16:30:32     15-10-2012
„ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ეყოლება

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები, პირველი სხდომის ჩატარებისთვის ემზადებიან, რომელიც მომავალ კვირას, ქუთაისის პარლამენტის ახალ შენობაში გაიმართება. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო 150 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, სადაც ოპოზიციაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ 65 დეპუტატი ეყოლება, ხოლო ხელისუფლებაში მყოფ „ოცნებას“ 85. კერძოდ, კოალიციამ პროპორციული სიით 44 ადგილი მიიღო, ხოლო მაჟორიტარული წესით 41. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი, პროპორციული ნორმით 33 კვოტა მიიღო, მაჟორიტარული წესით კი - 32.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ ძალთა ქვოტები ცეესკო-მ სპეციალური ფორმულით დათვალა. კერძოდ, ზურაბ ხარატიშვილის უწყებამ პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 77-ზე გადამრავლდა და ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაყო, რისი მეშვეობითაც ხმები 85/65-ზე გადანაწილდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მერვე მოწვევის პარლამენტის პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, შეფასებებს უკვე როგორც „ოცნების“ წარმომადგენლები, ასევე „ნაციონალების“ ლიდერები აკეთებენ.
პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში შესაძლოა, ამჟამინდელი ოპოზიციისთვის ბევრი მტკივნეული გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სერიოზული ნაბიჯების გადადგმას აპირებს - დემოკრატიული განვითარების, ავტორიტარიზმის, უსამართლობისა და მედიის კონტროლის დასრულების თვალსაზრისით.
„ამ მიმართულებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან სერიოზული მუშაობა მოგვიწვეს. ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, სავარაუდოდ, ბევრი მტკივნეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რადგან მათ დემოკრატია სხვანაირად ესმით, ჩვენ კი ვაპირებთ, ჭეშმარიტად მრავალპარტიული პარლამენტის და დემოკრატიულობის მაგალითი ვაჩვენოთ“ - აცხადებს მომავალი სპიკერი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთ ლიდერი, აკაკი მინაშვილი კი, იმედს გამოთქვამს, რომ „ქართული ოცნება“ თავის საქმიანობას პასუხისმგებლობით მოეკიდება.
ყოფილი კანონმდებელის შეფასებით, ახალმა ხელისუფლებამ, სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დაწყებული რეფორმები გააგრძელოს. „დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაცია თეორიაში ხდება მაშინ, როცა ხელისუფლება ორჯერ იცვლება, ასე რომ დაველოდოთ მოვლენებს“ - დასძინა მან.
რაც შეეხება პარლამენტის პირველ სხდომას, რეგლამენტის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის, სადაც მერვე მოწვევის დეპუტატები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დადებენ, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება. პირველ სიმბოლურ სხდომას კი, უხუცესი პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.
პირველი სხდომის პროცედურულ საკითხებს, რეგლამენტის 120–ე მუხლი ადგენს, სადაც აღნიშნულია, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში, უნდა გაიმართოს. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს კი, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.
პირველ სხდომაზე, საკითხების განხილავა შემდეგი თანამიმდევრობით მოხდება: აირჩევა – პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, შეიქმნება კომიტეტები და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მათი თავმჯდომარეები აირჩევა, ასევე რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
პირველ სხდომაზე კენჭისყრა ელექტრონული სისტემით იმართება. საჭიროების შემთხვევაში, კენჭისყრა შეიძლება ბიულეტენებით გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართა, სადაც 2 150 197 ადამიანმა მონაწილეობა მიიღო. ამომრჩეველთა 54.97 პროცენტმა მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა, ხოლო 40.34 პროცენტმა „ნაციონალურ მოძრაობას“. გუშინ კი, მაჟორიტარული სისტემით განმეორებითი კენჭისყრა სამი ოლქის 11 უბანზე ჩატარდა, სადაც გამარჯვება კოალიციის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.
0