. მან, „ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გადასახადების შემცირება არ იგეგმება.

„გადასახადები არ შემცირდება. საქართველოში ისედაც დაბალი გადასახადია. ჩვენ ბიზნესს გავათავისუფლებთ სახელისუფლებო წნეხისგან“, - აღნიშნა ონოფრიშვილმა.

„თუ ივანიშვილი და მისი ხალხი მართლა ასე ფიქრობს, მაშინ, ისინი უარესები ყოფილან. ისედაც, როცა მისი მინისტრობის კანდიდატები გამოცხადდა, ვიფიქრე, რომ მართლა შევარდნაძის ეპოქა ბრუნდებოდა უკან.

პირადად მე და ალბათ სხვებმაც, „ქართულ ოცნებას“ ხმა იმიტომ მივეცით, რომ გვპირდებოდნენ: პენსიები 230 ლარამდე გაიზრდებაო, გადასახადებს შეგიმცირებთო, სამუშაო ადგილებს შეგიქმნითო, დაგასაქმებთო - ასე არ ამბობდნენ?.

ახლა რა გამოდის? ფეხებზე დაიკიდეს ხალხი? ხალხი მათ უკვე აღარ აპატიებს ტყუილებს. მეგონა ხალხს დაასაქმებდნენ და ჯერჯერობით, ირგვლივ, ბევრმა სამსახური დაკარგა. ზოგიერთი საწარმო თუ კომპანია კი - დაიხურა“, - აცხადებს ვარკეთილში მცხოვრები ნიკოლოზ ლაშხი.

P.S: „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ უარს აცხადებს ბიზნეს-ამნისტიაზეც. ბიზნესმენთა მოლოდინი დაკისრებული ჯარიმების შესაძლო გაქვითვასთან დაკავშირებით, არ მართლდება. კოალიციაში სულაც არ ფიქრობენ იმას, რომ ბიზნეს-კომპანიებმა დაკისრებული ჯარიმები არ უნდა გადაიხადოს. 

მეტიც, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი და მინისტრობის კანდიდატი, სოზარ სუბარი ამბობს: „მე პირადად, ყოველგვარი ამნისტიის წინააღმდეგი ვარ“.
0

ავტორი: