18:11:36     26-12-2010
„სურათი ნაგავია!.. სერგო კი... სერგო უბრალოდ მოატყუეს“
“ART-ხელოვნება“ პირველად საქართველოში 1999 წლის 2 ოქტომბერს თემურ ჩხეიძემ კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დადგა. იგი დღემდე წარმატებით იდგმება ქართულ სცენაზე. 11 წელია „ART”-ი სრულიად ავსებს დარბაზს, 11 წელი ანშლაგი და არც ერთი ჩავარდნა, რაც ნამდვილად იშვიათობაა ქართველი მაყურებლისთვის.
პიესა ერთმოქმედებიანია, ჟანრი -კომედია, ქართული ტექსტის ავტორი თამაზ გოდერძიშვილია, მხატვარი - იური გეგეშიძე, მსახიობები - ზურა ყიფშიძე, მიშა გომიაშვილი და ალეკო მახარობლიშვილი, რომლებსაც ამ სპექტაკლისთვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „ოქროს ნიღაბი“ გრან-პრი მიენიჭათ.
„არტ-ხელოვნება“ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გენიალურია! საქართველოში იშვიათად თუ ვიქნებით ასეთი პროფესიონალიზმის მომსწრე. „ART”-ში ერთადაა თავმოყრილი ყველაფერი ის, რაც ასე აუცილებელია ნამდვილად კარგი სპექტაკლის დასადგმელად- თანაბრად მაღალპროფესიონალურ დონეზეა წარმოდგენილი ლიტერატურული ტექსტი, რეჟისურა, სცენოგრაფია და სამსახიობო ხელოვნება.
დეკორაცია მინუმუმადე არის დაყვანილი, არც ერთი ზედმეტი დეტალი.... „ART”-ს არ სჭირდება განსაკუთრებული კოსტუმები, საგნები... მთელი ყურადღება დიალოგებზე გადადის... დიალოგები კი... დიალოგები ისეთი ცოცხალია, ნაცნობი, ახლობელი, იუმორით სავსე... დარბაზი მთლიანად არის ჩართული სამი მეგობრის ცხოვრებაში... დარბაზი თითქოს სცენაზეა... იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსახიობები ზუსტად ამ როლებისთვის... ზუსტად ამ ხასიათების შესაქმნელად არიან გაჩენილები. არ არსებობს საზოგადოების ფენა, რომლისთვისაც გაუგებარი დარჩება რამე... „ART”-ი ნებისმიერ ადამიანზე, თეატრის მოყვარულსა თუ იქ შემთხვევით მოხვედრილზეა გათვლილი...
სიუჟეტი ერთი შეხედვით მარტივი , კომედიური ჟანრისაა და მოგვითხრობს სამ სრულიად განსხვავებულ მეგობარზე, რომელთაც ერთმანეთთან თითქოს მხოლოდ წლებიღა აკავშირებთ. სერგო (მიშა გომიაშვილი) შეიძენს თანამედროვე მხატვრობის ერთ-ერთი პოპულარული წარმომადგენლის ანტრიაძის ნახატს, რომელშიც 6 000 ლარს გადაიხდის... სურათზე არც მეტი, არც ნაკლები არაფერი (!) არ არის გამოსახული.. ის თეთრია... დიახ, სრულიად თეთრი!.. სერგო ამ ახალი ეპოქის „შედევრით“ აღფრთოვანებულია და სრულიად წარმოუდგენლად მიაჩნია განსხვავებული აზრის არსებობა...
მის პათოსს არ იზიარებს, მეტიც სრულიად არ ეთანხმება მამია (ზურა ყიფშიძე), ის ხმამაღლა აცხადებს-სურათი ნაგავია!.. სერგო კი... სერგო უბრალოდ მოატყუეს, ან უარესი შეიძლება მამიას ბავშვობის მეგობარი - სნობია. „სურათი თეთრია, აბსოლუტურად თეთრი, თვალს თუ მოჭუტავ, რამდენიმე ზოლს დაინახავ, რომლებიც ასევე თეთრია“ უყვება აღშფოთებული ზურას გმირი მესამე მეგობარს- ივანეს (ალეკო მახარობლიშვილი).
ივანე მამიასა და სერგოსგან განსხვავებით არაკონფლიქტური, დამთმობი ხასიათისაა... ცდილობს ოქროს შუალედი დაიჭიროს, არც ხაზგასმით უარყოფითს ამბობს ანტრიაძის „შემოქმედებაზე“, არც აღფრთოვანებას გამოხატავს... კამათისას მეგობრები ეხებიან სხვადასხვა პრობლემებს, იხსენებენ გულში ჩადებულ ძველ წყენებს... ნელ-ნელა იკვეთება განხეთქილების რეალური მიზეზიც...
თემურ ჩხეიძემ თეთრი სურათი სპექტაკლის მეოთხე მოქმედ პირად აქცია, რომელიც მუდამ იცვლის ადგილსა და დანიშნულებას. სპექტაკლის შუაში კი გამოჩნდება პატარა შავი წიგნი- სენეკას ტრაქტატი „ბედნიერ ცხოვრებაზე“- კონტრასტების თამაში: ჭეშმარიტება ხომ ყოველთვის შავით თეთრზე სჩანს და იწერება.
მანანა პაიჭაძე თავის რეცენზიაში „ART”-დიდი ხელოვნება“ წერს: „ პიესის ჟანრი განმარტებულია, როგორც კომედია. და თუ კი შეიძლება არსებობდეს ცრემლნარევი, ღრმა, ფილოსოფიური კომედია, მაშინ „ART”-ი სწორედ ასეთ კომედიას წარმოადგენს.“
ფრანგმა დრამატურგმა, იასმინ რეზამ „ART”-ი 1994 წელს დაწერა, მას უდიდესი წარმატება ხვდა წილად და ამავე წელს პარიზში „კომედი დე შანზ ელიზეს“ თეატრში დაიდგა. იგი დღესაც დიდი წარმატებით იდგმება- აშშ-ში, ინგლისში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ესპანეთსა და ა.შ
პიესას მიენიჭა მრავალი პრემია, მათ შორის ლორენს ოლივიეს სახელობის . იგი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული. დრამატურგის მეგობარმა მართლაც შეიძინა სრულიად თეთრი ნახატი და ზუსტად მიშა გომიაშვილის გმირის აღფრთოვანებით უჩვენა იასმინ რეზას, რომელმაც სიცილი ატეხა თანამედროვე მხატვრობის და საერთოდ ყოველგვარი თანამედროვეობის მოყვარული მეგობრის შენაძენზე. სახლში მისულმა კი შექმნა შედევრი.. შედევრი, რომელიც დღესაც ასე აცინებს მსოფლიოს.
0