11:13:40     17-10-2012
გალაკტიონის დაბადების დღისადმი
1891 წლის 5 (ახალი სტილით 17) ნოემბერს ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში (იმერეთში სხვა ჭყვიშიც არსებულა) დაიბადა გალაკტიონი.
მოუნათლავთ 1892 წლის 3 იანვარს. მონათლა პაპამ, მღვდელმა სტეფანე ტაბიძემ. გალაკტიონის მამა, ვასილ ტაბიძე, - რომელიც იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის თანხმობით უნდა გამხდარიყო იქაური მრევლის მოძღვრი, მამის, სტეფანეს მაგივრად, - გარდაცვლილი იყო უკვე. ის ვერ მოესწრო თავისი მეორე ვაჟის დაბადებას.
გალაკტიონის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე, ვასილი, მამამ, მღვდელმა სტეფანემ წარუდგინა ეპისკოპოს გაბრიელს. მეუფეს დარიგებები მიუცია მღვდლად გამზადებულისათვის. ქუთაისიდან დაბრუნებისას ვასილი გაცივებულა, ფილტვების ანთება დამართნია და გარდაცვლილა 1891 წლის 23 თებერვალს, სრულიად ახალგაზრდა, 35 წლისა.
1892 წელს „გაზეთი „ივერია“ (# 62) ვასილ ტაბიძეზე წერდა: „სიკვდილმა გამოაცალა ამ სოფელს ერთი ახალგაზრდა მასწავლებელი ვ. ტაბიძე. განსვენებული იყო ადგილობრივი მღვდლის შვილი, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელის კურსდამთავრებული. მას ჰქონდა ამ სოფელში თავისი ხარჯით გამართული სკოლა და დიდის გულმოდგინებით ეწეოდა მასწავლებლის უღელს. განსვენებული მეტად სამაგალითო ადამიანი იყო თავის ხასიათით და სათნოებით. მისი მოღვაწეობა სამასწავლებლო ასპარეზზე ყოვლად უანგარო იყო. მის გულში არც ერთხელ არ გაუვლია არც ერთს დაბალს და ქვენა გრძნობას. ის იყო აღვსილი მხოლოდ ერთის აზრით: თავისი წვლილი შეეტანა გლეხკაცის განათლების საქმეში. გლეხებიც ხედავდნენ მის ასეთ ღირსებას და ამისთვის, რა დროსაც უნდა მისულიყავით მის სკოლაში, ყოველთვის სავსე იყო მოსწავლე ბავშვებით. განსვენებული არ სჯერდებოდა სკოლაში მასწავლებლობას, ყოველ კვირა უქმე დღეს მოვიდოდა სასაფლაოზედ და უკითხავდა ხალხს სხვადასხვა ქართულ წიგნს, რომლითაც მდიდარი იყო მისი ბიბლიოთეკა.“
გალაკტიონის დედა, მაკრინე გიორგის ასული ადეიშვილი, ასევე მღვდლის შვილი გახლდათ. მაკრინეს შესახებ მისი მაზლიშვილი სიმონ ტაბიძე იგონებდა: „მაკრინე იყო ზედმიწევნით სუფთა ქალი, ნელი მკეთებელი, ოჯახური საქმეები, რაც კი ქალს შეეფერებოდა, ყველაფერი იცოდა, ჭრა-კერვის ოსტატი იყო, მთელ სოფელში მარტო მაკრინეს ჰქონდა საკერავი მანქანა. მაკრინე ამზადებდა არაჩვეულებრივ მალამოებსა და წამლებს, მკურნალობისათვის იგი გასამრჯელოს არ იღებდა. მისი ძირითადი შემოსავალი მეურნეობა იყო, რიონი დიდ ზარალს აძლევდა, მაგრამ ნოყიერი მიწა საზრდოზე მეტს იძლეოდა და მას სიმინდი გასაყიდადაც რჩებოდა. უყვარდა საქონლის მოვლა, ჰყავდა ძალზე ბევრი ფრინველი, ნათესავებისა და მეზობლების დიდი მოსიყვარულე იყო, მას ჰყავდა ოთხი და და ერთი ძმა.“
ვასილს და მაკრინეს გალაკტიონის დაბადებამდე ჰყავდათ ვაჟი - აბესალომი (პროკლე).
იოსებ ლორთქიფანიძეს თავის წიგნში „გალაკტიონ ტაბიძე“ მოტანილი აქვს ჭყვიშის წმინდა გიორგის ეკლესიის მატრიკული წიგნის 1892 წლის იანვრის თვის ჩანაწერი: „სქესი - მამრობითი, დაბადებული 5 ნოემბერს, ნათლისღება - 3 იანვარს, დაბადებულის სახელი - გალაქტიონი; მშობლების წოდება, მამის სახელი, გვარი და სარწმუნოება - ამავე ეკლესიის პრიჩატნიკი გარდაცვალებული ვასილ სტეფანე მღვდლის ძე ტაბიძე და სულიერი მეუღლე მისი მაკრინე მღვდლის გიორგის ასული, ორივე მართლმადიდებელი სარწმუნოებისა არიან;
მიმრქმელთა სახელი გვარი - მღვდელი თადეოზ სიმონის ძე ნამიჭეიშვილი; საიდუმლო ნათლისღება აღასრულა - მღვდლმა სტეფანე ტაბიძემ“.
