18:19:34     26-12-2010
მექსიკური ქათმის სალათი
თანამედროვე მექსიკური სამზარეულოს საგვარტომო ოცდაათ საუკენეზე მეტს ითვლის და ინახავს არაერთ უგემრიელეს საიდუმლოს. სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად მექსიკელების სუფრაზე გამოჩნდა გოგრა, წიწაკა, კარტოფილი, სიმინდი და პომიდორი. მექსიკური კერძების საიდუმლო იმ ხანებს უკავშირდება, როცა ერთ პატარა სოფელში აბსოლუტურად მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება და იმას მიირთმევდნენ, რაც მათთვის ადვილად მოსაპოვებელი იყო. ეს კერძები ახლა მექსიკური სამზარეულოს საფირმო კერძებია. მართალია, მექსიკური სამზარეულო ეგზოტიკური კერძებითაც არის დახუნძლული მაგ.: მაჩვი მარინადით, ციყვი მაიორანას სურნელოვანი ბალახით, ჩხრიალა გველი სიმინდის კვერებში გამომცხვარი, იგუანა სიმინდის ფაფით შეკმაზული კაქტუსის ყვავილით, მაგრამ არამგონია რომელიმე ქართველმა მოინდომოს მისი მომზადება ან დაგემოვნება! ამჯერად მექსიკური სამზარეულოდან ქათმის სალათის რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო ინგრედიენტები:
40 გრამი – ნიახური;
70 გრამი – წიწილის ხორცი;
20 გრამი – ბულგარული წიწაკა, სასურველია მწვანე შეფერილობის;
1 ცალი – კვერცხი;
20 გრამი – ხახვი;
40 გრამი – მწვანე სალათა;
5 გრამი – ძმარი;
10 გრამი – ზეითუნის ზეთი;
მარილი – გემოვნების მიხედვით.
მომზადების წესი: სახეხზე გავხეხოთ ნიახური, დავჭრათ ნაჭრებად მოხარშული წიწილის ხორცი. თხელ რგოლებად დავჭრათ ბულგარული წიწაკა და ხახვი. შევურიოთ ერთმანეთს ნიახური, ხორცი, ხახვი, წიწაკა, დაჭრილი მოხარშული კვერცხი, ღერებად დაჭრილი სალათა და კარგად ამოვურიოთ. მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ძმარი და ზეითუნის ზეთი და სალათაც მზადაა.