ოსკარ უაილდი ოსკარ უაილდი />


  11:54:11     16-10-2012

ოსკარ უაილდი

a22144.jpg

1854 წლის 16 ოქტომბერს დაიბადა ირლანდიური წარმოშობის ცნობილი ინგლისურენოვანი პოეტი, მწერალი, ესეისტი, დრამატურგი ოსკარ უაილდი (Oscar Fingal O’Flahertie Wills Wilde). 

მომავალი პოეტი დაიბადა დუბლინში, სერ უილიამ რობერტ და ჯეინ ფრანჩესკა უაილდების ოჯახში. დედა, ლედი ჯეინ ფრანჩესკა უაილდი (ქალიშვილობის გვარი ელჯი) ეროვნულად განწყობილი ადამიანი გახლდათ, წერდა ლექსებს ფსევდონიმით სპერანცა, რაც იტალიურად იმედს ნიშნავს, უყვარდა თეატრი. კარგად იცნობდა კლასიკურ ლიტერატურას. სახლში ლიტერატურულ შეხვედრებსაც მართავდა. მამა ექიმი იყო, თვალისა და ყურის სპეციალისტი. ასევე გატაცებული იყო ირლანდიური ფოლკლორით და არქეოლოგიით. მას მთელს იმპერიაში იცნობდნენ. 1864 წელს რაინდის წოდება მიიღო. მან დაარსა მედ-პუნქტი დუბლინელი ღატაკებისათვის, სადაც უფასოდ მკურნალობდნენ. მომავალ პოეტს ჰყავდა უფროსი ძმა უილიამი. სერ უილიამს ქორწინების გარეშე შობილი შვილებიც ჰყავდა, რომელთაც ყურადღებას აქცევდა. 

1855 წელს ოჯახში გოგონაც შეეძინათ. ბავშვებს ფრანგი და გერმანელი აღმზრდელები ჰყავდათ, რომელთაგან ფრანგული და გერმანული ენებიც ისწავლეს. მომავალი მწერალი სწავლობდა  დაბა ენისქილენში, პორტორის სამეფო სკოლაში. სამეფო სკოლაში პრემიით დააჯილდოვეს ახალი აღთქმის ბერძნული ორიგინალის ცოდნისათვის. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და საშუალება მიეცა მიეღო სტიპენდია დუბლინის თრინითი-კოლეჯში (წმინდა სამების კოლეჯი) სწავლის გასაგრძელებლად (1871-1874 წწ.). კოლეჯში ასწავლიდნენ ანტიკურ კულტურას. მან ძველი ენების შესწავლისადმი ინტერესით გამოჩინა თავი. 

შემდეგ ოქსპორდის სტიპენდიაც მოიპოვა და სწავლა განაგრძო. ოქსფორდში სწავლის პერიოდში მოინახულა იტალია და საბერძნეთი, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ოქსფორდშივე მიანიჭეს პრესტიჟული პრემია პოემისათვის „რავენა“ (1878 წელი). 

იმავე წელს დაასრულა უნივერსიტეტში სწავლა და გადავიდა ლონდონში საცხოვრებლად. 

1881 წელს გამოვიდა უაილდის ლექსების პირველი კრებული. მალე ძალიან პოპულარული გახდა უნიჭიერესი შემოქმედი. მისი ნაწარმოებებით აღტაცებულნი იყვნენ. ძალიან მოსწონდათ მისი გონებამახვილობა. 

იმოგზაურა ამერიკაში, მერე საფრანგეთში და გაეცნო დიდი შემოქმედებს. 29 წლის ასაკში დაქორწინდა კონსტანს ლოიდზე. შეეძინათ ორი ვაჟი, რომელთათვისაც ზღაპრებს წერდა. მუშაობდა ბევრს, გამოსცემდა წიგნებს. 1890 წელს გამოვიდა მისი ერთადერთი და ძალიან გახმაურებული რომანი „დორიან გრეის პორტრეტი“, რომელმაც მკითხველები აღტაცებაში მოიყვანა. ამას მოჰყვა მისი თეორიული წერილების წიგნი „ჩანაფიქრები“, პიესები, რომლებსაც ასევე აღტაცებით იღებდა საზოგადოება. მათ შორის „სალომეა“ ფრანგულად... 

შემდეგ „ბრწყინვალე ოსკარი“, როგორც მას უწოდებდნენ, ამხილეს ჰომოსექსუალურ კავშირში ალფრედ დუგლასთან. მართალია პოეტი უარყოფდა ამას და სასამართლო პროცესი მისი მახვილგონივრული გამოსვლების ასპარეზად იქცა, რომელიც ძალიან ართობდა პუბლიკას, მაგრამ 1895 წელს ორი წლით მაინც მიუსაჯეს ციხე „სოდომური ცოდვისთვის“.  

იჯდა რედინგის ციხეში... 

ციხიდან გამოსვლის შემდეგ 1897 წელს, მეგობრების დახმარების იმედით საფრანგეთში გაემგზავრა და დაირქვა სებასტიან მალმოტი, თავისი დიდი პაპის ბიძაშვილის, ჩარლზ მეთიურინის რომანის გმირის მიხედვით. საფრანგეთში დაწერა პოემა „რედინგის ციხის ბალადა“. ამ ნაწარმოებს მიაწერა თავისი ახალი ფსევდონიმი - С. 3. 3., მისი ციხისდროინდელი ნომერი (განყოფილება С, საკანი # 3. 3.). 

ოსკარ უაილდი გარდაიცვალა 1900 წლის 30 ნოემბერს, მინინგიტით, საფრანგეთში,  სასტუმროში.

0

ავტორი: