22:07:22     26-12-2010
დიდი კლასიკოსი და მათხოვარი...
ახალგაზრდა გურამ დოჩანაშვილი სახლიდან გასასვლელად ემზადება. პაემანზე აგვიანდება, ფაციფუცობს. "იქამდე"-დან ხომ ვიცით, რომ გურამის ბებია "შეჩვენებული" იყო. ეს ისტორიაც ამას ადასტურებს. მოკლედ, არის გურამი ერთ გაწამაწიაში: ხან ერთ პერანგს მოირგებს ტანზე, ხან მეორეს, ხან ქოჩორს აკვირდება და ამ დროს ბებია სხვათაშორის ეუბნება: "გურამ, ერთი შეკითხვა კი მაქვს შენთან, მაგრამ რად გინდა, რომ გკითხო, მაინც არ მიპასუხებ".
გურამმა აღშფოთების გამოხატვა ჟესტებით სცადა: როგორ არ უპასუხებს! ბებო მას ძალიან უყვარს, როგორ დატოვებს უპასუხოდ მის კითხვას! "ააპ, არ გამაგონო არაფერი!" - განგებ ჯავრობს ბებია, - "ვიცი ზუსტად, არ მიპასუხებ მაინც". "კი, როგორ არა!"-ეუბნება გურამი და თან მალულად საათზე იხედება, - "მკითხე". მაგრამ ბებო არაფერს ამბობს, მხოლოდ ხელებს ასავსავებს. გურამს კი ეჩქარება, მაგრამ ისიც უნდა, გაიგოს, რა შეკითხვა გაუჩნდა ბებოს. "ბებო, მითხარი, რა, მკითხე!" - ეხვეწება გურამი.
უკვე მზადაა სახლიდან გასასვლელად. "რატომ გკითხო, მაინც არ მიპასუხებ" - ვითომ მოიწყენს ბებო. "კი გიპასუხებ" - ეუბნება გურამი. "მაძლევ პირობას?" - ეკითხება ბებო. "კი, კი..." - ნაჩქარევად ეთანხმება გურამი. "მაააშინ, - წელავს ბებია, - გურამიკო, მითხარი ერთი, ყველაფერს გაფიცებ, მოთხრობებს ვინ გიწერს?" ამის გაგონებაზე გურამი ჯერ სახტად რჩება, მერე ყველაფერს ხვდება, ხელს იქნევს, კარს აღებს და კიბეზე ჩარბის. სადღაც, ბოლო საფეხურამდე ბებიას სიცილი მისდევს, ბოლო საფეხურზე კი ბებოს ვითომ ნაწყენი ხმა ეწევა: "ხომ გითხარი, მაინც არ მიპასუხებ-მეთქი!"
გურამ დოჩანაშვილი და წიგნების მაღაზიის გამყიდველი ქალიახალგაზრდა გურამ დოჩანაშვილმა მოთხრობების კრებული გამოსცა. გახარებულმა ჩამოაუარა ნათესავებს, მეგობრებს და წარწერით აჩუქა ყველას. რამდენიმე დღის შემდეგ ბებიამ ვიშვიში აუტეხა, დეიდა კატუტა გამოგრჩაო. გურამს ემცხეთა. გადაწყვიტა აუცილებლად ეშოვა წიგნი (თვითონ უკვე აღარ ჰქონდა) და თბილისის წიგნის მაღაზიები შემოაიარა. სულ ამაოდ: ყველგან ერთსა და იმავეს პასუხობდნენ - გაიყიდაო.
ბოლოს, ერთი მაღაზიის გამყიდველმა ვარკეთილის მეტროსთან ახლოს მიასწავლა, - თუ სადმე იქნება, ისევ იქო. გურამიც წავიდა. საშინლად დაღლილია. ბოლო იმედი ბოლო მაღაზიაა. ბატონი გურამი ჰყვება, ისეთ უკაცრიელ ადგილას იყო წიგნის მაღაზია, გამიხარდა, აქ აუცილებლად ექნებათ-მეთქი და შევედიო. შევიდა და დაბალი ხმით დაასახელა წიგნის ავტორი და სახელწოდება, თან ახალგაზრდა გამყიდველ გოგონას იმედის თვალით უყურებდა.
გოგონამ თავი გააქნია და უთხრა - ბოლო ერთი საათის წინ გავყიდეო. "ეტყობა, მთელი იმედგაცრუება სახეზე აღმებეჭდა", - ჰყვება ბატონი გურამი, - "გოგონამ შემომხედა და როცა დაინახა, რომ ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, დამამშვიდა, მაგრამ ასე: "რას მოგიწყენიათ, ჩემო ბატონო, გული არ დაგწყდეთ, წავიკითხე მე მაგ წიგნი და სისულელე იყო თავიდან ბოლომდე..."
"არა გრცხვენია, ამ საზიზღრობას როგორ ეწევი?!"
აკა მორჩილაძემ ჩვეული ენამოსწრებულობით დაარქვა "მაგნას" ეპოქა იმ დროს, როცა თბილისში "დიდი სროლების" პერიოდი იყო და ყველა "სროულობდა", ვისაც არ ეზარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვერ აჯენდა ტყვიას ტყვიაში.
