13:08:17     16-10-2012
დემურ გიორხელიძე: „არ გამოვრიცხავ, მინისტრობის ზოგი კანდიდატი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს“

ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მთავრობის ახალი წევრებობის კანდიდატები ჟურნალისტებს პარტიის ცენტრალურ ოფისში გააცნო. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იქნება, ეკონომიკის მინისტრის პოსტს კი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს, რომელიც „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ენერგეტიკის სამინისტროს კახა კალაძე უხელმძღვანელებს, ფინანსთა სამინისტროს კი ნოდარ ხადური ჩაიბარებს. ცვლილება მოხდა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროშიც. ამირან გამყრელიძემ მინისტრობაზე უარი განაცხადა. გამყრელიძის ნაცვლად, კანდიდატი დავით სერგეინკო იქნება.
დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატი დავით დარახველიძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი - დავით ნარმანია, თუმცა ნარმანია ამ სამინისტროს მანამდე უხელმძღვანელებს, ვიდრე საკანომდებლო დონეზე ცვლილებები მოხდება. ცვლილებები კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუქმებას ითვალისწინებს. გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი ხათუნა გოგოლაძე იქნება.
კითხვაზე, თუ რატომ გაუჭირდა ბიზნესმენსა და კარგ მენეჯერს ივანიშვილს ეკონომიკური გუნდის ფორმირება და რატომ დააგვიანა ამ სფეროში მინისტრობის კანდიდატების დასახელება, კოალიციის ლიდერი პასუხობს: „ არ გამჭირვებია ეკონომიკური გუნდის ფორმირება. უბრალოდ სერიოზულად მივუდექით ამ საკითხს და ვფიქრობდით, რათა სწორი გადაწყვეტილება მიგვეღო“.
როგორ აფასებენ ექსპერტები და პოლიტილოგები კოალიციის გადაწყვეტილებას მინისტრობის ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით?
ექსპერტი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ კანდიდატების რაობა უნდა შეფასდეს მას შემდეგ, რაც ისინი ჩამოაყალიბებენ თავიანთ შეხედულებას.
„მთავარია დღევანდელ სიტუაციაში რა მონახაზებია შერჩეული მათ მიერ. მე ახლა მაინტერესებს არა პიროვნებები, არამედ რას ფიქრობენ იმ რთული სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე, რომელშიც ისინი არიან“-აცხადებს გიორხელიძე.
ესპერტი არ გამორიცხავს, რომ მინისტრობის რამდენიმე კანდიდატი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
„შეიძლება იყო ძალიან კარგი პიროვნება, მაგრამ არ ნიშნავს რომ ისინი ამას თავს გაართმევენ. პრობლემები სერიოზული იქნება. ატეხილი აჟიოტაჟი თანამდებობების გადანაწილებაზე მეჩვენება გადაჭარბებულად, ვინაიდან აქ საქმე იმდენად ბევრია გასაკეთებელია, ახლა ყურადსაღები მათი პროგრამები და მათ მიერ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა“.
მისი თქმით, კიდევ ერთი პრობლემა გუნდური მუშაობა შეიძლება გახდეს. „ როგორ შეძლებენ მინისტრები ერთმანეთთან მეგობრობას და ასევე საქმიან თანამშრომლობას ეს არ ვიცი, ვინაიდან ისინი სხვადასხვა გუნდიდან არიან. შესაძლოა პრობლემა ესეც გახდეს. ვნახოთ დაველოდოთ და დანარჩენი უკვე მათი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ვისაუბროთ. ამ ეტაპზე გუნდურობის პრობლემა, სერიოზულ პრობლემად მიმაჩნია“-ამბობს გიორხელიძე.
ექსპერტი სოსო ცინცაძე პირველ ხარვეზად ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატის ცვლილებას ასახელებს.
„მოხდა პირველი გადათამაშება, ჯანდაცვიც მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, რაც უკვე პირველი ხარვეზია. გამყრელიძის საკითხი ვფიქრობ უკავშირდება მის განცხადებებს, რომელიც მან პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით გააკეთა, რომ პენსიები ეტაპობრივად გაიზრდება. ეს ეტაპობრივად გაზრდა უკვე დისკომფორტს იწვევს და გულგატეხილობის სინდრომი გაჩნდა.
რაც შეეხება განათლების სამინისტროს. აქ მოვიდა მინისტრად ერუდიტი. ერთი ერუდიტი უკვე იყო მინისტრი, გია ნოდიას ვგულისხმობ. თუმცა არ ვიცი ახლა რა იქნება. როგორი მენეჯერია მარგველაშვილი ვერ გეტყვით. ვნახოთ და დავაკვირდეთ“-აცხადებს ციცნაძე.
მისი თქმით, განათლების ყოფილმა მინისტრმა კახა ლომაიამ სისტემა დაანგრია და მისი აღდგენა ძალიან რთული იქნება.
„ლომაიას მიერ დანგრეულის აღდგენა როგორ მოხდება, წარმოდგენა არა მაქვს, იმდენად საფუძვლიანად დაანგრია ეს სისტემა. ვფიქრობ ეს უნარჩვევების გამოცდები და პოლიცია სკოლაში, უნდა დაივიწყონ. ასევე თუ არ დაიწყება „ჭინკებზე“ ნადირობა და ნეპოტიზმის პრინციპით ჩანაცვლება კარგი იქნება. ბევრი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ თავი შევიკავოთ შეფასებებისგან.
მაგალითად დღეს შემიძლია ვთქვა ირაკლი ალასანია კარგი მინისტრი იქნება, ასევე თეა წულუკიანი არაჩვეულებრივად გაართმევს თავს. თუმცა იმ სფეროზე, რასაც არ ვიცნობ, ვერაფერს ვიტყვი“-აღნიშნავს ცინცაძე.
0