11:52:04     16-10-2012
პოლიკარპე კაკაბაძის გარდაცვალების დღისადმი
1972 წლის 15 ოქტომბერს გარდაიცვალა შესანიშნავი ქართველი დრამატურგი პოლიკარპე კაკაბაძე.
მომავალი დრამატურგი სამყაროს მოევლინა მალხაზ კაკაბაძის ოჯახში, სოფელ კუხში (ახლანდელი ხონის რაიონი) 1895 წლის 23 თებერვალს (ახალი სტილით 7 მარტს).
პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება, განსაკუთრებით მისი გენიალური პიესა "ყვარყვარე თუთაბერი" დღეს ძალიან აქტუალურია. პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით დაღლილ საზოგადოებას, დღევანდელობას თუ უახლოეს წარსულს ახსენებს აღნიშნული პიესა და რაც მთავარია, ჯერ კიდევ გაურკვეველ მომავალზე გვაფიქრებს.
"ყვარყვარე თუთაბერი" რომ საფრანგეთში ან გერმანიაში დაწერილიყო, ის რამდენიმე წელიწადში ითარგმნებოდა მრავალ ენაზე და ევროპის ყველა სერიოზულ სცენაზე დაიდგმებოდა. ევროპელები კარგად აფასებენ როგორც დრამატურგიას, ისე განსაკუთრებულად აქტუალურ, ფსიქოლოგიურ თუ ისტორიაში განმეორებად თემებზე შექმნილ ნაწარმოებებს.
ევროპელ ერებს ახასიათებთ თავისი შესანიშნავი შემოქმედების დაფასება. გარდა ამისა, ევროპელ ერებს მეტი საშუალებებიც აქვთ თავისი შვილების დასაფასებლად. ეადვილებათ კიდეც ერთმანეთის ენებიდან თარგმნა თუ ერთმანეთთან კომუნიკაცია.
სამწუხაროდ, ქართველი შემოქმედები, ქართველი ხელოვნები მოკლებული არიან მრავალრიცხოვან აუდიტორიას და მეზობელი თუ მსოფლიო ერებისგან დაფასებასაც. მეტიც, საკუთარი საზოგადოებისგანაც ხშირად მხოლოდ სიკვდილის მერე ეღირსებათ ხოლმე დაფასება.
უნდა ითქვას, რომ პოლიკარპე კაკაბაძე, მიუხედავად მისდამი სიცოცხლეშივე გამოჩენილი ყურადღებისა, მაინც ვერ არის ჯეროვნად დაფასებული...
პოლიკარპე კაკაბაძემ 1911 წელს დაამთავრა ვაჟთა გიმნაზია ქალაქ ბათუმში. ახალგაზრდობიდანვე იყო გატაცებული ლიტერატურით.
1915 წელს ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება", დაიბეჭდა მისი პირველი ნოველა "ბრძენი მოქანდაკე".
1917 წელს შექმნა მისთვის და ქართული დრამატურგიისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწარმოები "გზაჯვარედინზე". 1918 წელს ეს პიესა დაიდგა ბაქოს სცენაზე რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას მიერ. სპექტაკლს საკმაოდ წარმატება ხვდა წილად.
1919 წელს პოლიკარპე კაკაბაძის მიერ დაარსებულ ჟურნალში "შვიდი მნათობი" გამოქვეყნდა მისი პიესები "სისხლი სინათლემდე" და "სამი ასული".
პირველივე პიესებიდან გამოჩნდა, რომ პოლიკარპე კაკაბაძე კარგად ერკვევა ფსიქოლოგიაში, შესანიშნავად აგებს დიალოგებს და სულ რამდენიმე ფრაზით, რამდენიმე წინადადებით შეუძლია დახატოს ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი.
1925 წელს რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე დაიდგა პოლიკარპე კაკაბაძის დრამა "ლისაბონის ტუსაღები". იგივე პიესა დაიდგა 1964 წელს მარჯანიშვილის თეატრში, სათაურით "პორტოპოლოს ტუსაღები".
განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა კაკაბაძის კომედია "ყვარყვარე თუთაბერი", რომელიც 1928 წელს დაიწერა. პირველად დაიდგა 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ. "ყვარყვარე თუთაბერი" ქართული კომედიოგრაფიის საუკეთესო ნიმუშად ითვლება. ამ პიესამ პოპულარობა მოუტანა ავტორს. სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო:
"ყვარყვარე - ხალხი თავის მტერია, თუ არ მოწყესე, უჭკუო საქონელივით ხრამში გადავარდება… თუ შნო გაქვს, ჯოხს თვითონ მოგცემს, ოღონდაც ძალიან ჭკვიანად უნდა დაარტყა. (შემოდის პირველი რაზმელი).
1-ლი რაზმელი - იმდენი ხალხი ერთ სარდაფში არ ეტევა!
ყვარყვარე - კარი ხომ მიუხურე!..
1-ლი რაზმელი - როგორ არა!
ყვარყვარე - მაშ, კარი თუ მიუხურე, დაეტევა აწი, აპა რას იზამს?!
1-ლი რაზმელი - სასუნთქავ ფანჯარას მაინც გავუღებ, თორემ სულს ვერ ითქვამენ.
ყვარყვარე - მერე იქიდან რომ გადმოცოცდნენ? არა მიხურე.
1-ლი რაზმელი - ვინც სუსტი გულისაა, იმ სარდაფში მოკვდება.
ყვარყვარე - სუსტი გულის პატრონი პროლეტარიატს რად უნდა? მეტ ტვირთად დააწვება. ახლა ეს მითხარი: გინდა, პროლეტარიატი რომ შეწუხდეს?"
1938 წელს მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა უკვე საყოველთაოდ ცნობილი პოლიკარპე კაკაბაძის კომედია "კოლმეურნის ქორწინება". პიესამ ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა.
კრიტიკოსების აზრით, ეს პიესა ქართული დრამატურგიის კიდევ ერთი გამარჯვება იყო.
პოლიკარპე კაკაბაძე ნაყოფიერად მუშობდა და შექმნა ახალი პიესები: "შეხვედრა მშენებლობაზე", "ბედნიერი სამჭედლო", "ციცინათელა" პაექრობა". შემდეგ, ამ პიესების გადამუშავების საფუძველზე 1964 წელს პოლიკარპე კაკაბაძემ ახალი პიესა "ცხოვრების ჯარა" შექმნა.
პოლიკარპე კაკაბაძე გატაცებული იყო ქართული ფოლკლორით. ქართული ფოლკლორული სახეების საფუძველზე მან შექმნა პიესა "კახაბერის ხმალი". ეს პიესა პირველად დაიდგა 1957 წელს ქუთაისში, ხოლო 1965 წელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.
სიცოცხლის ბოლო წლებში პოლიკარპე კაკაბაძე მუშაობდა ისტორიული დრამისა და ტრაგედიის ჟანრში. მან გამოაქვეყნა დრამატული პოემები "მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი", "მეფე ბაგრატ მეშვიდე", ტრაგედია "მეფე დიმიტრი თვდადებული".
პოლიკარპე კაკაბაძემ სიცოცხლეშივე მოიპოვა კრიტიკოსების, თეატრის მოყვარულთა აღიარება და ხალხის სიყვარული.
როგორც ვტქვით, პოლიკარპე კაკაბაძე გარდაიცვალა 1972 წლის 15 ოქტომბერს.
გარდაცვალების მერეც მის ნაწარმოებებს არა ერთმა რეჟისორმა მიმართა. 1974 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე რობერტ სტურუამ დადგა ახლებურად გააზრებული "ყვარყუვარე თუთაბერი", რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
საზოგადოებამაც ახლებურად შეხედა უკვდავ პიესას, რომელსაც ჩემი აზრით, პოლიტიკური პიესაც შეიძლება უწოდოთ.
1978 წელს გადაღებულ იქნა მხატვრული ფილმი "ყვარყვარე თუთაბერი", სადაც შესანიშნავმა მსახიობმა დოდო აბაშიძემ ბრწყინვალე სახე შექმნა ავანტურისტისა, რომელიც პოლიტიკაში მოხვდა.
პოლიკარპე კაკაბაძე დღესაც აქტუალურია:
"ყვარყვარე - ოო, რა სიცოცხლეს ვკარგავდი! (თავისთვის), გული არ გაიტეხო, ყვარყვარე, დაიღუპა ის, ვინც სირცხვილით სოროში ჩაძვრა, მე კიდევ ავცოცდეები!"
ხომ გეცნოთ ჩვენი ძველი პოლიტიკოსები? ახლა რამდენი მოცოცავს?
0