ჩანაწერი სულ სხვა ადამიანს ეხება, მაგრამ არ შემიძლია არ გავიხსენო მორის ფოცხიშვილი, რომლის გარდაცვალება მაშინ სრულიად ერს გამოეპარა და რომელმაც სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაწერა: "უცებ მოვტყდი და უცებ მოვხუცდი,/ვეღარ მიპოვით, რაც უნდა მძებნოთ,/თქვენს მიერ მოკლულ მორის ფოცხიშვილს/ნუღარ დაეძებთ ცოცხლებში, ძმებო!" ან: "...იმ ტყვიით მოვკვდი, თქვენ რომ ერთმანეთს/ასე უბრალოდ ესროლეთ, ძმებო!" - სადაც ერს ერთი ან მეორე პოლიტიკოსის, თუნდაც პრეზიდენტის ან მომავალი პრეზიდენტის სახელები სხვადასხვა კონტექსტში აკერია პირზე, იქ ხელოვნება და ხელოვანნი რომ არ ახსოვდეთ, აბა რა გასაკვირია. ვინ თქვა, როცა ქვემეხები გრიალებენ, მუზები სდუმანო? - კარგად უთქვამს.
ჰოდა, ამ ქვემეხების გრიალის, მუზების დუმილის, "მაგნას" და სხვათა ზემორეჩამოთვლილთა ეპოქაში წარმოიდგინეთ, ასე, 70-ს მიტანებული, ასაკთან შედარებით ოდნავ მოტეხილი, ღრმა, სევდიანზე სევდიანი თვალებით თბილისის ქუჩებში მოხეტიალე მოხუცი, რომელიც "წერას ჰყავს ატანილი", რადგან საქმე აქვს, "თანაც, როგორი: ძნელ უკეთესობას მიუახლოვდეს და აუხილოს შეგუებულებს ამტანი თვალი". მაგრამ თვალების ასახელად ვის სცალია. პირიქით, უფრო იბურავენ მზერას შავი "რეიბანებით". მოხუცი კი წიგნების მაღაზიებთან ჩერდება, შედის, ხან ხმადაბლა უსვამს გამყიდველს კითხვას, ხან თაროებს შეავლებს თვალს და კითხვის დაუსმელადაც ხვდება პასუხს დასასმელ კითხვაზე.
მალევე გამოდის უკან. რუსთაველიდან პუშკინის ქუჩით, პუშკინიდან ვორონცოვისკენ, ვორონცოვიდან პლეხანოვისკენ, პლეხანოვიდან წერეთლის პროსპექტზე... რა თქმა უნდა, ფეხით და, რა თქმა უნდა, უშედეგოდ: მისი წიგნი ბოლო თვეებია, არ გაყიდულა, ასე რომ, პროცენტებს ვერ მიიღებს. მერე რა, რომ ზამთარია, დიდი ამბავი, თუ მწერალი სახლიდან იმ იმედით გამოვიდა, რომ წიგნის გაყიდვიდან მიღებული სარგებელით სადმე პურის რიგში ჩადგებოდა და შინ პურით დაბრუნდებოდა. აბა, ვის აინტერესებს წიგნი, ხომ ვთქვი, რა ეპოქაც დგას. არა, წიგნებით (თანაც მისი წიგნებით) დაინტერესებულნი იმ ეპოქაშიც იყვნენ, მაგრამ იძულების წესით შაქარზე და პურზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე წიგნებზე.
მოხუცი მწერალი დაიღალა, თანაც, ძალიან "პირშიმთქმელურად" ღამდებოდა. აბა როგორ შეიძლებოდა, იმ ეპოქაში იმ მწერალს არ მოეწია და ეწეოდა კიდეც, ოღონდ, ეპოქის შესაბამისი სიგარეტი არ ჰქონდა. ვისაც გახსოვთ, ბათუმის თამბაქოს ქარხანა უშვებდა მაშინ, "დელფინი" ერქვა,- უსაშველოდ გრძელი, არცთუ ხარისხიანი თამბაქოთი გაჯერებული და, რა თქმა უნდა, უფილტრო სიგარეტი იყო. მორიგი მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ მწერალმა, რომელსაც ცოცხალი კლასიკოსი ყოველგვარი პირობითობის გარეშე შეგვიძლია ვუწოდოთ, უჩუმრად ამოიოხრა, შინ პურის გარეშე მისვლის ბედს თითქმის შეეგუა, მაგრამ როცა ვახუშტის ხიდი გადაიარა, მაინც გაიგონა, როგორ დუდუნით უხმობდა მტკვარი ამქვეყნიურ ამაოებათაგან გასათავისუფლებლად.
სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და წარმოიდგინა, რომ არავის არ სჭირდება მისი შემოქმედება, ხოლო მათ, ვისაც ფიზიკური არსებობითაც უნდა დაეხმაროს, - ვერ ეხმარება. გზად მათხოვარს ჩაუარა და ძველი ჩვეულებისამებრ, შარვლის ჯიბეზე უმწეოდ მოისვა ხელი. მათხოვარი თითქოს არც ელოდა ფულად მოწყალებას, მაგრამ როცა მოხუცი გასცდა, ზურგიდან მიაძახა: "სიგარეტი მაინც ხომ არა გაქვს?"
- აქ კი ცოცხალ კლასიკოსს გაახსენდა, რომ სახლში, კარადის თავზე კიდევ ეგულებოდა ათამდე კოლოფი "დელფინი", რომელიც მისმა მეგობარმა ბათუმიდან საჩუქრად გამოუგზავნა, სახე ნათელმა ღიმილმა გაუნათა, რომ მას, თვითონ უმწეოს, შეეძლო სხვა უმწეოს თუნდაც ამ ფორმით დახმარებოდა, სიგარეტის ერთი ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან, ძველი მწეველის მანერით ყურში გაირჭო, ნახევარ კოლოფზე მეტი სიგარეტი მათხოვარს მიაწოდა, უთხრა: "აჰა, შენი იყოს, მე კიდევ მაქვს",- შებრუნდა და გზა გააგრძელა, მაგრამ სამი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ისევ მოესმა მათხოვრის ხმა: "არა გრცხვენია, ამ საზიზღრობას როგორ ეწევი?!."
0