გალაკტიონის დაბადების დღეს გავიხსენოთ მისი რამდენიმე ლექსი.
იავნანა
შენ იძინე
პატარა ხანს,
მე არ მძინავს
ამ ქვეყანას,
მე გიმღერებ
იავნანას.
ნანა-ნანინა.
რომ დაიცვას
დანაშვენი,
ჩვენი მიწა
და ნაშენი,
ომში არის
მამაშენი.
ნანა-ნანინა.
რომ წავიდა -
დამიბარა:
გამიზარდე
ეს პატარა,
წამოვიდეს
ჩემთან ჩქარა.
ნანა-ნანინა.
მან იგრძნო, რომ
ჩვილზე ჩვილი
გმირი არის
მისი შვილი,
გმირი, ვით
ოძელაშვილი.
ნანა-ნანინა.
შენი თოფი,
შენი ხმალი
სულ მზადაა,
გენაცვალე,
მამისაკენ
გასწი მალე.
იავ-ნანინა.
შეკაზმული
არის ცხენი,
გზას გილოცავს
დედაშენი:
წა, საგმირო
საქმე ჰქმენი.
იავ-ნანინა.
შენ ჩემი ხარ,
ბიჭი შავი,
გადალახე
მტერთა ზვავი,
მამულისთვის
დასდე თავი.
ნანა-ნანინა!
ბავშვობის დღეები
გაფრინდა ბავშვობის დღეები.
მინდვრები, ჭალები, ტყეები,
უეცრად მოვიდა შავებით
სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან.
მწუხარე ფერხულში ჩავებით
და თვალი ცრემლებმა დაბინდა,
ბალახი, მდინარე, ხეები,
დღეები, ბავშვობის დღეები.
მოგონება ჩვენი ჭალისა
საღამო ხანად ჩალანდრის ცხენი
მე მაგონებდა გორებს შორებელს,
ფშანში ლანდივით დასცქერდნენ ხენი
ბინდის მეგობარს მოუშორებელს.
ცამ მოგონება გადუხალისა
მას, ვისაც სწამდა ღამის ფერები,
ეს იყო ქარი ჩვენი ჭალისა
და შემოდგომის ჩალისღერები..
ბავშვი გზად ვლიდა
ბავშვი გზად ვლიდა. ბალახი. ცვარი.
ხელით მიჰყავდა პატარა ცხვარი.
იმაზე კარგი აბა რა არი,
ხელით მიჰყავდა პატარა ცხვარი.
ილორის წმიდა გიორგის ჭროღა
თვალები, შუბლი... მკაცრი მიმოხვრა.
შესაწირავად მიჰქონდა ოხვრა,
და მიჰყვებოდა პატარა ცხვარი.
საბრალო ბავშვი თრთოდა, ვით შველი
თვალები ჰქონდა ცრემლებით სველი:
მას ჩვეულება ეს ძველისძველი
კლავდა, რომ მსხვერპლად მიჰყავდა ცხვარი.
ატეხდნენ სიცილს, მე კარგად ვიცი,
“ევრი”, “ტაიმსი” და “ნიცი-ნიცი”:
“ცხვარი, ვით ცხვარი და არა კვიცი -
რა მოხდა? მიჰყავთ პატარა ცხვარი!”
მაგრამ ეს ბავშვი, ტყის პირად მსვლელი,
თვალი რომ ჰქონდა ცრემლებით სველი,
მედგრად, გულმტკიცედ ურტყამდა ბერლინს
შემდეგში - გმირი და არა ცხვარი..
წუხელი ღამით…
წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა
და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა:
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.
ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.
მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი,
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს.
წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოეფარათ ყამირი მიწა.
ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი...
მაინც დავიმსახურე
მთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება,
ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება.
გავაცურეთ სადღაც ნავი სავსე ლურჯ ექსცესებით,
შეგაყვარე კიდეც თავი ამ უბრალო ლექსებით.
ეფინება გზებს სიმებად ლალთა ცეცხლი, საყურე,
შენი კარგი გაღიმება მაინც დავიმსახურე..
სად?
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს მე საქართველო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს
ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,
ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები
და ვეთხოვები მწარე ქვითინით.
მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება
ედემის ციურ ხატებად სთვლიდა,
ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,
ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.
აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს,
ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?
ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს!
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაში
ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს...
ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს....
0